მიხეილ სააკაშვილი: "საქართველოს მომავალი ბევრად მეტი ღირს, ვიდრე მათი მილიარდები..."
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი საკასო ცენტრის შენობის გახსნის დროს წარმოთქმულ სიტყვაში ბანკირებს საკრედიტო განაკვეთების შემცირებისკენ მოუწოდა. მიხეილ სააკაშვილის აზრით, სესხებზე პროცენტები ძალიან მაღალია და ისე უნდა გაკეთდეს, რომ მათ აღებას ეკონომიკური ურთიერთდაინტერესება განსაზღვრავდეს. პრეზიდენტმა ამ კუთხით განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სესხებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.
ეროვნული ბანკის ახალი საკასო ცენტრი საქართველოს მასშტაბით ნაღდი ფულის მოძრაობას გააკონტროლებს. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ეს შენობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს აღმშენებლობის პროცესს და იგი ახალი, გამჭვირვალე საქართველოს სახეს წარმოადგენს.
პრეზიდენტი ბანკების მიერ იპოთეკურ სესხების გაცემასა და თანხის ამოღებასთან დაკავშირებულ პროცესებსაც შეეხო და საბანკო დაწესებულებებს სიფრთხილისკენ მოუწოდა:
„მე დავდივარ ძალიან ბევრს, მხვდება უამრავი ადამიანი, რომლებიც მეუბნებიან, რომ ჰქონდათ ერთოთახიანი, ოთახნახევრიანი ბინები, რომლებიც ბანკებმა გაუყიდეს და ეს ხალხი დატოვეს ქუჩაში. ხალხნო, ფრთხილად იყავით, ძალიან გთხოვთ: ჩვენ ვღებულობთ მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფს, რომლებიც თქვენს მიერ არის განწირული, გაღატაკებული და ქუჩაში დატოვებული: ნუ იტყვით, რომ ეს მათი არჩევანია და ნუ გააკეთებთ ისე, რომ მიიღოთ დამშეული, გაღატაკებული და გაუბედურებული კლასი - გუშინ შევხვდი ოჯახს, რომელსაც ბანკმა გაუყიდა სახლი და ოჯახის 12 წევრი გადანაწილებულია 7 ადგილას, იმიტომ რომ არა აქვთ საცხოვრებელი ადგილი. გაფრთხილებთ, თუ ასე გაგრძელდება, მიიღებთ სერიოზულ ანტისაბანკო განწყობას საქართველოში. ნუ გამოეკიდებით ამ მცირე შემოსავლებს, თორემ უკუეფექტს მიიღებთ“, - მიმართა პრეზიდენტმა ბანკირებს:
„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ან არჩევნებმა, ან სხვა პოლიტიკურმა პროცესებმა შეაჩერონ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ვიცი, რომ არის ძალიან ბევრი პოპულისტი. გუშინ ვუყურებდი და ქრისტიან-დემოკრატები იმდენ რამეს პირდებიან ხალხს, ავდექი და დავითვალე მერე კინაღამ ავიღე ყურმილი და დავურეკე გიორგი თარგამაძეს, რადგან აღმოჩნდა, რომ უკვე დაახლოებით ათი მილიარდის თამასუქები აქვთ გაცემული. ასე შორს ვერ წავალთ. მაგრამ ჩვენ, რომლებიც დარწმუნებული ვართ, რომ ამ არჩევნებს მოვიგებთ, მსგავსს არავის არაფერს ვპირდებით, მხოლოდ იქედან გამოვდივართ, რისი შესაძლებლობა გააჩნია საქართველოს და როგორ უნდა განვითარდეს“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში მიმდინარე პროცესებში რუსულ კვალსაც შეეხო და აღნიშნა, რომ კრემლის პირდაპირი მითითებით ქვეყანაში ძალიან ბევრი რუსული ფული შემოდის:
„მართლა ბრიყვი უნდა იყო, რომ ვერ მიხვდე, არის თუ არა ეს რუსული ფული. თუ ბრმა და ყრუ არა ხარ, ყველამ კარგად იცის, რაც ხდება. მაგრამ ერთი პრობლემა აქვთ ჩვენს „მეგობრებს“: ფულის გამომგზავნებსაც და მათ აქაურ წარმომადგენლებსაც: საქართველოში იყიდება რომელიმე დეგრადირებული ან დეკლასირებული პოლიტიკოსი; იყიდება სხვადასხვა სფეროს რომელიმე მოქმედი ან ყოფილი წარმომადგენელი;
საქართველოში, რა თქმა უნდა, ყოველთვის იყო და არის ადამიანი, რომელსაც ფეხებზე ჰკიდია ქვეყანა, ეშმაკს შეეკვრება და მიეყიდება ფულისთვის; შეგიძლია იყიდო წარსულის რომელიმე ცნობილი სახე, რომელსაც საბანკო კრედიტი აქვს და ვერ დააბრუნა - ამიტომ მიეყიდება ყველას, ვინც იყიდის; შეგიძლია იყიდო ხელოვნების რომელიმე სფეროს არცთუ ისე წარმატებული წარმომადგენელი,მაგრამ საქართველოში არ იყიდება ორი რამ: ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი - აი, ეს არის ახალი, არაკორუმპირებული სახელმწიფოს შექმნის სიამოვნება.
აი, ეს არის მთელი ჩვენი სიმტკიცის მარაგი - ვერასდროს ვერ იყიდი ვერც ერთ სახელმწიფო ინსტიტუტს; ჩვენ არა გვაქვს კორუფცია სახელმწიფო აპარატში და ჩვენ არ დავუშვებთ პოლიტიკურ კორუფციას საქართველოში; ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საქართველოში ხმები, ამომრჩევლები, პოლიტიკური პროცესები იყიდებოდეს გინდა ერთ, გინდა ათ და გინდა ას მილიარდად, იმიტომ რომ საქართველოს მომავალი ღირს ბევრად მეტი, ვიდრე მათი მილიარდები და ვიდრე იმ უსინდისო ადამიანების ძალიან გაუფასურებული სინდისი და ღირსება.
ჩვენ მკაცრად დავიცავთ კანონს და, სხვათა შორის, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ამაზე მხოლოდ ტაშს დაგვიკრავს, იმიტომ რომ კანონის დაცვა ყველა ღირსეული ადამიანის ვალია. ვერავინ დაგვაბრუნებს ვერ პოლიტიკურ კორუფციაში, ვერც პარტიულ, ვერც საარჩევნო კორუფციაში და, მით უმეტეს, ვერავინ მოისყიდის სახელმწიფო აპარატს“, - თქვა პრეზიდენტმა საკასო ცენტრის გახსნისას.
კომენტარი