სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იცოდით, რომ თბილისში დიდუბისა და მთაწმინდის გარდა კიდევ ორი პანთეონი არსებობს?

გორხანააზერბაიჯანული პანთეონი

ეს ქამარი გამიყიდეთ
და განაყიდ გროშებითა
წამასვენეთ გორხანაზედ
ჩემი ამქრის დროშებითა

იოსებ გრიშაშვილიგარეუბნელი ბიჭის სიმღერებიდან

ალბათ ბევრმა არ იცის ერთი საინტერესო ფაქტის შესახებ – დიდუბისა და მთაწმინდის გარდა თბილისში კიდევ ორი პანთეონი არსებობს: ერთი სომეხ, ხოლო მეორე აზერბაიჯანელ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი. აზერბაიჯანელთა ეს ნეკროპოლი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, ულამაზეს ადგილას მდებარეობს. ამ ადგილას საუკუნეების მანძილზე თბილისელ მუსლიმთა სასაფლაო იყო და მას გორხანა ეწოდებოდა. სპარსულიდან სიტყვასიტყვით გორხანა – საფლავის სახლს ნიშნავს. ვახუშტი ბატონიშვილი თბილისის გეგმაზე გორხანას – თათართა სასაფლაოდ მოიხსენიებს. ამ სასაფლაოზე მარხავდნენ ყველა თბილისელ მუსლიმს, ამდენად სასაფლაო საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავდა, თუმცა საბჭოთა პერიოდში საფლავთა უმეტესობა ტრაქტორებით მოასწორეს და გორხანაზე მხოლოდ რამდენიმე გამოჩენილი პირის საფლავი დატოვეს. მაშინვე გაანადგურეს სასაფლაოზე მდგარი მცირე მეჩეთის შენობაც. მოგვიანებით ხელუხლებლად დატოვებულ რამდენიმე საფლავს პანთეონის სტატუსი მიანიჭეს. დღეისათვის ბოტანიკურ ბაღში მდებარე აზერბაიჯანულ პანთეონში განისვენებენ აზერბაიჯანული კულტურის ბუმბერაზები: მირზა ფათალი ახუნდოვი, მირზა შაფი ვაზეხი აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ფათალი ხან ხოისელი და სხვები. ჰეიდარ ალიევის პრეზიდენტობის დროს თბილისის აზერბაიჯანული პანთეონი კეთილმოეწყო, საფლავებზე დაიდგა სკულპტურები. რამდენიმე თბილისელი აზერბაიჯანელი დღესაც უვლის თბილისში დაკრძალული დიდი წინაპრების საფლავებს.

წყარო: ალექსანდრე ელისაშვილიფეხით შემოვლილი თბილისი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100