საქართველოს ბანკმა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკიდან (BSTDB) 75 მლნ ლარის მოცულობის დაფინანსება მოიზიდა
29 მარტი, 2018- საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან (BSTDB) ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. თანამშრომლობის ფარგლებში შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) საქართველოს ბანკს 75 მილიონი ლარის (30 მლნ აშშ დოლარის) მოცულობის დაფინანსებას გამოუყოფს, აღნიშნული დაფინანსება საქართველოში მცირე და საშუალო (SME) ბიზნესის მხარდაჭერას მოხმარდება.
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა ადგილობრივი ვალუტის დაფინანსებისთვის სახსრები ლარში დენომინირებული ბონდების საქართველოს საფონდო ბირჟაზე საჯაროდ განათავსების გზით, ჯგუფში შემავალი საბროკერო კომპანია Galt & Taggart-ის ხელმძღვანელობით მოიზიდა.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკსა და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს შორის კიდევ ერთ წარმატებულ თანამშრომლობას მოეწერა ხელი. მნიშვნელოვანია, რომ ტრანზაქცია განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესს, ჰქონდეს წვდომა დაფინანსებაზე, მათი შემდგომი განვითარების მიზნით. ამავე დროს, ჩვენ როგორც წამყვან ბანკს, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს საქართველოს ეკონომიკის შემდგომ დე-დოლარიზაციის პროცესში. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მნიშვნელოვან პარტნიორს, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს, მხარდაჭერისათვის.“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.
„გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტად გავაფართოვოთ წარმატებული თანამშრომლობა ჩვენს უმსხვილეს პარტნიორთან, საქართველოს ბანკთან და ერთობლივად შევთავაზოთ მცირე და საშუალო ბიზნესს სექტორის დაფინანსება, ამით კი ხელი შევუწყოთ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ პროგრამას- საბანკო სექტორში დე-დოლარიზაციას. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს BSTDB-ის ადგილობრივი სავალუტო ოპერაციების მხარდაჭერისათვის. BSTDB-ი ოპერაციების დაფინანსების მიზნით გამოუშვებს ბონდებს, რომელსაც საჯაროდ განათავსებს საქართველოს საფონდო ბირჟაზე, რაც დამატებით ხელს შეუწყობს საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას",- განაცხადა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, იგორ ლეშუკოვმა.
კომენტარი