სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილი „როიტერს“: პრიორიტეტი რუსეთთან დიალოგის განახლებაა

„როიტერმა“ დღეს გამოაქვეყნა ინტერვიუ, რომელიც ჟურნალისტმა მაკა ანთიძემ თბილისში ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერა („სააკაშვილის მეტოქეს რუსეთთან დიალოგი სურს“). „დრონი.ჯი“ ამ ინტერვიუს დეტალებს გთავაზობთ:

„მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც კაპიტალი რუსეთში დააგროვა და რომელიც პრეზიდენტის პარტიასთან პაექრობას აპირებს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, პრიორიტეტებს შორის მოსკოვთან დიალოგის განახლება დაასახელა.

რუსეთი, ახლა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ცდილობს, მაგრამ მიუხედავად მოკავშირეთა და დასავლეთის ქვეყნების თხოვნისა, საქართველო ამაზე მტკიცე უარს ამბობს. კრემლმა არაერთხელ ღიად მოუწოდა პროდასავლური სააკაშვილის შეცვლისკენ, კრემლის ლიდერები კი მოსკოვში დემონსტრაციულად იღებდნენ ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს.

„ჩვენ მივაღწევთ რუსეთთან ინტერესების თანხვედრას, თუკი სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ“, - უთხრა ივანიშვილმა „როიტერს“. 55 წლის მილიარდერმა, რომელიც აქამდე საჯაროდ გამოჩენას თავს არიდებდა, სააგენტოს ინტერვიუ ქართულად მისცა. ჟურნალისტი მას თბილისში საკუთარ ბიზნეს-ცენტრში ესაუბრა, რომელიც ცნობილმა იაპონელმა არქიტექტორმა შინომ ტაკამაცუმ ააგო და რომელიც დაახლოებით 50 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.

ივანიშვილმა, ვინც 185-ეა ჟურნალ Forbes-ის პლანეტის უმდიდრეს ადამიანებს შორის (რუსეთში - 25-ე) და რომლის კაპიტალი 5,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, გასულ კვირას პირველად განაცხადა პოლიტიკური ამბიციების შესახებ და სააკაშვილს გადადგომისაკენ მოუწოდა.

იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ივანიშვილს, რომელიც ასევე იყო რუსეთის მოქალაქე, ავტომატურად შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა იმის გამო, რომ 2010 წლის მარტში საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მოქალაქეობის არმქონე ივანიშვილს ეკრძალება პარტიის შექმნა, ნებისმიერი პარტიის დაფინანსება და არჩევნებში მონაწილეობა.

„ისინი ეცადნენ, გამოვეთიშეთ პოლიტიკური პროცესებისგან, მაგრამ მე შეჩერებას არ ვაპირებ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

„თუ ისინი ეცდებიან, მე ამიკრძალონ არჩევნებში მონაწილეობა, ეს არჩევნები ლეგიტიმურად არ ჩაითვლება“.

საქართველოს მოქალაქეობა ივანიშვილმა 2004 წელს, რეზიდენტის განკარგულების საფუძველზე მიიღო, როცა რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნდა საცხოვრებლად.

მომდევნო საპარლამენტო არჩევნები მომავალ შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს, მაგრამ ოპოზიციამ უკვე დაადანაშაულა ხელისუფლება, თითქოს ის ივანიშვილის შეჩერების მიზნით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას აპირებს. ივანიშვილი პრეზიდენტის ოპონენტებთან დიალოგში ჩაერთო.

„ჯერ ნაადრევია საუბარი, საარჩევნო ბლოკს შევქმნით თუ ეს მხოლოდ ერთი პარტია იქნება... ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაცია ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან“, - თქვა ივანიშვილმა.

სააკაშვილის ოპონენტთა უმრავლესობა მან მონათლა, როგორც „ფსევდოოპოზივია“, მაგრამ პირობა დადო, რომ სახელისუფლო პარტიას არჩევნებში პირწმინდად დაამარცხებს:

„მე შემიძლია, მინიმუმ 90% დარწმუნებით გითხრათ, რომ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობით შევალთ“.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში წასვლა ერთკვირიანი ყოყმანისა და უძილო ღამეების შემდეგ გადაწყვიტა.

„ბოლო წუთამდე ვყოყმანობდი... მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ჩემი პოზიციები დღითიდღე გამყარდება, ხოლო მათი (ხელისუფლების) პოზიციები შესუსტდება“, - განაცხადა ოლიგარქმა და დაადასტურა განზრახვა, გაყიდოს რუსეთში დარჩენილი აქტივები, რათა თანხა საქართველოს ეკონომიკაში ჩადოს.

„ჩემი ქონების აღწერისა და შეფასების პროცესი (რუსეთში) უკვე დაწყებულია... მე მესმის, რომ მათ მაქსიმალურ ფასად ვერ გავყიდი, მაგრამ მზად ვარ ყველაფრის რეალიზებისთვის...“, - თქვა ივანიშვილმა. მისი თბილისის ოფისის ერთ-ერთი დარბაზის კედელს დემიენ ჰერსტისა და როი ლიხტენშტაინის ნახატები ამშვენებს, ეზოში კი ზაჰა ჰადიდის, ანიშა კაპურისა და ჰენრი მურის ნახელავი სკულპტურები დგას.

ივანიშვილმა ჩამოთვალა ის პრობლემები, რომელთა გადაჭრას აპირებს პარლამენტის სპიკერის ან პრემიერ-მინისტრის რანგში: კონსტიტუციური რეფორმა სზოგადოებრივი დისკუსიის შედეგად, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის ფორმას განსაზღვრავს, სასამართლო რეფორმა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შესაქმნელად, ხელისუფლების ზედა რგოლებში კორუფციის აღმოფხვრა და სხვა ზომები, რომლებიც საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად იქნება მიმართული.

„მე იმედი მაქვს, რომ ევროპას გავაოცებ იმ დემოკრატიის დონით, რომელსაც საქართველოში შევქმნი... ეს ისეთი ჭეშმარიტი დემოკრატია იქნება, რომ ევროპელებსაც კი მოუნდებათ საქართველოში ინვესტიციების ჩადება“, - თქვა ივანიშვილმა.

„მე ვიცი, რომ მას (სააკაშვილს) ხელისუფლებაში დარჩენა სურს... ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ“, - ამბობს ივანიშვილი. ის იმედოვნებს, რომ კომპრომისს იპოვის და საქართველოსთვის ისეთ როლს მოძებნის, რომელიც „აშშ-სთვის და ევროპისთვის მოხერხებული და რუსეთისთვის მისაღები“ იქნება. ივანიშვილმა რუსეთის მოქმედებას "გაუგონარი აგრესია" უწოდა, მაგრამ სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა თბილისს დააკისრა, "გავლენიან ჩრდილოელ მეზობელთან მოუფიქრებელი და არადიპლომატიური" ქმედების გამო.

ივანიშვილმა აღნიშნა, რომ უახლოეს წლებში მსოფლიოს ისევ პუტინთან მოუწევს საქმის დაჭერა და მას დაუკავშირა რუსეთში კორუფციასთან ბრძოლისთვის დაწყებული რეფორმების გაგრძელების მოლოდინი.

„რუსეთის საზოგადოებას, რუს ხალხს მოსწონს ეს ადამიანი. ეს მათი საქმეა, მათი არჩევანია, თუმცა, უფრო დემოკრატიული რუსეთი უფრო საინტერესო იქნებოდა ევროპისა და აშშ-სთვის“, - თქვა ივანიშვილმა."

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100