სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი რევაზაშვილი: „ხუდონჰესი“ არ ავაშენოთ და სმარტფონების ნაცვლად მტრედები გამოვიყენოთ

თანამედროვე მსოფლიოში სახლს ვერ ააშენებს ადამიანი, ისე რომ გარემოს რაიმე სახის ზიანი არ მიაყენოს და შესაბამისად, ხუდონჰესის მასშტაბის პროექტის გავლენა გარემოზე შეუქცევადია, მაგრამ საზოგადოება აკეთებს არჩევანს, რა გვინდა? ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა თუ ხელთუქმნელი გარემო, რომელიც ასეთი პროექტების მშენებლობის შემთხვევაშიც ზიანის ანაზღაურებას ექვემდებარება.

„სადღაც იჭრება ხე, მაგრამ მისი დარგვა სხვა ადგილას შეიძლება. მაშინ უარი ვთქვათ გზების მშენებლობაზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობაზე, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც გარემოს ვაბინძურებთ. უარი ვთქვათ iPhone-ების და სხვა სმარტფონების გამოყენებაზე, ვინაიდან გარკვეულ წრეებში არის გავრცელებული აზრი, რომ ამ ტელეფონების მარაგ-ნაწილების მოპოვებისას ზარალდება გარემო და საერთოდაც ის ადამიანის ჯანმრთელობას ვნებს და ვისარგებლოთ ინფორმაციის გადაცემისთვის მტრედებით. სია გრძელია და დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომლებიც გამუდმებით აპელირებენ გარემოს დაცვის ინტერესებით, სმარტფონებითაც სარგებლობენ და თანამედროვე ცივილიზაციის ყველა სიკეთითაც. საერთოდ მრჩება შთაბეჭდილება, რომ რაღაც ნაწილს პროგრესისა და ტრადიციული კულტურის დაპირისპირება უნდათ, არადა არჩევანი ასე არ დგას“, - მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაცია „გადასახადის გადამხდელთა კავშირის” თანადამფუძნებელს გიორგი რევაზაშვილს.

მისი შეფასებით, „ხუდონჰესის“ და ზოგადად ასეთი საინვესტიციო მასშტაბის პროექტების განხორციელებას საქართველოს ეკონომიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ეს არის ეკონომიკის გაჯანსაღების და ცხოვრების დონის გაუმჯობესების საშუალება.

„ხუდონჰესი“ მნიშვნელოვანია ჩვენი ენერგოუსაფრთხოებისთვის, ელექტროენერგიაზე ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის და ასევე იმისთვის, რომ ქვეყანას ელექტროენერგიის საექსპორტო პოტენციალი გააჩნდეს. ექსპორტი კი მნიშვნელოვანია სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებისთვის, რაც თავის მხრივ ეროვნული ვალუტის სტაბილურობას განაპირობებს. ეს პროექტი მნიშვნელოვანია საბიუჯეტო შემოსავლების ზრდისთვის და უმუშევრობის შემცირებისთვის. ასეთი პროექტები მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის ტექნოლოგიური პროგრესისთვის“, - მიაჩნია გიორგი რევაზაშვილს.

ის ფიქრობს, რომ ის პრობლემები, რომელიც დღეს ამ 1.2-მილიარდიანი პროექტის განხორციელების დაწყებას ახლავს თან, მონაწილე მხარეების პასუხისმგებლობის აღების ხარჯზე უნდა მოგვარდეს. „ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ აუხსნას საზოგადოებას, თუკი ვინმე არის ასეთი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი და რას მოიტანს მისი განუხორციელებლობა“, - ფიქრობს „გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ თანადამფუძნებელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100