მაინც რა არის ბედნიერება?
«და შექმნა ღმერთმა კაცი, ხატად თავისა, და შექმნა ისინი მამაკაცად და დედაკაცად.» და მას შემდეგ ეს ორი ბედნიერებას ეძებს, მაგრამ როგორია ან სად არის იგი? ინკვიზიტორისთვის, ალბათ, ის ალქიმიკოსის წამებაა, მხატვრისთვის - ნახატის დასრულება, მასწავლებლისთვის მოსწავლის წარმატება და მებაღისთვის, ალბათ, პირველი კვირტის გაფურჩქვნა. თუმცა მოდის დრო და ალქიმიკოსი ინკვიზიტორზე მეტად ფასდება, მოდის დრო და ნახატსაც სიძველის სუნი ასდის, მოდის ზამთარი და ყვავილიც ჭკნება.
მაინც რა არის ბედნიერება? როდის იწყება მისი ძებნა? იქნებ ბავშვობაშივე, მაშინ როცა ჯერ კიდევ არ ვიცით, რომ უბედურებაც არსებობს ამქვეყნად...
ბავშვობაში ვამბობთ:
ბედნიერები ვიქნებით მაშინ, როდესაც გავიზრდებით და ჩვენი სამსახური, ოჯახი და გვერდში მდგომი საყვარელი ადამიანი გვეყოლება.
-ვიზრდებით და ვამბობთ:
მაშინ ვიქნები ბედნიერი, როდესაც მას ვეყვარები, როდესაც დავქორწინდებით და ერთი ოჯახი გვექნება.
-ვქორწინდებით და ვფიქრობთ:
მაშინ გავხდებით ბედნიერები, როდესაც შვილები გვეყოლება.
გვყავს შვილები და ვამბობთ:
,,ბედნიერები ვიქნებით, როდესაც შვილებისათვის უზრუნველი მომავლის შექმნის შესაძლებლობა მოგვეცემა.
გვექნება უკეთესი სამუშაო, ბევრი ფული, უკეთესი ავტომობილი, უკეთეს სახლში ვიცხოვრებთ, გვექნება დრო და ფული იმისათვის, რომ ჩვენს საოცნებო ადგილას სამოგზაუროდ წავიდეთ... ა.შ და კვლავ ა.შ. . .
თუმცა სიმართლე სულ სხვაა.
არ არსებობს უკეთესი დრო ბედნიერებისათვის, ვიდრე ეს დღე, ეს წუთი და ეს წამია. . .!
ახლა თუ არა, მაშ როდის?
ალფრედ სოუსა ამბობს:
”ეძებეთ ბედნიერება თქვენში და არა სხვაგან . . . და გახსოვდეთ, რომ დრო არავის ელოდება და რაც მეტ დროს ვუთმობთ ბედნიერების ძებნას იქ, სადაც არ არის, მით უფრო ნაკლები დრო გვრჩება ვისიამოვნოთ მისით. ახლავე დაიწყეთ ფიქრი ამაზე და გახსოვდეთ, რომ სწორედ ახლა, ამ წამს
ბედნიერების დროა“ ! ! !
მეცნიერული განმარტებით, ბედნიერება ფსიქიკური მდგომარეობაა, რომელიც იმ დადებითი ემოციებით ხასიათდება, რასაც ინტენსიური სიხარულის განცდა იწვევს. მას არ აქვს ზუსტი დეფინიცია და ყველა ადამიანისათვის სხვადასხვა სხვადასხვა რაიმეს ნიშნავს.
ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, რომ სასწაულების მოხდენას არ უნდა ველოდოთ. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შეიძლება ვიპოვოთ სასიხარულო მომენტები. რაღაც დიდის მოლოდინში არ უნდა გამოგვრჩეს ის ბედნიერება, რომელსაც ყოველდღიურობა გვთავაზობს. ბედნიერება შეიძლება ყველაზე ელემენტარულმა და ძალიან უმნეშვნელო შემთხვევამაც კი მოგვანიჭოს, უბრალოდ, პოზიტიურად უნდა განვეწყოთ და მზად ვიყოთ ამის მისაღებად. სიცოცხლე ხომ ძალიან ხანმოკლეა, იმისთის, რომ სულ ცოტა ბედნიერებაც კი მოვიკლოთ...
და ვიდრე გზათა შორის ბედნიერების უტყუარი გზის ძებნას შევუდგებოდეთ, "მონანიებაში" ვერიკო ანჯაფარიძის გენიალური გმირისა არ იყოს, უნდა ვიკითხოთ: "ეს გზა ღვთისშობლის ტაძრამდე მიგვიყვანს?"
ბედნიერებაც, ალბათ, სადღაც იქით არის!...
კომენტარი