შსს-ს მიერ გამოქვეყნებულმა ჩვენებებმა ვანო მერაბიშვილის საქმე კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა
შსს-მ დღეს სულ ოთხი პირის ჩვენება გაავრცელა: მათ შორის არიან პრეზიდენტის პროტოკოლის ორი თანამშრომელი, მესაზღვრე-რეგისტრატორი და თავად ვანო მერაბიშვილი.
მესაზღვრე-რეგისტრატორი:
„მოვიდა პროტოკოლის თანამშრომელი, რომელმაც მომაწოდა ლევან მაისურაძის სახელზე გაცემული პასპორტი. მე აღმოვაჩინე, რომ პასპორტში მოთავსებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის ფოტოსურათი“.
მესაზღვრე-კონტროლიორი აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ეს დარღვევა დააფიქსირა, მას მოუტანეს ივანე მერაბიშვილის ნამდვილი პასპორტი, რის შემდეგაც ყოფილმა პრემიერმა საქართველო დაუბრკოლებლად დატოვა.
პრეზიდენტის პროტოკოლის თანამშრომელი:
„ვანო მერაბიშვილმა პასპორტი გადასცა ზურაბ დარჩიაშვილს, ხოლო მან, თავის მხრივ, გადმომცა მე. მე, ისე, რომ პასპორტისთვის არც კი დამიხედავს, გადავეცი ის პატრულ-ინსპექტორს. რამდენიმე წუთში პატრულ-ინსპექტორმა მითხრა, რომ ჩემს მიერ წარდგენილი პასპორტი არ ეკუთვნოდა შს ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს“.
პროტოკოლის ხელმძღვანელი ზურაბ დარჩიაშვილი ადასტურებს, რომ მან პირადად გამოართვა პასპორტი ვანო მერაბიშვილს:
„ივანე მერაბიშვილმა მომაწოდა პასპორტი... მე ის მივაწოდე ჩემს თანამშრომელს, რომელმაც მითითებული პასპორტი მიიტანა სასაზღვრო-გამტარ პუნქტთან და მიაწოდა მესაზღვრე-კონტროლიორს, რამდენიმე წუთში კი მითხრა, რომ გაურკვევლობა იყო ივანე მერაბიშვილის პასპორტთან დაკავშირებით“.
ივანე მერაბიშვილი:
„დამხმარე პირს გადავეცი ჩემი ეროვნული პასპორტი, რომელსაც იგი უნდა მიეტანა მესაზღვრე-კონტროლირამდე. მის ბიომეტრიულ ველზე დატანილი იყო ჩემი სურათი, ჩემი სახელი და გვარი... მე რამდენადაც მახსოვს, დამხმარე პირს ჩემი ეროვნული პასპორტი გადავეცი ერთხელ და მას ჩემთვის არაფერი უთქვამს პასპორტთან დაკავშირებით და არც რაიმე ინციდენტი შემინიშნავს“.
ვანო მერაბიშვილის საქმეს „პოსტსკრიპტუმში“ საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე გამოეხმაურნენ.
შეკითხვაზე, თუ რატომ არ მოხდა მყისიერი რეაგირება მაშინვე, როცა სიყალბე იქნა აღმოჩენილი, არჩილ კბილაშვილმა უპასუხა, რომ ამ შემთხვევაში სამართალდამცველებმა აჟიტირებულად არ იმოქმედეს.
მისი თქმით, აჟიტირებული ქმედება იქნებოდა სწორედ ის, რომ VIP სექტორში პოლიცია შესულიყო, მომხდარზე რეაგირება მოეხდინა და ამით დელეგაციის წევრის შეფერხება გამოეწვია, რასაც, შესაძლოა, ვიზიტის ჩავარდნა მოჰყოლოდა:
„მონაცემთა ბაზაში ეს ფაქტი დაფიქსირებულია წუთობრივი სიზუსტით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში სწორედ ამას მიენიჭა მნიშვნელობა და დელეგაციის წევრებს მიეცათ საშუალება, გასულიყვნენ ქვეყნიდან და შემდეგ დაბრუნებულიყვნენ. ახლა კი ფაქტია, რომ სამართალდამცველები ამ შემთხვევას რეაგირების გარეშე ვერ დატოვებდნენ - არსებობს მოცემულობა, რომ ვანო მერაბიშვილი უარყოფს ფაქტს, ამ დროს კი არსებობენ მოწმეები, რომლებიც ამ ფაქტს ადასტურებენ. ალბათ, ამ შემთხვევაში ლოგიკურია ის, რაც ხდება - მიმდინარეობს გამოძიება და დაიკითხნენ დელეგაციის წევრებიც და მესაზღვრეებიც“.
რაც შეეხება პარლამენტის ექს-სპიკერს, დავით ბაქრაძემ „აბსურდული და არასერიოზული“ უწოდა ბრალდებას:
„ეს იმდენად უსუსური და აბსურდული ბრალდებაა, რომ სერიოზულად ამ საკითხის განხილვა არც ღირს. სამართალდამცველებს მოუწევთ ძალიან სერიოზული მუშაობა იმისთვის, რომ ეს ბრალდება დაადასტურონ, ან კი, უკეთეს შემთხვევაში, ეს ფაქტი დარჩება მათი პროფესიული ჩავარდნის ერთ-ერთ მაგალითად და ნიმუშად“.
და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: რახან გადაუდებელი ღონისძიებები იმ მომენტშივე არ ჩატარებულა, რა დროსაც, გამოძიების მასალების მიხედვით, დარღვევა არის დაფიქსირებული, ეს იმას ნიშნავს, რომ მტკიცებულება, ანუ ყალბი პასპორტი ამოღებული და დალუქული არ არის. მაშინ საინტერესოა, რის საფუძველზე ხდება მტკიცებულების წარდგენა? თუ მტკიცებულება მხოლოდ ქსეროასლია, რომელსაც შსს-ც ავრცელებს?
გარდა ამისა, ისიც საინტერესოა, რომ მონაცემთა ბაზაში ლევან მაისურაძის სახელისა და გვარის შეყვანის შემდეგ დაფიქსირებულ მისამართზე - ვაჟა ფშაველას გამზირზე, ეს პიროვნება არ ცხოვრობს. ანუ ის, ვის სახელზეც გაცემული იყო ყალბი პასპორტი, ფაქტობრივად, არც არსებობს...
შსს-ს მიერ გამოქვეყნებული ჩვენებები
კომენტარი