„მუსიკა მშვიდობისათვის“ - UNESCO-ს 70 წლის იუბილეს ბათუმში გალა-კონცერტი მიეძღვნება
ხვალ, 15 სექტემბერს ბათუმში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალისა და პროექტის „ჰით ბათუმი 2015“ ფარგლებში გალა-კონცერტი გაიმართება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილე ერიკ ფალტი ესტუმრება.
დღეს, სასტუმრო „დივანში“ იუნესკოს მშვიდობის არტისტმა, ცნობილმა პიანისტმა, BATUMI MUSIC FEST -ის დამფუძნებელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ელისო ბოლქვაძემ და იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილემ ერიკ ფალტიმ პრესკონფერენციას გამართეს.
2015 წლის იანვარში, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინების საფუძველზე, პირველად საქართველოს ისტორიაში, გამოჩენილ ქართველ პიანისტს ელისო ბოლქვაძეს წოდება „UNESCO-ს ხელოვანი მშვიდობისათვის“ მიენიჭა და ქართველი ხელოვანი შეუერთდა იმ გამოჩენილ მოღვაწეებს მთელს მსოფლიოში, რომლებსაც საკუთარი სახელით, დამსახურებით და მაღალი რეპუტაციით დიდი წვლილი შეაქვთ ორგანიზაციის ფასეულობების პოპულარიზაციის საქმეში.
ერიკ ფალტის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ვიცე პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან, რომელიც იმავდროულად საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის პრეზიდენტია. ასევე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრებთან, თამარ სანიკიძესთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეებთან.
შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველო-იუნესკოს თანმშრომლობის აქტუალური საკითხები, იუნესკოს მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული პროექტები და ორგანიზაციის საქმიანობაში საქართველოს მეტად ჩართულობის პერსპექტივები.
იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 15 სექტემბერს ბათუმის პიაცაზე იუნესკოს 70 წლისთავისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტს დაესწრება. კონცერტზე ჩაიკოვსკის პირველ საფორტეპიანო კონცერტს ელისო ბოლქვაძე დაუკრავს. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში სპეციალურად ჩამოდის გამოჩენილი ტენორი ზურაბ სოტკილავა. კლასიკურ მუსიკასთან ერთად იქნება ფოლკლორიც, ანსამბლი „ქართული ხმები“ ქართულ ხალხურ სიმღერებს შეასრულებს.
BATUMI MUSIC FEST ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ორგანიზებით მესამე წელია ტარდება. ფესტივალი 10 სექტემბერს ფრანგული საღამოთი გაიხსნა. საფრანგეთიდან ჩამოსულმა ცნობილმა დირიჟორმა ლორან პეტიჟირარმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრს უდირიჟორა. წელს ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან - საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, აშშ-დან, ისრაელიდან, იაპონიიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან.
ბათუმის მუსიკალურ ფესტივალს საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს. ფესტივალის ფარგლებში ტარდება მასტერ-კლასები ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის. 14 სექტემბერს ნორჩი ტალანტები გალა კონცერტს გამართავენ, რომელსაც იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილე ერიკ ფალტიც დაესწრება.
დაარსების დღიდან ბათუმის მუსიკალური ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ფრანგული ინსტიტუტი საქართველოში და საფრანგეთის საელჩო. 2015 წელს ბათუმის მუსიკალური ფესტივალი თანამშრომლობს აზერბაიჯანისა და თურქეთის საელჩოებთან.
კომენტარი