ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას მუზემ-სამკითხველო გაიხსნება, რომელსაც „m2 უძრავი ქონება“ დააფინანსებს
6 აპრილი, 2017 წელი - საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კომპანია „m2 უძრავ ქონებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ მოაწერეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველო შეიქმნება, რომლის ნაწილის სარემონტო სამუშაოებსაც კომპანია m2 დააფინანსებს.
აღნიშნული სივრცე სამკითხველო დარბაზს, მუზეუმს, სტუდენტურ ინოვაციურ კუთხესა და რეგისტრატურას გააერთიანებს. ეროვნული ბიბლიოთეკისა და m2-ის მიერ შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, ეს ადგილი ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი მთავარი სივრცე უნდა გახდეს. ის ჩაფიქრებულია, როგორც ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებული ადგილი.
ვაჟა-ფშაველას კომპლექსი საღამოობით საჯარო ლექციებს, მასტერკლასებსა და წიგნის პრეზენტაციებსაც უმასპინძლებს.
„ვაჟა–ფშაველას მუზეუმ–სამკითხველოს შექმნა საკუთარი არსით იქნება ერთგვარი ხიდი ტრადიციულ სამკითხველოსა და ინოვაციურს შორის, ერთგვარად ისეთი, როგორიც იყო თვითონ ვაჟა. ამ სივცრის ნებისმიერი შემადგენილი უკიდერსად მნიშვნელოვანი და საჭიროა თანამედროვე ბიბლიოთეკისთვის“ - ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.
“m2-სთვის, ჩვენი თითოეული თანამშრომლისთვის ძალიან დიდი პატივია ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველოს შექმნაში მონაწილეობის მიღება. გვიხარია, რომ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სივრცე შეემატება. განათლების ხელშეწყობა ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა გარემოზე ზრუნვასთან და ადაპტირებული გარემოს შექმნასთან ერთად“ - განაცხადა m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.
ვაჟა-ფშაველას დარბაზი შემოდგომაზე გაიხსნება.
კომენტარი