„მოშორდი აქედან, პუტინის კაცო!“ - უყვიროდნენ ივანიშვილს გურჯაანში (ვიდეო)
როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა კოალიცია „ქართული ოცნების“ რეგიონალური ოფისების გახსნაში სკანდალის გარეშე აღარ ჩაივლის, თუკი დღევანდელი აქციის შემდეგ მილიარდერი ამ პროცესში მისი მონაწილეობის საკითხს არ გადასინჯავს. ყოველ შემთხვევაში, გურჯაანის მოსახლეობის ნაწილმა დღეს ივანიშვილსა და მის აქტივისტებს პროტესტი გამოუცხადა. საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან სხვა რაიონების მცხოვრებლებიც, სადაც ბიძინა ივანიშვილი საკუთარი კოალიციის ოფისის გახსნას გეგმავს.
გურჯაანში მომხდარი ინციდენტის შესახებ, რომელიც იქ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას ახლდა თან, რა თქმა უნდა, არაფერია ნათქვამი „ფეისბუქზე“ ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე, სადაც განთავსებულია ინფორმაცია გურჯაანში კოალიციის ოფისის გახსნის შესახებ, რომელსაც ქართველი მილიარდერიც დაესწრო. საპროტესტო აქციის გაშუქებით დიდად არც ოპოზიციური მედიის ნაწილს შეუწუხებია თავი, ხოლო ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გურჯაანში ჩატარებული აქციის მონაწილეები „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებად“ მოიხსენია.
აქციის მონაწილეები ივანიშვილს კოალიციის ოფისის შესასვლელთან დახვდნენ და მანქანიდან მისი გადმოსვლისთანავე შეძახილები დაიწყეს: „წადი!“; „რუსეთის მონავ!“; „პუტინის კაცო!“ - ყვიროდნენ ისინი.
რაც შეეხება „ფეისბუქზე“ ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდს, იქ მითითებულ ინფორმაციაში მოკლედაა ნახსენები, რომ ოფისის გახსნას გურჯაანში კოალიციის სხვა წევრებთან ერთად, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტს „უნიჭო“ უწოდა:
„ქართული ოცნების“ ლიდერმა საქართველოს პრეზიდენტს უნიჭო უწოდა და განაცხადა, რომ საკუთარ ხალხთან ასე ბოროტად მოქცევა უნიჭობაა.
„ადამიანი, რომელიც ასე ბოროტად ექცევა საკუთარ ხალხს, ის უნიჭოა“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.“
როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის ნიჭიერება იმაში გამოიხატება, რომ ფაქტობრივად, ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსია ზურაბ ნოღაიდელის შემდეგ, რომელსაც საკუთარი კოალიციის ოფისის პრეზენტაციაზე საპროტესტო აქციას უწყობენ და „რუსეთის მონას“ საჯაროდ უწოდებენ.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვიდეომასალა:
კომენტარი