სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ნაწილში სტიქია მთელი ღამის განმავლობაში ბობოქრობდა

შესაძლოა, რიკოთის უღელტხელზე სტიქიის შემოტევის დროს დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდოს, რადგან ღვარცოფის მოვარდნის დროს რესტორან „რიკოთში“ უამრავი ადამიანი იმყოფებოდა, - ამის შესახებ შემთხვევის ადგილზე მყოფი მაშველები აცხადებენ.

პარალელურ რეჟიმში, ზუსტდება დაკარგულთა ვინაობა, რომელთა რიცხვმა ამ დროისთვის უკვე ხუთს მიაღწია. რესტორან „რიკოთის“ ოთხივე დაღუპული თანამშრომლის ცხედარი ნაპოვნია და ცნობილია, რომ მათ შენობიდან გამოსვლა ვერ მოასწრეს.

შენობა მთლიანად დანგრეული და ჩასილულია. სტიქიის დაცხრომის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ნაგებობა სანახევროდ მიწაშია ჩაფლული. სწორედ ამ ნანგრევებში აღმოაჩინეს მაშველებმა ოთხი გარდაცვლილის ცხედარი. სავარაუდოდ, ძლიერი წვიმის, სეტყვისა და ღვარცოფის შედეგად რესტორნის უკან მდებარე მთის ნაწილი ჩამოიშალა და შენობა ქვეშ მოიყოლა. თვითმხილველები ამბობენ, რომ რესტორანს წყალი უკანა მხრიდან მოასკდა, შემდეგ კი რესტორნის წინ გაჩერებული მანქანები გაიყოლია და ხევში გადაიტანა.

„როგორ უნდა გავიგოთ, რამდენი ადამიანია დაკარგული? ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მგზავრები ოჯახებში არ მივლენ და მათ ძებნას დაიწყებენ. ზოგი მარტო მგზავრობდა, ზოგი ოჯახთან ერთად - მე თვითონ ვნახე, როგორ ჩარეცხა წყალმა ხევში რამდენიმე მანქანა, ოღონდ, არა მგონია, მანდ ვინმე მჯდარიყო“ - ამბობს რესტორან „რიკოთის“ გადარჩენილი თანამშრომელი.

სასწაულებრივად მოხერხდა დიდი ავტობუსიდან ბავშვების გამოყვანა: მანქანა თანდათან იფარებოდა წყლით, როცა მოქალაქეებმა ჯაჭვი შეკრეს და ერთმანეთისთვის ხელიდან ხელში ბავშვების გადაცემა დაიწყეს. საბოლოოდ, ბავშვები არ დაზიანდნენ.

რიკოთის უღელტეხილი და მიმდებარე სოფლები გამონაკლისი არ ყოფილა. გუშინ ღამით სტიქიამ საქართველოს კიდევ ბევრ ნაწილს შეუტია.

დუშეთის რაიონის მაღაროსკარის თემის ათამდე სოფელი რაიონულ ცენტრს მოწყვეტილია.

როგორც დუშეთის გამგებელი ლაშა ჯანაშვილი აცხადებს, ძლიერი წვიმის გამო წარმოქმნილმა მდინარეებმა ათამდე სოფელში გზები და ხიდები წაიღო, დატბორილია საცხოვრებელი სახლები, დაიხოცა მსხვილფეხა საქონელი და შინაური ფრინველები.

მისივე ინიფრმაციით, მაღაროსკარში ერთი მოსახლის საცხოვრებლი სახლი მდინარემ მთლიანდ დაანგრია, ასევე წაღებულია ეზოები, განადურებულია სახნავ-სათესი სავარგულები და დამწყდარია მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები.

თითქმის იგივე მდგომარეობაა ფასანაურის რაიონში, სადაც სოფლებთან დაკავშირებელი გზები სტიქიისგან განადგურებულია.

რთული სიტუაციაა სურამში, სადაც თითქმის ყველა სახლი დატბორილია. ავტომანქანების მფლობელები სხვადასხვა ეზოში პოულობენ თავიანთ ტრანსპორტს, რომლებიც ნიაღვარმა გადაისროლა: ზოგჯერ რამდენიმე კილომეტრის დაშორებითაც კი იმ ადგილიდან, სადაც ავტომაქნანა სტიქიის შემოტევამდე ჰქონდათ გაჩერებული. სურამში ძირითადი პრობლემა ადიდებულმა, სხვა დროს სრულიად უწყინარმა მდინარე „სურამულამ“ შექმნა...

რაც შეეხება რიკოთის გვირაბს, სტიქიამ ორივე მხრიდან მისასვლელი გზა ძალიან დააზიანა, მოვარდნილმა წყალმა ცენტრალური გზის მნიშვნელოვანი ნაწილიც ჩარეცხა.

"რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოვახერხეთ შემოვლითი გზით ტექნიკის შემოყვანა და გვირაბის ორივე მხრიდან გზის გაწმენდითი სამუშაოები დავიწყეთ", - აღნიშნა რეგიონალური ინფრასტრუქტურისა და განვითარების რამაზ ნიკოლეიშვილმა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა.

ამ დროისთვის კი უღელტეხილზე მოძრაობა ნაწილობრივ ჩაკეტილია. განადგურებულია გვირაბთან დამაკავშირებელი გზა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და სპეციური ტექნიკა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის სრულად აღდგენას რამდენიმე დღე დასჭირდება.

ამის შესახებ გილურმა, რიკოთის უღელტეხილზე სტიქიისგან დაზარალებულების მონახულებისას აღნიშნა.

"აქვე ადგილზე ჩავატარეთ ოპერატიული თათბირი. შეიძლება ითქვას, რომ დილიდან აღდგება მოძრაობა. ტრანსპორტის ნაწილი უღელტეხილის და ნაწილი საჩხერის სავტომობილო გზით იმოძრავებს. თუმცა, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის სრულად აღდგენას ორი-სამი დღეს დასჭირდება", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე ინფორმაციით, უღელტეხილზე ჩარჩენილი ავტომანქანების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულად გამოყვანა უკვე მოხერხდა.

ჩამოშლილი მთის ნაწილის გამო შეფერხებული იყო მატარებლების მოძრაობა წიფის გვირაბთან ახლოს, თუმცა ამ დროისთვის სარკინიგზო მიმოსვლა აღდგენილია.

ქართველი სინოპტიკოსები კი აცხადებენ, რომ საქართველოში არამდგრადი ამინდები, მინიმუმ, 20 ივნისამდე გაგრძელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100