უცხოელმა დიპლომატებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ დაპატიმრებები პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ემსგავსება
ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა უზრუნველყოს სასამართლო განხილვების საჯაროობა, - ამის შესახებ ნათქვამია Human Rights Watch-ის 2013 წლის მსოფლიო ანგარიშში. დოკუმენტში მოყვანილია საქართველოს ახალი ხელისუფლების განცხადება , რომ წინა ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებით 7 000-ზე მეტი საჩივარია შესული.
ანგარიშის მიხედვით, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე ათეულობით ყოფილი თანამდებობის პირისა და მათთან დაკავშირებული მოხელის წინააღმდეგ აღძრა. დაკავებულია ოცზე მეტი ადამიანი. "უცხოელმა დიპლომატებმა და პოლიტიკოსებმა საჯაროდ გამოთქვეს შეშფოთება, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა და დაპატიმრებები პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ემსგავსება", - ნათქვამია დოკუმენტში.
Human Rights Watch-ის აზრით, ახლა, როცა ამ საქმეების სასამართლო განხილვები უნდა დაიწყოს, ახალმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა დაკავებულ პირს ჰქონდეს საპროცესო ნორმებით განსაზღვრული ყველა უფლებით სარგებლობის საშუალება და რომ სასამართლო განხილვა სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო ნორმებს მკაცრად აკმაყოფილებდეს", _ ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, აღნიშნულია, რომ წინა ხელისუფლება საზოგადოებას არ აძლევდა საშუალებას, თვალი მიედევნებინა პოლიტიკურად მგრძნობიარე ბევრი საქმის წარმოებისათვის, რითაც გააჩინა ეჭვი, რომ ამ საქმეებს პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა.
თავად ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორ ჰიუ უილიამსონის თქმით, ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა უზრუნველყოს სასამართლო განხილვების საჯაროობა. საზოგადოებრივი კონტროლი, რის განხორციელებასაც საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა სფეროში ნაკისრი ვალდებულებები მოითხოვს, დაეხმარება იმის უზრუნველყოფას, რომ ადამიანის უფლებები დაცული იქნება და, შესაბამისად, საქართველო უახლოესი წარსულიდანაც წინ გადადგამს ნაბიჯს.
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველო როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის, ისე სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მხარეა. ორივე დოკუმენტი წევრი სახელმწიფოებისგან მოითხოვს, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ პირს მისი საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება ჰქონდეს.
კომენტარი