2012 წლის 30 იანვარს ობამა-სააკაშვილის პირისპირ შეხვედრა ოვალურ კაბინეტში შედგება
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პირისპირ შეხვდება. შეხვედრა 30 იანვარსაა ჩანიშნული და იგი ვაშინგტონში, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტი ერთ-ერთი პირველია იმ სიაში, ვისთან შეხვედრასაც ბარაკ ობამა წლის განმავლობაში გეგმავს.
განცხადება შეხვედრის თარიღისა და განსახილველი საკითხების შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, სადაც ვკითხულობთ:
„მიმდინარე წელს შეერთებული შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავი აღინიშნება და ორი ქვეყნის პრეზიდენტები ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრებენ. ისინი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ტურიზმის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, მეცნიერების, განათლების, კულტურისა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ“.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტები აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზეც ისაუბრებენ.
„აშშ-ის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას. პრეზიდენტი ასევე ისაუბრებს მომავალ არჩევნებზე საქართველოში და იმ რეფორმებზე, რომელთაც უნდა უზრუნველყონ სტაბილური დემოკრატია საქართველოში“, - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: თეთრი სახლის ოფიციალური ვებ-გვერდი
კომენტარი