სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტი: ვინც ებრძვის რეზერვისტთა იდეას, ის საქართველოს მტერს ემსახურება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ჯერ სტეფანწმინდაში, ხოლო შემდეგ თბილისში, 9 აპრილთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე საქართველოს დამოუკიდებლობაზე და რეზერვის მნშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„სტეფანწმინდაში ერთმა მოხუცმა კაცმა მითხრა, რომ პირად აიღებს ხელში იარაღს, თუ აქ რუსები შემოვლენ. ეს კაცი ლელთ ღუნიას პირდაპირი ჩამომავალია. სწორედ ასეთებს ეძებდა ილია ჭავჭავაძე, რომელიც დაპყრობილი ერის შვილი გახლდათ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა და დაამატა, რომ ილიას იარაღი კალამი და საბანკო დავთრები იყო, მაშინ როცა ჩვენ ხელში გვიჭირავს ბევრად უფრო ძლიერი იარაღი - ქართული სახელმწიფოებრიობის განხორციელებული რეალობა.

„საქართველოში ისეთი ადამიანებიც მოიძებნებიან, რომლებიც თავიანთ წარმატებას მხოლოდ დამპყრობლის ჩექმების ლოკვაში ხედავენ. ისეთებიც მოიძებნებიან, რომლებიც თავის თავს ხედავენ მხოლოდ იმპერიის შემადგენლობაში ყოფნაში, მხოლოდ მორჩილებაში, თავის წარმატებას ხედავენ მხოლოდ მომხდურის სამსახურში, კარიერის კეთებაში, ფულის კეთებაში, მოხვეჭაში, საკუთარი ოჯახების კეთილდღეობის გარანტირებაში და მათ ფუნდამენტურად არ სჯერათ საქართველოს თავისუფლების იდეის. მთელი ჩვენი ისტორა არის ჭიდილი თავისუფლებისა და მორჩილების იდეის ჭიდილს შორის", - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, არიან ერები, რომლებიც ადვილად ეგუებიან მარცხს, ეგუებიან თავისუფლების დაკარგვას: „არსებობენ ერები, რომელთა მთავარი ლოზუნგია - სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობსო, ჩვენ ასეთი ერი არ ვართ. არსებობენ ერები, რომელთაც დამპყრობლის მიერ გაწვდილი პეშვიდან გალიაში ჭამა ურჩევნიათ თავისუფლებაში არსებობას, ჩვენ ასეთი არ ვართ", - აღნიშნა სააკაშვილმა.

ნებაყოფლობით რეზერვზე და ზოგადად, ქართულ ჯარზე საუბრის დროს მიხეილ სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ ბოლო 9 თვეში ნებაყოფლობით რეზერვში 50 ათასი ადამიანი ჩაეწერა და ეს რიცხვი ზაფხულამდე ასი ათასს ასცდება. „ეს ის ხალხია, რომელთაც აქვთ სურვილი დაიცვან თავიანთი ქალაქი, უბანი, კორპუსი და აიმისთვის ითხოვენ ჩვენგან წვრთნასა და იარაღს. ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან ჯგუფის ახირება.

ეს ხალხი სხვადასხვა პოლიტიკური მრწამსის, სხვადასხვა აღმსარებლობის, სხვადასხვა ეთნიკური წარმომადგენლობის არის, მაგრამ მათთვის ერთნაირად ძვირფასია საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეა და მე ვამაყობ, რომ ჩვენს ჯართან ერთად ეს შეიქმნა საქართველოში. ჩვენ არასდროს უნდა აღმოვჩნდეთ იმ მდგომარეობაში, როდესაც საქართველოს ერთ ნაწილს მტერი ჯიჯგნიდა, ხოლო თბილისის ყველა რესტორანი სავსე იყო მოქეიფე ხალხით და ვინც დღეს საქართველოში ხელს აღმართავს ქართული ჯარის იდეაზე, მათ შორის რეზერვისტთა იდეაზე, ის პირდაპირ ემსახურება საქართველოს მტერს“, - დასძინა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ, პირველად მრავალი საუკუნის განმავლობაში, შეძლო კავკასიაში შეექმნა ეთნიკური, მრავალკულტურული, მრავალრელიგიური, თანამედროვე სახელმწიფო, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა, თვით ქართველებიც კი:

"ჩვენი მართვა ხომ ძალიან ადვილი იყო. ერთი ეთნიკური ჯგუფი უპირისპირდებოდა მეორეს, ერთი რელიგიური აღმსარებლობა - მეორეს, ესენი ყველაფერი ადვილი სათამაშო იყო და ეგონათ, რომ კავკასია ვერასდროს შექმნიდა თანამდეროვე სახელმწიფოს. ამ იდეას ანგრევს საქართველო და ამ იდეას ებრძვიან ჩვენი სახელმწიფოებრიობის მტრები"-განაცხადა პრეზიდენტმა და დაამატა, რომ ის, ვინც უგულებელყოფს ეთნიკურ შემწყნარებლობას და ცდილობს რელიგიური შუღლის გაღვივებას, ასევე პირდაპირ დგას მტრის სამსახურში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100