სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„გაორმაგებული ძალებით ვაპირებთ მუშაობას, რომ რუსთავი რაც შეიძლება მალე გახდეს ევროპული ტიპის ქალაქი“

ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ხმების უპრეცედენტო რაოდენობა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსთავში მიიღო. მმართველი გუნდის მხარდაჭერის ყველაზე მაღალი პროცენტი სწორედ თვითმმართველ ქალაქ რუსთავში დაფიქსირდა და 70%-ი შეადგინა. რუსთავში საკრებულოს ახალი შემადგენლობაც დაკომპლექტებულია და ახალი მერიც არჩეულია. რა გეგმები აქვს რუსთავის ახალ მერს, მამუკა ჩიქოვანს და რა ცვლილებებს გეგმავს ქალაქში, ამ და სხვა თემებზე მამუკა ჩიქოვანი „დრონი.ჯი“-ს ესაუბრა.
დრონი.ჯი: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით რუსთავში კვლავ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიმარჯვა, რას ნიშნავს თქვენთვის ეს გამარჯვება?

მამუკა ჩიქოვანი, რუსთავის მერი: პირველ რიგში, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. რუსთაველების აქტიურობა ადგილობრივ არჩევნებში ძალიან დიდი იყო, რაც კიდევ უფრო ზრდის თვითმმართველობის ორგანოს ლეგიტიმაციას. აქედან გამომდინარე, საკრებულოს თითოეული წევრისთვის პასუხისმგებლობა გაცილებით დიდია. ვფიქრობ, ამ გაორმაგებული პასუხისმგებლობით შევძლებთ დაწყებული საქმე დასასრულისკენ მივიყვანოთ და ახალი პროექტები დავიწყოთ. ის პროცესი, რასაც ჰვია რუსთავის სწრაფვა თანამედროვე ევროპული ქალაქისაკენ, ძალიან სწრაფი ტემპით იქნეს მიღწეული. ბევრი რამ გაკეთდა რუსთავში, მაგრამ ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ მართლაც კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი. საკრებულო და მერია მობილიზებულია იმისთვის, რომ ეს ყოველივე შესრულდეს.
– ხომ არ ყოფილა პრეტენზიები ოპოზიციური პარტიების მხრიდან საკრებულოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით?
– ამგვარი პრეტენზიებით არავის მოუმართავს. 25 ადგილიდან 4 ადგილი პროპორციული სიით დაიკავეს ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებმა, არის ორი წევრი „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ და ერთიც „ეროვნული საბჭოდან“.
– თქვენ უკვე მეორედ ხართ მმართველი გუნდის უალტერნატივო კანდიდატი რუსთავის მერის პოსტზე, თქვენი აზრით, რამ განაპირობა ეს?

– ალბათ, მოვახერხე იმ დანაპირების შესრულება, რაც დავპირდი „ნაციონალურ მოძრაობას“ და რუსთაველებს. ერთად, გუბერნატორის ხელმძღვანელობით მოვახერხეთ ძალიან ბევრი კარგი პროექტის განხორციელება რუსთავში. თავისთავად გუბერნატორის უშუალო მონაწილეობით განხორციელდა დაგეგმილი პროექტები სხვადასხვა რაიონში, იგივე გარდაბანში და ა.შ. ასე, რომ მმართველი გუნდის მიერ აღებულ კურსს მივყვებით. არჩევნებზეც დადასტურდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ამ კურსს მხარს უჭერს და შესაბამისად, ეს კურსი არის გასაგრძელებელი. ახლაც გუბერნატორის მიერ ინიცირებული არის ბევრი პროექტი რუსთავისათვის, ჩვენ მიერ კი ეს ძალიან მალე მოქმედებაში შევა. საბოლოოდ მიღწეული იქნება მიზანი, რომელიც რუსთავის თანამედროვე ევროპულ ქალაქად ქცევაში მდგომარეობს.

– ეს რაც შეეხება გეგმას, რომელიც გაწერილია რამდენიმე წლის განმავლობაში, თუმცა რა არის პრიორიტეტი თქვენთვის, როგორც ახლად არჩეული ლეგიტიმური მერისთვის?
– პრობლემები ძალიან ბევრია. იგივე გადახურვები არის დასასრულებელი, ლიფტების რეაბილიტაცია და. ა.შ. ამ პრობლემის მოგვარება დაწყებულია და გაგრძელდება მანამ, სანამ ამ პრობლემას ბოლოს და ბოლოს წერტილი არ დაესმება. მთავარი მაინც ადამიანების დასაქმებაა. ამ შემთხვევაში ჩვენთვის პრიორიტეტია ისეთი პროექტების სწრაფი ტემპით განხორციელება, რომელიც ქალაქის გალამაზებასთან ერთად გამოიწვევს ადამიანების დასაქმებას. ვფიქრობ, რომ რუსთაველები, ახალგაზრდა იქნება ის თუ ასაკოვანი, ჩაერთვებიან უცხოური ინვესტიციის განხორციელების პროცესში. ამას უნდა შევხვდეთ მომზადებულები. მომზადებაში ვგულისხმობ კადრებს. ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და მხარდაჭერა. ეს არის კურსი, რაც თითოეულმა ჩვენგანმა ავიღეთ და შესაბამისად, ვერანაირად ვერ გადავუხვევთ ამ მიმართულებას.
– ახლად არჩევის შემდეგ თქვენ რამდენიმე საკადრო ცვლილება განახორციელეთ. ვის შეეხო ეს ცვლილებები და რა გახდა საკადრო გადაჯგუფებების განმაპირობებელი მიზეზი?
– რამდენიმე ახალ სამსახურს ჰყავს ახალი ხელმძღვანელი. შეიძლება ითქვას, რომ თვითმმართველობის ორგანომ ამ ცვლილებებით ახალი სისხლი და ახალი სიცოცხლე შეიძინა. ჩვენ ახლა ცოტა დრო გვაქვს, რომ საზოგადოებას ეს დანაპირები შევუსრულოთ. ამიტომ გვჭირდება გაორმაგებული ტემპით მუშაობა, რათა რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ დასახულ მიზანს. ეს გუნდი კი აუცილებლად უზრუნველყოფს ამის შესრულებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100