ნულიდან დაწყებული კარიერა, ანუ, როგორ მივაღწიოთ წარმატებას “უპატრონოდ”
მუშაობა 18 წლიდან დავიწყე. იმიტომ არა, რომ კარგად მქონდა გაცნობიერებული, ადრე დაწყების შემთხვევაში, კარგ ასაკში, კარგ პოზიციაზე აღმოჩენის შესაძლებლობა… უბრალოდ, ბავშვობიდან, ძალიან მცირეს ვითხოვდი ოჯახისგან და ახლაც, დისკომფორტი შემექმნა, როცა ბინის ქირას მშობლები მიხდიდნენ. ჩემი 150 ლარიანი სტიპენდია – მხოლოდ საცხოვრებლად მყოფნიდა.
პირველი სამსახური საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში დავიწყე, შემთხვევით, ტრეინინგს გავდიოდით და შეფასების შედეგად, რამდენიმე, ყველაზე მაღალ რეიტინგული სტუდენტი, სამუშაოდ დაგვიტოვეს. ნახევარი დღე ვმუშაობდით, ას ლარამდე გამოვიმუშავებდით, ან ოდნავ მეტს, თითქმის 1 წელი. პარალელურად ბევრ ტრეინინგს გავდიოდით და რაც მთავარია, არასდროს „გაგვტყდომია“ ქუჩაში დგომა, წვიმაში თუ ქარში და ფლაიერების დარიგება.
საზოგადოება არაერთგვაროვანი იყო ჩვენ მიმართ, ზოგი გვიღიმოდა, ზოგი ხელს აიქნევდა და გვიშორებდა, ზოგიც გვლანძღავდა, სექტანტებს გვიწოდებდა… არც გასაუბრებაში ვიყავი გამოცდილი და CV-ც ერთი ხელის მოსმით აწყობილი მქონდა.
მახსოვს ერთერთი გასაუბრება საქართველოს ბანკში, გარე გაყიდვების აგენტზე:
რატომ გინდათ ჩვენთან მუშაობა?
რავიცი, ზოგადად მუშაობა მინდა, რომ სტაჟი მოვაგროვო, სულ ერთია სად ვიმუშავებ
ხუთი წლის შემდეგ სად წარმოგიდგენიათ თქვენი თავი?
ბანკში, ოპერატორად.
რა თქმა უნდა – გასაუბრება წარუმატებლად დასრულდა, ესეც და მომდევნო რამდენიმეც. ხელი არ ჩამიქნევია.ნელნელა ვისწავლე, სად რა უნდა მეთქვა და როგორც იქნა, 2007 წელს, ორ თვიან საზაფხულო პროექტზე ამიყვანა ამავე ბანკმა. აი აქ უკვე, ჩემს ხელში იყო ჩემი ბედი და თავი არ უნდა დამეზოგა, რომ მოვწონებოდით და დავეტოვებინეთ, თან 100 ადამიანი ვმუშაობდით აქციაში და კონკურენცია საკმაოდ დიდი იყო.
თავდაუზოგავმა შრომამ თავისი შედეგი გამოიღო, ბანკმა საშტატო ხელშეკრულება გამიფორმა და აქტიური სატელეფონო ცენტრის ოპერატორი გავხდი, ანუ მომხმარებლებს ვურეკავდით და ვთავაზობდით საბანკო პროდუქტებს. აქ უკვე, 440 ლარიან ხელფასს 160 ლარამდე ბონუსი ემატებოდა, პლუს სტიპენდია და ძალიან ბედნიერი ვიყავი, 19 წლის ასაკში ჩემი შემოსავალი 750 ლარი რომ გახდა. ისტერიულად დავიწყე დაზოგვა და იდეაფიქსი, ბინა, კიდევ უფრო რეალური გახდა.
1 წლის შემდეგ უკვე თიბისის საკრედიტო ექსპერტი გავხდი და უკვე ამდენივე ფიქსირებული მქონდა, პლუს საკმაოდ ნორმალური ბონუსიც. უფრო მეტი დანაზოგის გაკეთება დავიწყე ბინისთვის. საზოგადოების ნაწილის მხრიდან ცინიკური დამოკიდებულება ამ სურვილს კიდევ უფრო მიმძაფრებდა. მაგალითად, ერთხელ მეგობარ თანამშრომელთან კონფლიქტი მომივიდა და… საჯაროდ გაჰკიოდა, რომ მათხოვარი ვარ, რომელიც ნაქირავებ სოროში ვცხოვრობ და ფულზე ვარ დახამებული. (არაფერი ჰქონდა საერთო ჩვენს კონფლიქტს ამ თემასთან, უბრალოდ წამომაძახა და ყველაზე მტკივნეულ ადგილას დამაბიჯა) ვიდექი და ვფიქრობდი: აი, ცოტაც და გიჩვენებთ ყველას, ნაქირავებ სოროს! თუმცა ხმა არ ამომიღია, გაბრაზებაზე და წყენაზე, სრულიად განსხვავებული რეაქციები მაქვს ხოლმე, დღემდე… პირველ შემთხვევაში – იმპულსურად ვფეთქდები, მეორეს დროს – უბრალოდ გული მწყდება და ვჩუმდები.
