“საარჩევნო ადმინისტრაციამ დიდი ძალისხმევა გასწია არჩევნების ორგანიზების კუთხით” - კელი დეგნანი
ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. თამარ ჟვანიამ ელჩს კენჭისყრის პროცესის დაწყების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა რომ 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით, მშვიდ გარემოში გაიხსნა. კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ცესკომ პანდემიის პირობებში არჩევნების ადმინისტრირებისა და ორგანიზების კუთხით დიდი ძალისხმევა გასწია და საარჩევნო ადმინისტრაციას წარმატებები უსურვა.
„ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მთავარია მშვიდი ატმოსფერო და თავისუფალი არჩევანი ხალხისთვის. საარჩევნო ადმინისტრაციამ გამორჩეულად დიდი ძალისხმევა გასწია არჩევნების ადმინისტრირების და ორგანიზების კუთხით. ვიმედოვნებ, ამომრჩეველი დააფასებს იმ მართლაც მნიშვნელოვან და კარგ სამუშაოს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ შეასრულა, განსაკუთრებით ამ პერიოდში, იმ გამოწვევების ფონზე, რასაც ქმნის პანდემია. ჩვენ დავაკვირდებით არჩევნების პროცესს, საელჩოდან გვყავს 75-ზე მეტი წარმომადგენელი, რომლებიც სხვადასხვა უბანზე დააკვირდებიან საარჩევნო პროცესებს. მსურს აღვნიშნო, რომ ძალადობის და დაშინების ადგილი ამ არჩევნებზე არ არის და რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევებს ყურადღებით დავაკვირდებით. გთხოვთ, ატარეთ ნიღბები, დაიცავით სოციალური დისტანცია და ყველას მოგიწოდებთ, მიხვიდეთ არჩევნებზე და მისცეთ ხმა“,-განაცხადა ელჩმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
კომენტარი