ფრთხილად – 22 იანვარს უკრაინელები ლოცულობენ!
რუსულ საეკლესიო პორტალზე – „მოსკოვი III რომი“ – დაბეჭდილია საინფორმაციო მასალა, სათაურით „ფრთხილად! ყველა უკრაინელს 22 იანვარს იწვევენ საერთო სახალხო ლოცვაზე!“ პორტალი იუწყება, რომ რიგმა ქრისტიანულმა ორგანიზაციებმა მიმართეს ყველა უკრაინელს, რათა 22 იანვარს, 14 საათზე ქალაქებისა და სოფლების მთავარ მოედნებზე აღავლინონ საერთო ლოცვა.
წერილში ნათქვამია:
„ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ეს დღე, საერთო ლოცვის შედეგად გახდება ყოველთა უკრაინელთა სულიერი ერთობის დღესასწაული. ქრისტიანული ორგანიზაციების წარმომადგენლები თხოვენ აქციასთან შეერთებას რელიგიურსა და საერო ორგანიზაციებს. ხოლო იმ ადამიანებს, რომლებიც საპატიო მიზეზით ვერ შეძლებენ მოედნებზე გასვლას, მოუწოდებენ ლოცვისაკენ სახლებში, ქუჩებში, საავადმყოფოებში. „და მაშინ მთელი უკრაინა გახდება ერთი მთლიანი ტაძარი ცისქვეშეთში, რომელსაც დაინახავენ, გაიგონებენ და, რომელსაც შეუერთდება მთელი სამყარო. ჩვენ გვჯერა, რომ მილიონობით ჩვენი თანამოქალაქის ერთობლივ ლოცვას შეისმენს უზენაესი და ჩვენთვის ყველასათვის იქნება ჯილდო „უკრაინის სასწაულებრივი გამთლიანება“, უკეთუ უფლისათვის არაფერია შეუძლებელი.“
წერილი თავდება ლინა კოსტენკოსაგან თანამემამულეთა დამოძღვრით: „ლოცვა უკრაინისათვის“ იქნება ლოცვა უკრაინელი ხალხისათვის, უკრაინასა თუ უკრაინის გარეთ მცხოვრებთათვის, ცოცხალთა და აღსრულებულთათვის, დაუბადებელი თანამემამულეებისთვის, უდანაშაულოდ მოკვდინებულთათვის, წამებულთათვის, მსხვერპლად თავშეწირულთათვის... ყველა მათგანისათვის, ვინც სიკვდილის შემდეგაც „ამაგრებს დაცვის უკანასკნელ ხაზს“ იქ, სადაც ცოცხლები ვერ უძლებენ და ნებდებიან დამპყრობთა ნებას!“
ალბათ ზედმეტი არ იქნება, გავაცნოთ ლინა კოსტენკოს პიროვნება ქართველ მკითხველს – როგორც უკრაინელი ჟურნალისტები ტ. კოხანოვსკაია და მ. ნაზარენკო წერენ თავიანთ „უკრაინულ ვექტორში“: „ეს გახლავთ დღევანდელი უკრაინის ყველასაგან აღიარებული პოეტი ქალი, ერთადერთი მორალური ავტორიტეტი, რომელიც თავის მოქალაქეობრივ პოზიციას ყოველთვის ნათლად და უკომპრომისოდ გამოხატავს:
მისი პრინციპულობა და პირდაპირობა იმდენად აშინებს ხელისუფლებას, რომ სიამოვნებით ჩააკმენდინებდნენ ხმას, მაგრამ, პოეტს ისეთი უსაზღვრო პოპულარობა აქვს ხალხში, რომ ჩინოვნიკები ვერც კი ბედავენ მის ხელის ხლებას. სამოციანელთა კულტურული მოძრაობიდან ისღა დარჩა ღირსებაშეულახავი – ზოგნი აღესრულენ, ზოგსაც ხელი არ ჩამოერთმევა – კოსტენკო კი მნიშვნელოვანი სახელია.
