სპეცოპერაციის დროს დაზიანებულ ბინებს გამგეობა შეარემონტებს
ბერი სალოსის ქუჩაზე მცხოვრებლები აცხადებენ, რომ გუშინ საღამოს 9 საათის შემდეგ ყველა მოსახლესთან სახლში სამართალდამცველები იმყოფებოდნენ, რომლებიც მათ, მათივე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რეკომენდაციებსა და მითითებებს აძლევდნენ.
ერთ-ერთის სახლში დღის 4 საათისთვის ფანჯარაში ტყვია შევარდა, რის შემდეგაც უკვე სახლის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გუშინ გვიან ღამით დაწყებული სპეცოპერაცია, 20 საათის შემდეგ, დღეს დასრულდა.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. მათგან ერთი დაკავებულია, სამი კი - ლიკვიდირებული.
სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.
სპეცოპერაციის შედეგები შეაფასა საქართველოს პრემიერმინისტრმა. მისი განცხადებით საფრთხე განეიტრალებულია და ქალაქში გადაადგილება უსაფრთხოა.
ბერი სალოსის ქუჩაზე, იმ საცხოვრებელ კორპუსთან, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და საკრებულოში ისნის რაიონის მაჟორიტარი ნინო ლაცაბიძე იმყოფებოდნენ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაზიანებული კორპუსი დაათვალიერეს.
მათი განცხადებით, გარეგანი დათვალიერების შედეგად, დაახლოებით 8 საცხოვრებელ ბინას სრული რეაბილიტაცია სჭირდება. ასევე არიან სხვა დაზარალებულებიც, რომელთა საცხოვრებელი ფართითა და მატერიალური დახმარებით უზრუვნელსაყოფადაც გამგეობა ყველაფერს გააკეთებს.
როგორც ისინი ამბობენ, დაელოდებიან ექსპერტ-კრიმინალისტების მუშაობის დასრულებას და ამის შემდეგ, სავარაუდოდ მომდევნო დღეებში მაქსიმალურად სწრაფად დაეხმარებიან ადგილობრივებს.
ექსპერტ-კრიმინალისტები კი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ისევ მუშაობენ. ადგილზე რჩება კობრას ტიპის ერთი ჯავშან-ტრანსპორტიორი, სპეცრაზმი და სახანძრო-სამაშველო დახმარების ერთი ბრიგადა. ქუჩაზე ახლა ევაკუატორებიც არიან მობილიზებული, რომლებითაც სავარაუდოდ დაზიანებულ ავტომობილებს გადაიტანენ.
პერიმეტრი ისევ შემოსაზღვრულია და გამკაცრებულია ტერიტორიაზე გადაადგილება. აქ შესვლის უფლება მხოლოდ სამართალდამცველებს აქვთ. რაც შეეხება მოსახლეობას, ისინი ამ კორპუსში არ იმყოფებიან. მიმდებარე საცხოვრებელ სახლებში კი ნელ-ნელა ბრუნდებიან.
კომენტარი