სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პენტაგონი ირანზე თავდასხმისათვის მზადყოფნას აცხადებს

აშშ–მ ირანის ბირთვულ ობიექტზე თავდასხმის გეგმაზე მუშაობა დაასრულა და მზად არის მის განსახორციელებლად, აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ისრაელში, დანიელ შაპირო.

„ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ პრობლემა დიპლომატიური გზით გადავჭრათ, ვიდრე სამხედრო ძალის გამოყენებით. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ უკანასკნელ ვარიანტს გამოვრიცხავთ. გეგმის შესაბამისად, ჩვენ ყველაფრისათვის მზად ვართ“ – განაცხადა შაპირომ ისარელის რადიოსათვის მიცემულ ინტერვიუში.

ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი კი აცხადებს, რომ სანამ ირანის ბირთვულ ობიექტზე სამხედრო თავდასხმის გადაწყვეტილებას მიიღებენ, კარგი დაფიქრებაა საჭირო.

პერესის თქმით: „მოქმედება არასამხედრო ზომებით უნდა დაიწყოს, კერძოდ, ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლით, „მაგრამ „ლოგიკურია, ვივარაუდოთ სხვა ვარიანტებიც, თუ არასამხედრო ზომები არ მიგვიყვანს სასურველ შედეგებამდე“ – განაცხადა სახელმწიფოს ლიდერმა.

ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ აშშ–ს შეიარაღებული ძალების დაჯგუფება უკვე ირანის სანაპიროებთანაა და რაკეტები და ბომბდამშენები სრულ მზადყოფნაში აქვთ.

2012 წლის იანვარში, ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ გარკვეული სანქციები დააწესა. აკრძალა იმპორტი, შეძენა და ტრანსპორტირება ირანის ნავთობპროდუქტისა, ასევე, ფინანსური და სადაზღვევო ოპერაციები მასთან. ირანში ნავთობის ემბარგო სრული სახით ძალაში 1 ივლისიდან შევა.

მიუხედავად იმისა, რომ ირანის მთავრობა თავისი ბირთვული პროდუქტის მშვიდობიან ხასიათს ამტკიცებს, აშშ, ისრაელი და სხვა მრავალი ქვეყანა ეჭვქვეშ აყენებს ამ განცხადებას. ამავდროულად, ეს ქვეყნები აცხადებენ, რომ სამხედრო ძალას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100