„ეურო-2020“-ის მასპინძლობაში საქართველო-აზერბაიჯანის კონკურენტი ქვეყნები ცნობილია
იმ აჟიოტაჟის ფონზე, რომელიც საქართველოში ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ატეხა და დაწერა, რომ აზერბაიჯანული მხარე საქმის კურსში არაა საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივ განაცხადზე „ეურო2020“-ის მასპინძლობის შესახებ, ოფიციალური განცხადება სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა, სადაც განმარტა, რომ ერთობლივი განაცხადი ნამდვილად არსებობს.
ამ განცხადების შემდეგაც დარჩენილ ურწმუნო თომებს ცივი წყალი თვითონ აზერბაიჯანულმა მედიასაშუალებებმა გადაასხეს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ „ევრო-2020“ მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადის შეტანის საკითხი აზერბაიჯანისა და საქართველოს პრეზიდენტებმა უმაღლეს დონეზე განიხილეს. სწორედ ურწმუნო თომებს ელით კიდევ ერთი იმედგაცრუება, როცა გაიგებენ, რომ არათუ ოფიციალური განაცხადი არსებობს, არამედ უკვე ცნობილიცაა კონკურენტი ქვეყნების დასახელება.
როგორც ჩანს, ამ თემაზე პოლიტიკური სპეკულირება ისევ გრძელდება, რასაც ადასტურებს ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე კოალიცია "ქართული ოცნების" პრესპიკერის, მაია ფანჯიკიძის განცხადება. "დრონი.ჯი" უცვლელად გთავაზობთ ამ განცხადებას, შემდეგ კი დღეს ერთ-ერთ აზერბაიჯანულ სპორტულ პორტალზე გამოქვეყნებულ ცნობას, რომლის თაობაზეც, როგორც ჩანს, ივანიშვილის პრესსამდივნო ინფორმირებული არ იყო, რაც მხოლოდ მის არასრულფასოვან საქმაინობაზე მიანიშნებს:
”ქართული ოცნება” პროპაგანდად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის აზერბაიჯანთან ერთად ჩატარების გეგმის შესახებაც. მაია ფანჯიკიძის თქმით, როგორც გაირკვა, მსგავსი გეგმის არსებობას აზერბაიჯანის მხარე უარყოფს. საქართველოს და აზერბაიჯანის განზრახვაზე ერთად ჩაატარონ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი, 7 მარტს, ბაქოში ვიზიტისას ისაუბრა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. ამასთან, აზერბაიჯანმა, რომელსაც განაცხადი აქვს წარდგენილი 2020 წლის ოლიმპიადის ჩატარებაზე, განმარტა, რომ სწორედ ოლიმპიადაზეა ფოკუსირებულია. საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ქენულ ნურულაევამ ინტერნეტგამოცემა azerisport-ს 9 მარტს უთხრა, რომ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განცხადება მხოლოდ სურვილს გამოხატავდა და ოფიციალურ, სახელმწიფო დონეზე აზერბაიჯანში ამის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არაფერია", - განაცხადა ბრიფინგზე მაია ფანჯიკიძემ.
ერთ-ერთი პოპულარული აზერბაიჯანული სპორტული პორტალი apasport.az კი დღეს აქვეყნებს ცნობას, სადაც ნათქვამია:
„უკვე დასახელებულია „ევრო-2020“-ის ფინალური ტურნირის მასპინძლობის მოსურნე ქვეყნები, რომლებიც კონკურენციას გაუწევენ აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობლივ განაცხადს“.
apasport.az იტყობინება, რომ უკვე გაგზავნილია 7 განაცხადი, რომელთა უმრავლესობა არა ორი, არამედ სამი ქვეყანაა. მაგალითად, ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები - ბოსნია-ჰერცოგოვინა- ხორვატია-სერბეთი და დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში შემავალი სამი ქვეყანა - ირლანდია-შოტლანდია-უელსი აცხადებენ პრეტენზიას 2020 წლის მთავარი ევროპული საფეხბურთო მოვლენის მასპინძლობაზე.
საქართველო-აზერბაიჯანის მსგავსად, ორმხრივი ერთობლივი განაცხადი უეფაში რუმინეთ-ბულგარეთმა და ჩეხეტ-სლოვაკეთმა წარადგინეს. მთავარი ფავორიტები ინდივიდუალური განაცხადის ქვეყნები თურქეთი, ჰოლანდია და ბელგიან არიან. „ევრო-2020“-ის ფინალური ტურნირის ჩატარების ადგილი უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, 2014 წელს დასახელდება.
წყარო აზერბაიჯანული სპორტული პორტალიდან
კომენტარი