სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბორჯღალოსნებმა ”დათვები” მშრალად ”აბურდღუნეს” – ექვსი უპასუხო ლელო და 46:0

როგორც მოსალოდნელი იყო, სტადიონი ბოლომდე შეივსო. იმდენადაც კი, რომ ბოლოს ორგანიზტორებმა ერთ-ერთი ტრიბუნის ის ნაწილიც დაუთმეს მაყურებლებს, სადაც პერსონალური სკამები არ იყო დამონტაჟებული.

თეთრი და წითელი, A3 ფორმატის ფურცლები მაყურებლებს სკამებზე არ დახვედრიათ - თამაშის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დაარიგეს.

თამაშის მშრალ სტატისტიკურ მონაცემებს ქვემოთ შემოგთავაზებთ, მანამდე კი, ორიოდ სიტყვით, იმ განწყობასა და მოლოდინზე მოგიყვებით, რაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სუფევდა.

პირველი, რაც თვალში აშკარად გეცემოდათ, თამაშის დაწყებამდე თითქმის საათნახევრით ადრე შევსებული დასავლეთისა და აღმოსავლეთის ტრიბუნები იყო - ბევრმა ყურად იღო მოწოდება, სტადიონზე ადრე მივიდა და იმ ახლობლებისთვის, რომლებსაც თავი ქუდში ჰქონდათ და არ ჩქარობდნენ, ადგილებიც დაიბევა. თუმცა, მცირედი გაუგებრობა ამანაც წარმოშვა, რადგან გულშემატკივართა უმრავლესობა თავისუფალ ადგილებს სწორედ ამ ტრიბუნებზე ეძებდა და თავისუფალი სკამების დანახვაზე ტყუვდებოდა, მერე კი აღმოაჩენდა, რომ ადგილები დაკავებული ყოფილა.

სტადიონის შესასვლელთან ბილეთების გადამყიდველები ირეოდნენ, თუმცა, ფასი დიდად არ გაზრდილა და მეტიც, თამაშისბ დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მას 5 ლარად, ანუ, თავის ფასშიც შეიძენდით.

მოთელვაზე რუსი მორაგბეების გამოსვლას გამაყრუებელი სტვენა მოჰყვა და, კაცმა რომ თქვას, არც რუსეთის სახელმწიფო ჰიმნის დროს ყოფილა შესაბამისი სიჩუმე. უარყოფითი რეაქცია რუსეთის სახელმწიფო ჰიმნზე იმდენად აშკარა იყო, რომ ქართველ მორაგბეებს ხელითაც მოუწიათ მაყურებლისთვის მინიშნება, რუსი სპორტსმენებისთვის ჰიმნის მოსმენის საშუალება მიეცათ. არ ვიცი, ესმოდათ თუ არა მელოდია ”დათვებს” რეპროდუქტორებიდან, მაგრამ ფაქტია, რომ საკმაოდ აღგზნებულები და დიდი მონდომებით მღეროდნენ.

საქართველოს ჰიმნი, მართლაც, მთელმა სტადიონმა იმღერა. მართალია, ცოტა არეულად და არახმაშეწყობილად, მაგრამ მაინც ერთხმად. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ქომაგებმა დიდად გამოიჩინეს თავი ჰიმნის მღერისას, ე.წ. ტალღების ორგანიზებისას თამაშის დროს და დაძაბულ მომენტებში ყვირილით: ”ლე-ლო! ლე-ლო!”. რუს სპორტსმენებს ქომაგთა ჯგუფი არ ჩამოჰყოლია - გასაგები მიზეზების გამო.

ქართველ სპორტსმენთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მოედანზე ისინი სტუმრებს საკმაოდ კორექტულად ექცეოდნენ და სტუმრებიც ამითვე პასუხობდნენ. მხარზე მოტყაპუნება და თავზე მოთათუნება ჩვეულებრივი, თამაშის თანმდევი ნიუანსი იყო, რითაც ქართველი მორაგბეები მაყურებლებსაც კორექტულობის მაგალითს აძლევდნენ. იქნებ ამის შედეგიც იყო, რომ როგორც პირველი ტაიმის, ასევე მატჩის დასრულების შემდეგ რუსი მორაგბეები აღმოსავლეთ ტრიბუნაზე მყოფმა ქართველმა მაყურებელმა ტაშით გააცილა. რახან მოვლენებს წინ გავუსწარი, ბარემ იმასაც გეტყვით, რომ თამაშის შემდეგ ჩვენმა ბიჭებმა ტრადიციული კორიდორიც გააკეთეს და ნირწამხდარი ”დათვები” მოედნიდან ტაშით გააცილეს.

