საპატრიარქოში დღეს სომხეთის ეკლესიის დელეგაციის ოფიციალური მიღება შედგება
საქართველოს საპატრიარქოში დღეს სომხეთის ეკლესიის დელეგაციის ოფიციალური მიღება შედგება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, მიღების შემდეგ საუბარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან დახურულ ფორმატში გაიმართება.
დღესვე, ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის ეკლესიის დელეგაცია ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს დაათვალიერებს, თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონში პარაკლისს აღავლენს, საქართველოში სომხეთის საელჩოს ეწვევა და თბილისის "დავითიანების" სახელობის თოჯინების სახლს ეწვევა და და საზოგადოებრივ და კულტურული სფეროს მოღვაწეებს შეხვდება.
12 ივნისს, სომეხი სტუმრები თბილისის სურბ ეჩმიაძინის სახელობის ეკლესიის ეზოში მდებარე კულტურული ცენტრის "ჰაიარტუნის" გახსნის ცერემონიას დაესწრებიან. იმავე დღეს, 11.00 საათზე, ავლაბრის სურბ ეჩმიაძინის სახელობის ეკლესიის ცხება და წირვის აღვლენა შედგება.
13 ივნისს, სომხეთის ეკლესიის დელეგაცია ახალციხეში გაემგზავრება. რაიონის შესასვლელში მას ეპარქიის სასულიერო პირები და ადგილობრივი მთავრობის წევრები დახვდებიან. ქალაქ ახალციხეში, თამარ მეფის ძეგლთან სტუმრებს საზეიმო დახვედრას მოუწყობენ და ამაღლების სახელობის ტაძარს მოინახულებენ. ამავე დღეს სტუმრობა იგეგმება სურბ გრიგორ ლუსავორიჩის სახელობის სომხურ ეკლესიაში და ახალციხის ჰოვანეს თუმანიანის სახელობის სამ საჯარო სომხურ სკოლაში.
14 ივნისს კი, სომხეთის დელეგაცია ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის რეზიდენციას ეწვევა. იმავე დღეს სტუმრები ასპინძაში გაემგზავრებიან, სადაც რაიონულ ცენტრში საზეიმო შეხვედრა გაიმართება, ასპინძის სომხურ მოსახლეობასთან და დამალის სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებთან. იმავე დღეს გარეგინ II, თანმხლებ პირებთან ერთად ახალქალაქის სურბ ხაჩის სახელობის ეკლესიაში ლოცვას აღავლენს და ეკლესიის ეზოში ხაჩქარის'გახსნა შედგება. დელეგაციის წევრები შეხვდებიან ასევე ადგილობრივ მოსახლეობას. ახალქალაქში სტუმრები მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ქართულ ეკლესიასა და ტურინის სუდარის მუზეუმს მოინახულებენ; ეწვევიან ახალქალაქის დერენიკ დემირჩიანის სახელობის #4 და #2 საჯარო სომხურ სკოლებსა და წმიდა ზოსიმე კუმურდოელის სახელობის ქართულ სახელობო სასწავლებელს.
15 ივნისს, სომხეთის ეკლესიის დელეგაცია ნინოწმინდაში გაემგზავრება, სადაც ქალაქის ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება; ესტუმრება ხოჯაბეგის სურბ სარგისის სახელობის ეკლესიას და ნინოწმინდის ბავშვთა სახლს.
სომხეთის ეკლესიის დელეგაციას საზეიმო დახვედრას წალკის რაიონის სოფელ აიაზმაში მოუწყობენ, სადაც სტუმრები ადგილობრივ სომხურ მოსახლეობას შეხვდებიან.
სომხეთის ეკლესიის დელეგაცია სამშობლოში 15 ივნისს დაბრუნდება.
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ოფიციალური ვიზიტით გუშინ ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი, მისი უწმინდესობა გარეგინ II ეწვია.
მას საზღვართან საზეიმოდ დახვდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II წმინდა სინოდის წევრებთან ერთად. სტუმრებმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან ერთად დაათვალიერეს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, სადაც არაოფიციალური მისალმება შედგა.
გუშინ საღამოს კი სომეხეთის ეკლესიის დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
კომენტარი