გეგმების შესასრულებლად ღამეებს ვათენებდით, მახსოვს ერთერთ დღეს, ღამის 10 საათი იქნებოდა, როცა მოვწყდი კომპიუტერს, ავდექი და თვალები დამიბნელდა, უცებ ფერები ვეღარ დავინახე, თვალწინ ყველაფერი ამოტრიალდა და გაშეშებული ვიდექი. მივხვდი, რომ უკვე სერიოზულ პრობლებას ვუქმნიდი ჯანმრთელობას, მით უმეტეს, რომ გეგმა შესრულებული მქონდა და ღამეებს გადაჭარბებისთვის ვათენებდი. სასწრაფოდ წავედი სახლში და მისვლისთანავე დავიძინე. ამ პერიოდში უკვე, საღამოს საათებში მაგისტრატურაზე ვსწავლობდი ჯიპაში და სახლში ფაქტობრივად, მხოლოდ დასაძინებლად შევდიოდი.
თიბისიმ ჩემი შრომა დააფასა, სათაომ „აღმომაჩინა“ და პირველი მენეჯერული პოზიცია შემომთავაზა, საცალო გაყიდვების დეპარტამენტში, პროდუქტების მენეჯერის პოზიციაზე, სადაც 15-მდე ადამიანი მექვემდებარებოდა. უკვე 23 წლის ვიყავი, საბანკო პრაქტიკა გამოვიყენე და უნივერსიტეტს საბანკო საქმის კურსი წარვუდგინე. ამიყვანეს, საღამოს საათებში უკვე ლექციებს ვკითხულობდი. ბედნიერი ვიყავი. დამატებითი შემოსავალი მეორეხარისხოვანი იყო.
ამდენი შრომის, ღამეების თენების, წვალების შედეგმა არ დააყოვნა და უკვე შევძელი, დანაზოგისთვის სესხი დამემატებინა და ბინა მეყიდა. ჩემზე ბედნიერი არავინ იყო, ბავშვობის მეორე ოცნება ამიხდა! (პირველი, ლექციების კითხვა იყო).
პარალელურად დავფიქრდი, რისგან შედგებოდა ჩემი ცხოვრება: შრომა, დანაზოგი, ბინის ყიდვა, ალბათ მეორე და მესამე ბინისაც, ამასობაში დავბერდებოდი და რა თავში ვიხლიდი ამდენ უძრავ ქონებას?! დავიწყე ფიქრი გართობაზეც – გადავწყვიტე აქტიურად მემოგზაურა და დაქანცული ცხოვრება ამით გამეფერადებინა.
სესხი მძიმე სტრესი აღმოჩნდა, ერთი სული მქონდა როდის მოვიშორებდი (სტანდარტული გრაფიკის მიხედვით 15 წლიანი იყო, ანუ 38 წლის ასაკში დავასრულებდი). გადავედი სამუშაოდ თეგეტაში, საცალო გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე, თითქმის ორჯერ მაღალ ხელფასზე და დავიწყე სესხის აქტიური წინსწრება. ორი წლის თავზე, სესხი უკვე აღარ მქონდა!
პრიორიტეტები სხვანაირად გადანაწილდა. გული მწყდებოდა, რომ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსაც ისე ხშირად ვეღარ ვხედავდი, თუმცა ვიცოდი, რომ მგულშემატკივრობდნენ და ჩემიც ესმოდათ. თავისუფალ დროს ლექსებს ვწერდი, ხატვაც დავიწყე, სიმღერა აღვადგინე და ერთგვარი ფერადი, არტ სამყაროც შევიქმენი, ცივსისხლიანი მერკანტილური ცხოვრების პარალელურად. თუმცა, უკვე ძვალ-რბილში გამიჯდა და კომერციაც ჩემი სიამოვნების წყარო გახდა…
ამ კუთხით აქტიური ცხოვრება, წინააღმდეგობაში მოვიდა სასიყვარულო ურთიერთობებთან, რომლებიც ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერა და ვერ დავალაგე, არც არავინ ცდილობდა ჩემთვის გაეგო და უყურადღებობაში მადანაშაულებდნენ. ჰო და, მიდიოდნენ, მოდიოდნენ და ისევ მიდიოდნენ.
