„გათხოვილი ხარ?“ – ქალიშვილობა საქართველოში
ქალიშვილობის ინსტიტუტის თემა საქართველოში უკიდურესად პრობლემატური რომ არის, ცნობილია. საქართველო კონსერვატიული ქვეყანაა, ქართველი ხალხი რელიგიური და ტრადიციების მიმდევარი, თუმცა ამ კონსერვატიზმისა და ტრადიციების ზუსტი საზღვრები და დეფინიცია 21–ე საუკუნეში ცოტა ჭირს.
დასავლურ ცივილიზაციას ამა თუ იმ ფორმით ნაზიარები ქართველები, „კულტურული შოკის“ მიღების შემდეგ, როგორც წესი, ძირითადად, ორ უკიდურესობაში ვარდებიან, ან ქართული კონსერვატიზმის აბსოლუტურ უარყოფას იწყებენ, ან პირიქით, დასავლურის გაფეტიშებას და გაიდეალებას.
ქართველი კონსევატორების, ანუ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისათვის, „ქართული წესის და ადათების“ ერთ–ერთ მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად დღემდე რჩება ყბადაღებული ქალიშვილობის ინსტიტუტი, რომელიც ყველა თვალსაზრისით, 21–ე საუკუნის საქართველოში დიდ სოციალურ სიმახინჯედ იქცა.
ფსიქოლოგები, სოციოლოგები უკვე წლებია ამ ფენომენს განიხილავენ. პატრიარქალურ ქვეყნებში, რომელსაც როგორც წესი, რელიგიური რადიკალიზმიც ერთვის თან, ქალიშვილობის ინსტიტუტს ლამის საკრალური სტატუსი აქვს. თუმცა, იგივე საქართველოს სამხრეთით მდებარე ისლამური სახელმწიფოებისგან განსხვავებით, ქართველები ხშირად ტრადიციებად ქცეულ ჩვევებს, რომელიც ხშირად მასობრივ ეროვნულ ფსიქოლოგიურ კომპლექსებში გადადის, მხოლოდ იმ საზღვრამდე იცავენ, ვიდრე ეს მათთვის ხელსაყრელია.
მაგალითვისათვის ერთ შემთხვევას მოვიყვან: ერთი ყმაწვილი ერთ–ერთ მეზობელ ერზე, საზოგადოებაში თავგამოდებით ამტკიცებდა, რომ ისინი „ნამდვილი ქრისტიანები“ არ არიან. მაგალითად კი, ის ფაქტი მოიტანა, რომ მათი ქალები თავაშვებულ სექსუალურ ცხოვრებას ეწევიან. ბუნებრივია, ამ „თავაშვებულ ცხოვრებაში,“ ქორწინებამდელი სექსუალური კავშირები იგულისხმება. თუმცა, ზნეობის დაცვის ეს კრიტერიუმი, ამ შემთხვევაშიც და ზოგადადაც, ქართველისათვის მხოლოდ მდედრობითი სქესით შემოიფარგლება, მაშინ როცა რელიგია, როგორც ცნობილია, ორივე სქესისგან თანაბრად ითხოვს მორალის მსგავსი ნორმების დაცვას. მოკლედ, საფუძველს არ არის მოკლებული ზემოხსენებული მოსაზრება, რომ საქართველოში მხოლოდ იმ „ტრადიციებს“ იცავენ, რაც ხელს აძლევთ.
გენდერული თანასწორობის ეპოქაში, მსგავსი არქაიზმები ცივილიზებულ სამყაროდ წოდებული დედამიწის ნაწილისათვის სრულიად გაუგებარი და მიუღებელია. სწორედ ამიტომ ხდება ხოლმე პერიოდულად „კულტურათა შეჯახება“ საქართველოს სხვადსხვა კუთხეში, როცა ევროპის მავანი ქვეყნიდან ჩამოსული, ბოიფრენდით გვერდდამშვენებული, სექსუალურად რეალიზებული უცხოელი ქალი, მავანი ქართველი, ქორწინებაში არმყოფი თუ მყოფი მანდილოსნისათვის იმის ახსნას ცდილობს, რომ სექსი უზნეობა და ტრაგედია კი არა, ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებაა და სიკვდილამდე ქალიშვილად დარჩენა ნორმალური არ არის, თუნდაც იმიტომ რომ ეს ჯანმრთელობისათვის მავნებელია, პასუხად კი ღებულობს: „უი, ეგ გათახსირებული!“ .
უკიდურეს სექსიზმში გადავარდნილი პატრიარქალური საზოგადოება, რომელიც გენდურული თანასწორობის ყოველგვარ გამოვლინებას მომაკვდინებელ ცოდვად მიიჩნევს, მსგავსი მენტალიტეტით დღემდე მყარად და შეურყევლად არსებობს.
ხშირად გაიგონებთ, რომ ამ კუთხით საქართველოში პროგრესია, რომ წარსული სიბნელე უკან იხევს და მალე ყველაფერი გამოსწორდება, თუმცა გამოსწორების გზებიც თავისებურად მახინჯ ფორმებს იღებს. გოგონათა დიდი უმრავლესობა ქალიშვილობის ინსტიტუტის ერთგული მიმდევარია და საქორწინო კაბას და პრინცს 14 წლის ასაკიდან გაალმასებით ელოდება.
აქ ქვეკატეგორიაც გამოიყოფა: „ქალიშვილი იმიჯით“, რომელნიც შემდეგ კუზანოვის ცნობილი და ყბადაღებული კაბინეტის გრძელი რიგის წევრები ხდებიან. გოგონები, რომელნიც „თავისუფალის“ იმიჯით სარგებლობენ, აქტიურ სექსუალურ ცხოვრებას ცნობენ, თუმცა ამ სიტუაციაში სხვა პრობლემა ჩნდება. ერთხელ ერთმა მეგობარმა ბიჭმა მითხრა, ქართველ გოგონათა უმრავლესობამ, ქალწულობა გათხოვებამდე თუ ჩააბარა ვინმეს, შემდეგ საკუთარ თავს თავადვე მიიჩნევს მეძავად და „რა, მრიცხველი დამიწერს?“ პრინციპით მართლა მეძავი ხდებაო.
უმრავლეს შემთხვევაში, ეს მართლაც ასეა. ევროპული, მშვიდი ბოიფრენ-გელფრენდის ინსტიტუტი, საქართველოში ქალიშვილობიდან მეორე უკიდურესობაში ვარდება. ამ კატეგორიებს კიდევ სხვა ქვეკატეგორიებიც ახლავს, რომელთა განხილვაც ახლა საკმაოდ შორს წაგვიყვანს.
მსგავსი აზროვნება, ბუნებრივია, მხოლოდ გოგონების ბრალი არ არის. ის მთელი რიგი ქართული სოციოფსიქოლოგიური აზროვნების ერთ–ერთი განშტოებაა მხოლოდ, რომელსაც მრავალი სხვადასხვა სოციალური, კულტურული, თვით პოლიტიკური ფაქტორი განაპირობებს. საქართველოში ბევრი რამ იცვლება, საზოგადოების აზროვნებაც ერთი შეხედვით თითქოს სხვადასხვა ვექტორებზე გადადის, თუმცა ფაქტია, რომ ქართულ გინეკოლოგიურ კაბინეტებში დღესაც კი კვლავ აქტუალურია კურიოზული შეკითხვა: "გათხოვილი ხარ?"
კომენტარი