9 აპრილი ნოვოსიბირსკში მცხოვრებმა რუსებმაც აღნიშნეს
უკვე მესამე წელია, რუსეთის ზოგიერთ ქალაქში ამ დღეს, მართალია, მცირერიცხოვანი, მაგრამ მაინც საქართველოს მხარდამჭერი აქციები იმართება. ეს ტრადიცია არც წელს დარღვეულა.
ქალაქ ნოვოსიბირსკის ცენტრში, მთავარ მოედანზე, რომელიც "დიდი" ლენინის სახელს ატარებს, რამდენიმე ათეული ადამიანი საქართველოს მხარდასაჭერად გამოვიდა. ეს აქცია განსაკუთრებული ყურადღების მიზეზი, ალბათ, არც გახდებოდა, რომ არა ერთი ფაქტორი: მასში არა ადგილობრივი ქართველები, არამედ ადგილობრივი რუსი ეროვნების პირები მონაწილეობდნენ.
როგორც ნოვოსიბირსკში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქართველმა „დრონი.ჯი“-ს უთხრა, ქართველები ნოვოსიბირსკში არც ისე ბევრნი არიან, მაგრამ ამ აქციაზე მონაწილეების სახით შეგნებულად არ მიდიან, რადგან ერთხელ რუსულმა მედიამ ეს აქცია "ნოვოსიბირსკში მცხოვრები ქართველების" აქციად მონათლა:
„ახლა ყველა ხედავს, რომ აქციაზე არა ქართველები, არამედ რუსები დგანან. მართალია, ბევრნი არ არიან, მაგრამ ნოვოსიბირსკის ცენტრალურ მოედანზე, სადაც ლენინის ძეგლი დგას, ქართულ ხუთჯვრიან დროშას რომ რუსები აფრიალებენ, პირადად მე ამის გამო ძალიან ამაყი ვარ", - თქვა სატელეფონო საუბარში 45 წლის, ზუგდიდში დაბადებულმა გოგა ჭეჟიამ, რომელიც უკვე მერვე წელია, ნოვოსიბირსკში ცხოვრობს.
ისევე როგორც შარშან, საპროტესტო აქცია ნოვოსიბირსკის ცენტრალურ მოედანზე წელსაც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ადგილობრივი პოლიციელები აქციის ადგილას იმყოფებოდნენ, თუმცა, მის მსვლელობაში არ ჩარეულან. გამოტანილ პლაკატებს შორის იყო პლაკატები წარწერებით: "საქართველოში ოკუპანტების ადგილი არ არის!"; "თქვენი და ჩვენი თავისუფლებისთვის!"; "ქართველებო, თქვენთან ვართ!"; "ბორჯომი მინდა!"; "ვცვლით კრემლის ორ გნომს ერთ პრეზიდენტ სააკაშვილზე!".
აქციის მონაწილეებთან ადგილობრივი მცხოვრებლები მიდიოდნენ და ესაუბრებოდნენ. ისინი, ვინც აქციას გასაგები მიზეზების გამო ვერ უერთდებოდნენ, მის მონაწილეებთან პირად საუბრებში ადასტურებდნენ, რომ პიკეტი-აქციის სულისკვეთებას ეთანხმებოდნენ.
გასაგებია, რომ მონაწილეთა სიმცირის მომიზეზებით, ნოვოსიბირსკში ჩატარებული აქციის შესახებ არც რუსულ ტელეარხებს და არც სააგენტოებს გაკვრითაც არაფერი უთქვამთ, თუმცა, ამ ფაქტის გაშუქებით არც ნოვოსიბირსკულ გაზეთებსა და ტელევიზიას შეუწუხებიათ თავი. აქციის მიმდინარეობის ამსახველი ფოტოები მხოლოდ რამდენიმე რუსმა ბლოგერმა გაავრცელა.
კომენტარი