სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დახურავთ ფორმულას? იმწუთშივე გაჩნდება ახალი ფორმულა! თავისუფალ სიტყვას ვერ მოერევით!" - კეზერაშვილის განცხადება

"დახურავთ ფორმულას? იმ წუთშივე გაჩნდება ახალი ფორმულა! თავისუფალ სიტყვას ვერ მოერევით!" - ამის შესახებ ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის განცხადებაშია საუბარი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სარჩელს ეხმაურება:

"ჩემი მოლოდინი გამართლდა. იმთავითვე ცხადი იყო, რა მიზანს ისახავდა ივანიშვილი, როცა თავის "სასამართლო ტროიკას" დაავალა ორ ინსტანციაში ჩემ მიმართ გამამართლებელი განაჩენის შემობრუნება და "უზენაესში" გამტყუნება.

ჯიბის მოსამართლეებმა მყისიერად შეასრულეს ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ნება და ამით გზა გაუხსნეს მთავარ კომპონენტს მთელი ჩანაფიქრისა! დღეს უკვე ივანიშვილის ხელისუფლებამ სამოქალაქო სარჩელი შეიტანა ჩემ წინააღმდეგ და ვიცით, რომ აპირებენ ტვ ფორმულაში ჩემი წილის დაყადაღებას!

რა ინფორმაციაც გვაქვს - სახეზეა ტვ ფორმულას დახურვის განზრახვა! მთელი ჩანაფიქრი ნათელია - არჩევნებში მოსალოდნელი ფიასკოს შიშით, დაიწყო ახალი ტალღა კრიტიკულ მედიაზე "სამართლებრივი" შტურმის! დამოუკიდებელი მედიის სადისკრედიტაციო კამპანიასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას დაემატება ივანიშვილის მცდელობა, ფიზიკურად დაადუმოს ფორმულაც და სხვა მედიებიც!

ჩვენი საზოგადოება დაამარცხებს მათ, როგორც საარჩევნო უბნებზე, ასევე ევროპულ სასამართლოებში - უკლებლივ ყველგან! დღეს დამატებით გაცხადდა, რომ სამიზნე არის სიტყვის თავისუფლება. მაგრამ ამ ბრძოლას უმძიმესი შედეგები ექნება ივანიშვილისთვის და მმართველი ძალისთვის!

განსაკუთრებულად საშიშად მიაჩნია მმართველ კლანს ფორმულას თანამშრომლობა ედისონ რისერჩთან და ფორმულას ეთერში, ძალიან მაღალი სანდოობის ეგზიტპოლების გამოქვეყნების გეგმა 2 ოქტომბერს 20:00 საათზე. დამოუკიდებელი მედია მაინც შეასრულებს თავის მოვალეობას და სიმართლეს ეტყვის ქვეყანას ზეგ - რეფერენდუმის დღეს! საქართველოში შეუძლებელია განსხვავებული აზრის ჩახშობა, პლურალიზმის გაუქმება, ოპონენტთა დადუმება და საბჭოთა ჭაობში, რუსულ სივრცეში ქვეყნის საბოლოოდ ჩაძირვა!

ამას არ დაუშვებს ჩვენი ხალხი, თავისუფალი ჟურნალისტები, ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ასე რომ ივანიშვილის მორიგი ავანტიურა მხოლოდ დამატებით ნიშანს გვაძლევს, რომ სწორ გზაზე ვართ და თავისუფალი სიტყვის დაცვასა და მხარდაჭერას ალტერნატივა არ აქვს! ვერანაირი ჯიბის სასამართლოები ვერ ამიკრძალავს ასობით თავისუფალი ჟურნალისტისა და ნიჭიერი, კრეატიული ადამიანების მხარდაჭერას! ყველა "სამართლებრივი" გზა განწირულია!

დახურავთ ფორმულას? იმ წუთშივე გაჩნდება ახალი ფორმულა! თავისუფალ სიტყვას ვერ მოერევით!" - ნათქვამია კეზერაშვილის განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100