რუსეთშიც ხომ 1990–2000–იან წლებში მწერლებს ისეთ კითხვებზე უხდებოდათ პასუხის გაცემა, რომელზეც ერთმნიშვნელოვნად ვერ უპასუხებდნენ – შოკური თერაპია, თეთრი სახლი, ჩეჩნეთი, იუკოსი...რა საკითხსაც არ უნდა შეეხოთ, ვიღაცისათვის ხელის კვრა მოგვიწევს...) 1999 წლიდან 2010 წლამდე კოსტენკო საერთოდ გაქრა მხედველობის არედან და აი, უეცრად წერს რომანს „უკრაინელი შეშლილის ჩანაწერები“, რომელიც ბესტსელერად ვრცელდება ქვეყანაში და, სადაც ახალ დამოკიდებულებებს აყალიბებს და აღნიშნავს, რომ „მაიდანის“ შემდეგ „ხელისუფლებისა შეიძლება შეგვრცხვეს, იმიტომ, რომ დროდადრო ყველა ხელისუფლება გვარცხვენს, მაგრამ უკრაინისა აღარ შეგვრცხვება აწი!“
პირველად კი თავისი დიდი ხნის დუმილი ლინა კოსტენკომ დაარღვია გასული წლის 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის 20 წლისთავზე და გაზეთ „დენს“ მისცა ინტერვიუ, სადაც აღწერილი იყო მისი წარმოდგენით „ოცწლიანი დამოუკიდებლობის სადღესასწაულო სურათი“: „ კრეშჩატიკზე უნდა გაიაროს ყველამ, ვისი ხელშეწყობითაც უკრაინა რაღაც–რაღაცეებში ეწევა გვინეასა და ჰონდურასს – სახელდობრ, გაქსუებულმა ერის გამყიდველებმა, ყველა ჯურის კორუფციონერმა, გულზე ჩამოკიდებული წარწერით: ვინ და რა მოიპარა.
მათ უნდა ჩაუარონ ტრიბუნებს, რომელზედაც გადმომდგარი იქნება ოთხი პრეზიდენტი: მათაც გულზე ეკიდებათ პლაკატები – ვინ ფლოტი წაჰგვარა ქვეყანას, ვინ ბირთვული იარაღი ჩააბარა, ვინ ნარინჯისფერი რევოლუცია დათმო, ვინ – მთელი უკრაინა. უნდა ჩაიარონ მილიციამ და სასამართლომ ღონღაძის, ჟურნალისტ ალექსანდროვის, ჩერნოვილის და გეტმანის პორტრეტებით, თვითმკვლელთა – გენერალ კრავჩენკოსი და კირპუსი...“
ამავე დროს, კოსტენკომ, საყოველთაოდ მიღებული ეტიკეტის საწინააღმდეგოდ ქვეყნის ხელისუფლებს კი არა, დატუსაღებულ იულია ტიმოშენკოს მიულოცა ეს დღე: „გილოცავთ უკრაინის დამოუკიდებლობას. სადღესასწაულო განწყობილებისათვის არ მაქვს საფუძველი, თქვენთვის მოლოცვისათვის კი – მაქვს. ეს იმიტომ, რომ მრავალი ადამიანი იქცევა თავისუფლების ჟამს პატიმარივით, თქვენ კი დამოუკიდებელ ადამიანად რჩებით სატუსაღოშიც. სამწუხაროდ „თავისუფალი უკრაინის ოცი წლისთავის“ სიმბოლოდ იქცნენ ოპოზიციონერები გისოსებს მიღმა.
მაგრამ ყოველი ბერლინის კედელი ადრე თუ გვიან ინგრევა. და მას ინაწილებენ სუვენირებად. გისურვებთ უახლოეს ხანში სუვენირის სახით გქონოდეთ ლუკიანოვის ციხის ნამტვრევი თქვენს სამუშაო მაგიდაზე – უკრაინაში, დამოკიდებულზე ოდენ აზრის, კანონისა და ღირსებისაგან!“
წერილის სათაურის წაკითხვისას ალბათ გაგიკვირდა, ლოცვაში რა უნდა იყოსო საფრთხილო! ახლა კი, როდესაც გავიგეთ, რომ ამ ღონისძიების ერთი დამმოძღვრავთაგანი არის ლინა კოსტენკო, სრულიად გასაგები ხდება რუს კლერიკალთა დადარაჯებული მოლოდინი, რადგან, სავარაუდოდ, უკრაინელთა ამ ლოცვაში თხოვნა იქნება სულიერების ამაღლებისაც, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენისაც, დამნაშავეების პასუხისგებისაც, უდანაშაულო ადამიანთა განთავისუფლებისაც და, რაღა თქმა უნდა, დიდი უფროსი ძმის გავლენისაგან განთავისუფლებისაც!
ჰოდა, რა არის გასაკვირი, რომ რუსეთი ასეთ ლოცვას უფრთხოდეს და თავიანთ რადიკალური საეკლესიო შინაარსის – „მესამე რომის“ – პორტალზე ბეჭდავდნენ სტატიას ელდანაკრავი სათაურით: „ფრთხილად – 22 იანვარს უკრაინელები ლოცულობენ!“
კომენტარი