”ჰა, ბიჭებო, ძნელი ყოფილა გამარჯვება ტანკების გარეშე?!”, - მაინც ”ჩაუპოლიტიკურა” ერთმა მაყურებელმა აღმოსავლეთის ტრიბუნიდან.

ექვსმა უპასუხო ლელომ უკვე სასაცილო გახადა, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ რუსთა მთავარი მწვრთნელი იმედს არ კარგავდა და აცხადებდა, რომ თბილისში მოსაგებად ჩამოვიდნენ.

საქართველოს ნაკრებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრა და, ფაქტობრივად, გააზრებული გარღვევის შესრულების საშუალებაც არ მისცა, თუმცა, მშრალი ანგარშის შენარჩუნებას მატჩის ბოლო წუთებზე მაინც დაემუქრა საფრთხე, როცა ”დათვები” საქართველოს ჩათვლის ხაზს მიადგნენ, მაგრამ ქართველებმა ბურთის გამოტანა მაინც მოახერხეს. სპორტსმენებს შორის მოედანზე ექსცესი არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე წამიან დაპირისპირებას, რომელიც ისევ მორაგბეებმა აღკვეთეს...

საქართველოს ნაკრებმა დღევანდელი მატჩი შემდეგი შემადგენლობით ითამაშა. 5. ირაკლი ყიასაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. ვასილ კაკოვინი, 2. ირაკლი ნატრიაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გივი ბერიშვილი 8. მამუკა გორგოძე.

სათადარიგოები: 16. რეზო ბელქანია, 17. დავით ხინჩაგიშვილი, 18. გიორგი ნემსაძე, 19. დიმიტრი ბასილაია, 20. გიორგი ბეგაძე, 21. ლაშა მალაღურაძე, 22. თედო ზიბზიბაძე. მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი.

რუსეთი: 15. იური კუშნარიოვი, 14. მიხაილ ბაბაევი, 13. სერგეი ტრიშინი, 12. ალექსეი მაკოვეცკი, 11. ანდრეი ოტროკოვი, 10. ანტონ რიაბოვი, 9. ალექსანდრ იანუშკინი. 1. ალექსეი ვოლკოვი, 2. ნაზარ გასანოვი, 3. ინოკენტი ზიკოვი, 4. დენის ანტონოვი, 5. კირილ კულემინი, 6. არტიომ ფატახოვი, 7. ანდრეი გარბუზოვი, 8. ვიქტორ გრესევი.

სათადარიგოები: 16. კირილ კოპეშკინი, 17. მაქსიმ სტურზა, 18. ვლადიმერ ბოლტენკოვი, 19. პაველ კვერნაძე, 20. ალექსანდრ შაკიროვი, 21. პაველ ბუტენკო, 22. დიმიტრი გერასიმოვი. მთავარი მწვრთნელი: კინგლსი ჯოუნზი. საქართველო-რუსეთის მატჩს ფრანგი მარიო სენარი მსაჯობდა.

ახლა კი კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი თამაშის მიმდინარეობას (sportall-ის მიხედვით):
შეხვედრა თავიდანვე მილტონ ჰეიგის გუნდის კარნახით წარიმართა და უკვე მეორე წუთზე ჩვენ სასარგებლოდ ჯარიმა დაინიშნა, თუმცა ანგარიშის გახსნაში ხელი მერაბ კვირიკაშვილს ქარმა შეუშალა.

"ბორჯღალოსნების" აქტიურობას კიდევ ერთი ჯარიმა მალევე - მე-8 წუთზე მოჰყვა. მეკომ ამჯერად ზუსტად დაჰკრა და გუნდი 3:0 დააწინაურა. ამის შემდეგ რუსებს გათანაბრების შანსი ზედიზედ ორჯერ მიეცათ, თუმცა ანტონ რიაბოვს მიზანმა ორივეჯერ უმტყუნა, რითაც თავის გუნდს ამ მატჩში ქულის აღების შანსი დაუსამარა.

მე-18 წუთზე ჩვენ შეტევას დავით კაჭარავას კარგი გარღვევა და რუსების ჩათვლის მოედანში ლელო მოჰყვა, თუმცა ფრანგმა მსაჯმა მარიო სენარმა ბურთის წინ თამაში დააფიქსირა. აი, 7 წუთის შემდეგ კი "ბორჯღალოსნებმა" ყველაფერი წესების დაცვით შეასრულეს და საბოლოოდ მამუკა გორგოძემ დაამიწა. რეალიზაცია კვირიკაშვილმა ზუსტად შეასრულა - 10:0.