როცა უკვე ძალიან ბევრი დამიგროვდა სათქმელი, გავხსენი ბლოგი, სადაც საწყის ეტაპზე, მოზაურის დღიურები მინდოდა მეწარმოებინა. ერთხელაც, ვიღაცაზე გაბრაზებულმა, დავწერე კრიტიკული პოსტი, რომელიც ჰოი საოცრებავ და საზოგადოების დიდმა ნაწილმა აიტაცა, შემდეგ კიდევ დავწერე, კიდევ და…
ბლოგის გახსნიდან სამ თვეში, ქუჩაში პირველად გამაჩერა ახალგაზრდა გოგონამ:
ვგიჟდები თქვენს ბლოგზე! – წამოიძახა გაბრწყინებული თვალებით.
ბედნიერებისგან ცას ვეწიე და მივხვდი, რომ სრულიად შემთხვევით, ბედნიერების ახალი წყარო ვიპოვე. აქტიურად დავიწყე Nx სპიკერის ფარგლებში, მოკლე ვიდეოების ჩაწერა სასარგებლო თემებზე და ძალიან მიხაროდა, როცა მწერდნენ, რომ ჩემი რჩევების გათვალისწინებით წარმატებას მიაღწიეს. მერე იმედის დილის წამყვანიც გავხდი და ჩემ მკითხველთა აუდიტორია უკვე, სტაბილური ტემპით, სულ უფრო იზრდებოდა.
დღეს, კმაყოფილი ვარ ცხოვრებით და ვფიქრობ, დღეის შემდეგ სულ რომ არაფერი მოხდეს საინტერესო, მოგონებებისთვის აქამდე მომხდარიც მეყოფა… არ ვთვლი, რომ რაღაც სასწაული მოვახდინე, თუმცა საკუთარი შრომით, როცა ნულიდან, თუნდაც რაღაც მიზერულს აღწევ – უკვე სასიამოვნოა.
შეჯამების სახით:
მთავარია გქონდეთ სწორად განსაზღვრული მიზანი, რის მისაღწევადაც, ეფექტიან გზას აუცილებლად იპოვით;
როცა საზოგადოება გლანძღავთ, ეს უკვე ნიშნავს, რომ რაღაცას მიაღწიეთ… კრიტიკა ნამდვილად სჯობს სიბრალულს, ყველას ვერ ეყვარებით, როგორც არ უნდა იმსახურებდეთ ამას;
ცხოვრება უსამართლოა, ხანდახან ისე მწარედ დაგახეთქებს მიწაზე, რომ გგონია ვერასდროს ადგები, თუმცა დგები და უფრო მაღლა იწყებ ფრენას. იმდენჯერ დაცემულხარ, რომ მორიგი დანარცხების აღარ გეშინია, რადგან იცი, რომ უკვე ვერაფერი გეტკინება.
ჰო, ცხოვრება საკმაოდ უსამართლოა და თან მძიმეც, თუმცა როცა რამეს შენი შრომით და სწორი სტრატეგიით მოიპოვებ, ეს გაცილებით დიდი ბედნიერებაა, ვიდრე ლანგრით მორთმეული წარმატება;
ადამიანები მიდიან და მოდიან, დაუფასეთ ამაგი მეგობრებს, ვინც მაშინ შეგიყვარათ, როცა არაფერს წარმოადგენდით. ზენიტში ყოფნის დროს ქარის მოტანილ მეგობრებს, ისევ ქარი წაიღებს, ოდნავი დაღმავლობის შემთხვევისთანავე;
რაც უფრო მძიმე პერიოდს გამოივლით, მით უფრო მეტი მოტივაცია გექნებათ, ყველას დაუმტკიცოთ თქვენი შესაძლებლობები, ამიტომ, პრობლემები მიიღეთ, როგორც გამოწვევა. გამოწვევა იმისთვის, რომ გამოფხიზლდეთ, ასჯერ მეტი იშრომოთ და შემდეგ, შედეგებით დატკბეთ.
აუცილებლად გამონახეთ დრო გართობისთვისაც, ასე მუშაობაც უფრო პროდუქტიულია და თან გულიც აღარ დაგწყდებათ, რომ ცხოვრების საუკეთესო წლები ოფისში გამოკეტილებმა გაატარეთ.
დაიმახსოვრეთ კარგიც და ცუდიც. კარგი ადამიანები აუცილებლად იმსახურებენ თქვენგან დაფასებას, ცუდები – უბრალოდ დავიწყებას.
ცხოვრება თეთრი ფურცელია, საღებავებიც და ფუნჯებიც თქვენს ხელთაა, ზოგი სწავლობს ლამაზად ხატვას, ზოგი ჯღაბნის, ზოგს კიდევ, უმოქმედობისგან საერთოდ უხმება საღებავები და თეთრი ფურცლითვე ასრულებენ ცხოვრებას, რას აირჩევთ, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.
კომენტარი