„გადმოდი („ბილაინის“) ნათელ მხარეზე!“ – შენ იქ „აფხაზეთის რესპუბლიკა“ გელოდება!..
რუსული ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია „ბილაინის“ ოფიციალური ვებ–გვერდის სქრინ–ფოტოზე კარგად ჩანს, სინამდვილეში როგორ აღიქვამენ რუსული კომპანიები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მათ შორის ისეთი კომპანიაც, როგორიც „ბილაინია“ და რომელსაც საქართველოში, შედარებით დაბალფასიანი ტარიფებისა და აქციების გამოისობით, ათეულ ათასობით აბონენტი ჰყავს.
კომპანია „ბილაინის“ ოფიციალურ ვებ–გვერდზე, განყოფილებაში „მოგზაურობა მსოფლიოში“, ქვეყნების ჩამონათვალში შეხვდებით „აფხაზეთს“, რომელსაც გვერდით უწერია: „რესპუბლიკა“.
რასაკვირველია, ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთის, როგორც რესპუბლიკის, ანუ ცალკე ობიექტის მოხვედრა თავისთავად გულისხმობს იმასაც, რომ ამ ჩამონათვალში საქართველო ცალკე ქვეყნადაა შეყვანილი და აფხაზეთი მის შემადგენლობაში არ იგულისხმება.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა, ამ მუდმივ მისამართზე ატვირთულმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია „ფეისბუქის“ ქართველ მომხმარებლებს შორის. მომხმარებელთა დიდი ნაწილი ქართულენოვანი „ფეისბუქის“ მომხმარებლებს რუსული კომპანიის ბოიკოტისკენ მოუწოდებს.
ამ თემაზე კომენტარისთვის „დრონი.ჯი“ საქართველოში „ბილაინის“ წარმომადგენლობის პიარ–განყოფილებას დაუკავშირდა. როგორც ნათია ღლონტმა განაცხადა, „ბილაინის“ ქართულ წარმომადგენლობას სხვა ოფიციალური ვებ–გვერდი აქვს და ის არ არის დაკომპლექტებული მთლიანად რუსული, „ბილაინის“ მთავარი ვებ–გვერდის კოპირების მიხედვით.
„რაც შეეხება აფხაზეთის ცალკე ქვეყნად მითითების საკითხს, ჩვენ ამ საკითხს ოფიციალურად გამოვეხმაურებით და როგორც კი ჩამოვყალიბდებით პოზიციაში, მას ელექტრონულ ფოსტაზე გამოგიგზავნით“, – დაგვპირდა ის.
„დრონი.ჯი“ დაინტერესდა, იგულისხმა თუ არა ნათია ღლონტმა სიტყვებში „ჩვენ გამოვეხმაურებით“ მთლიანად კომპანია „ბილაინი“, თუ ეს მხოლოდ ქართული წარმომადგენლობის პოზიცია იქნებოდა. „ერთიანი პოზიცია იქნება, კომპანიის“, – განგვიცხადა მან.
კომენტარი