მამუკა გორგოძემ თავისი წვლილი ჩვენებურთა მეორე ლელოშიც დაიდო - მისი და დათუნაშვილის კარგად გათამაშებული კომბინაცია გიორგი ჩხაიძემ დააგვირგვინა, მეკომ კი რეალიზაცია ისევ ზუსტად დაარტყა - 17:0.

რამდენადაც საქართველოს ნაკრების მთავარი მიზანი ამ მატჩში ოთხი ლელოს დადება და პრემიალური ქულის მოპოვება იყო, ჩვენები მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებდნენ. აშკარად ჩანდა, რომ რუსები განწირულები იყვნენ, თუმცა პირველი ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.

შესვენების შემდეგ "ბორჯღალოსნები" კვლავ წინ გავიდნენ - ჯერ კვირიკაშვილმა ჯარიმა ზუსტად დაარტყა და ანგარიში გაალამაზა (20:0), 47-ე წუთზე კი მესამე ლელოს ავტორი ირაკლი მაჩხანელი გახდა. მეკოს რეალიზაციისას მიზანმა კვლავ არ უმტყნა და ანგარიში კიდევ უფრო სოლიდური - 27:0 გახდა.

მოედანზე სტუმრებს არაფერი გამოსდიოდათ და აშკარა იყო, საჭირო მეოთხე ლელოს დადებას ქართველი მორაგბეები ადრე თუ გვიან აუცილებლად მოახერხებდნენ.

ასეც მოხდა - 60-ე წუთზე ლელო ლევან დათუნაშვილმა მიითვალა, მეკომ კი კიდევ ერთი ზუსტი რეალიზაცია შეასრულა. "ბორჯღალოსნებმა" პრემიალური ქულა გაინაღდეს.

რუსების ნაკრები აირ-დაირია. ამით ისარგებლა ჩვენი ნაკრების კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ, რომელმაც ბრწყინვალე გარღვევა განახორციელა და ბურთი გიორგი ნემსაძეს დროულად მიაწოდა. ამ უკანასკნელმაც მეხუთედ აიკლო მეტოქის ჩათვლის მოედანი. რეალიზაცია მეკომ კი ააცილა, თუმცა ეს უკვე აღარაფერს წყვეტდა, ანგარიში ისედაც გამანადგურებელი იყო - 39:0.

ამის შემდეგ სტუმრებმა გაიბრძოლეს, თუმცა მათი იერიში უშედეგო აღმოჩნდა. საპირისპიროდ კი ირაკლი მაჩხანელმა იყოჩაღა შეხვედრის ბოლო წუთზე და მეექვსე ლილო მოუტანა გუნდს.

შეხვედრის საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება მეკოს ხვდა წილად, რომელმაც რეალიზაცია ზუსტად დაარტყა - 46:0!

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ჩვენი გუნდის ლიდერი მამუკა გორგოძე დასახელდა, რომელმაც ერთი ლელო მიითვალა და ერთიც, მეტოქის ჩათვლის ზონაში შეჭრილმა, დიდსულოვნად დაუთმო ირაკლი მაჩხანელს, რომლის ანგარიშზეც ორი ლელოა.

ესპანეთის ნაკრებმა 13:12 დაამარცხა რუმინეთის გუნდი. დღევანდელი მონაცემებით, ერთა თასის ცხრილს საქართველო ლიდერობს 15 ქულით, მის მდევარ ესპანეთს კი 14 ქულა აქვს.

ორივე პოტენციურ პრეტენდენტს თითო მატჩი აქვთ ჩასატარებელი: საქართველოს ნაკრები პირველი ტურის გადადებულ შეხვედრას უკრაინაში გამართავს, ხოლო ესპანეთი კი, ასევე გადადებულ თამაშს ითამაშებს რუსეთში. უკრაინასთან გამარჯვების შემთხვევაში (ეს გუნდი აუტსაიდერია) საქართველოს ნაკრები ერთა თასის გამარჯვებული უკვე ზედიზედ მეორედ გახდება.

ცნობისთვის: ერთა თასზე საქართველოს ნაკრები მუდმივად სამეულშია, 2001, 2008, 2009 და 2011 წლებში კი ბორჯღალოსნებმა გათამაშება მოიგეს და ერთა თასს დაეუფლნენ.

დღევანდელ თამაშს ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ოჯახთან ერთად; პრემიერი ნიკა გილაური, დედაქალაქის მერი გიგი უგულავა და საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100