სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გახმაურებული ფოტოები: სამტრედიელთა ძროხები სარკინიგზო გადასასვლელ ხიდზე

სამტრედიის შესასვლელთან, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სარკინიგზო გადასასვლელ ხიდზე მსგავს სურათს დღესაც ხშირად ნახავთ. ძროხები, რომლებიც სამტრედიელებსა და ახლომდებარე სოფლების მოსახლეობას ეკუთვნის. ისინი სწორედ ამ ხიდით სარგებლობენ. ვისაც უნახავს, დაგვეთანხმება, რომ საოცარი სანახაობაა, როცა ძროხები კიბეებს დინჯად აუყვებიან, ხიდს გადაივლიან და ასევე დინჯად ჩაივლიან საფეხურებს. მათ მწყემსიც კი არ დაჰყვება, რომელსაც სოფლებში ყოველ მეორე-მესამე დღეს ცვლიან: ხიდის გადავლა იმდენად სტაბილურ რიტუალად იქცა, რომ მწყემსებს არც კი ეშინიათ, რომ საქონელი ხიდის ნაცვლად რკინიგზას გადაკვეთავს და მატარებლის მსხვერპლი გახდება.

არავინ იცის, პირველად თვითონ სცადეს თუ ვინმემ მაგალითი აჩვენა, მაგრამ სამტრედიის შესასვლელთან, ამ ცნობილ ხიდზე ამ და სხვა "სამაგალითო" ძროხებს დღესაც ხშირად ნახავთ.

ალბათ, ცოტა უხერხულია, ადმიანებს, მოქალაქეებს მოუწოდო იმისკენ, რომ ძროხას მიბაძოს, მაგრამ თუ საავტომობილო გზებზე ქვეითად მოსიარულეთა დაშავებისა და დაღუპვის სტატისტიკას გადავხედავთ და თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ შემთხვევის ადგილებზე, როგორც წესი (უმეტესწილად), გადასასვლელი ხიდებია აგებული, სამტრედიელთა ძროხების ამ კონკრეტული ქმედების მიბაძვა ბევრს ნამდვილად არ გვაწყენდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100