სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამერიკელი მასწავლებელი ივანიშვილის ფონდს ემუქრებოდა და გაყინული ქათმების ფოტოებს უგზავნიდა

ამერიკელი მასწავლებლის პატრიკ დაუნის თემა, როგორც ჩანს, ისევ აქტუალური განხილვის საგნად რჩება. ამ კვირის დასაწყისში ქართული მედიის ერთი ნაწილის „ჰიტად“ სწორედ პატრიკ დაუნის ნაამბობი იქცა იმის შესახებ, თუ რა უცნაური და საიდუმლოებით მოცული ოჯახი აქვთ ივანიშვილებს, როგორ მოწამლა იგი უტა ივანიშვილმა და როგორ ვერ მიაღწია სამართალს 2007-2008 წლების შემდეგ, როდესაც რამდენიმე თვის განმავლობაში მილიარდერის ოჯახში ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა. სხვათა შორის, პატრიკ დაუნი არამარტო ბიძინა ივანიშვილს, ზოგადად, საქართველოსა და აშშ-ს თანაბრად აკრიტიკებდა და აცხადებდა, რომ არც აშშ-ში და არც საქართველოში დემოკრატია არ არის.

პატრიკ დაუნის თემას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული ჩანაწერის სახით გამოეხმაურა ჟურნალისტი გიორგი უძილაური. შეგახსენებთ, რომ უძილაური ერთ-ერთია იმ მასმედიელებიდან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ფონდის მიერ ბოლო პერიოდში დაფინანსებულ ჟურნალისტთა სიაშია.

გიორგი უძილაურმა ჩანაწერის მეშვეობით განაცხადა, რომ განაწყენებული პატრიკ დაუნი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახლიდან „უსაქმურობისთვის“ დაითხოვეს, „ქართუ ჯგუფს“ მუქარის შემცველ წერილებსა და ფოტოებს უგზავნიდა და ამ გზით მათ დაშანტაჟებას ცდილობდა:

„პატრიკ დაუნი არის ერთი ჩვეულებრივი ამერიკელი, რომელიც თბილისში ცხოვრებისას თავს ასაღებდა ინგლისურის მასწავლებლად. ის იქნა დაქირავებული ბიძინა ივანიშვილის მიერ ინგლისურის მასწავლებლად 2007-2008 წლების შუალედში. მაგრამ როგორც შემდეგ გამოჩნდა დაუნი არ გამოდგა მასწავლებლად, ის უსაქმურობდა.

მიღებული იქნა გადაწყვეტილება - დაუნდთან დამთავრებულიყო კონტრაქტი. მასწავლებლობისას დაუნი იღებდა ხელფასს თვში 5000$-ის ოდენობით. დაუნს კონტრაქტი შეუწყდა, მაგრამ ივანიშვილს შეეცოდა უმუშევრად დარჩენილი თვითმარქვია მასწავლებელი და მას კონტრაქტის შეწყეტიდან ერთი წლის განმავლობაში მაინც უწევდა ფინანსურ დახმარებას.

ერთი წელი გავიდა და დაუნი ფულის გარეშე დარჩა, რის შემდეგაც მან წარადგინა ნახევარმილიონიანი პროექტი ფონდ "ქართუ"-ში რომელიც არ იქნა დამტკიცებული. ამის შემდეგ დაუნი გადავიდა შანტაჟზე და მუქარაზე, დებდა ვიდეოებს youtube-ზე და პარალელურად სთავაზობდა ივანიშვილს კონფიდენციალურ ინფორმაციას ვანო მერაბიშვილზე.

ივანიშვილის მხრიდან ამგავარ შეთავაზებებზე იყო უარყოფითი პასუხი. პატრიკ დაუნი კი სულ უფრო აძლიერებდა მუქარას - ყველა საშუალებას იყენებდა, რათა ქართული მედიისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მისი და ივანიშვილის ურთიერთობებზე - იგონებდა ისტორიებს, აბრალებდა ივანიშვილს მაფიოზობას, იარაღით ვაჭრობას, და ა.შ.ამის პარალელურად კი გზავნიდა წერილებს ივანიშვილს ფონდში სადაც იმუქრებოდა ანგარიშწორებით. უგზავნიდა ფონდს შეურაცხმყოფელ წერილებს(საჭიროებისშემთხვევაში წერილები გამოქვეყნდება), ემუქრებოდა მას "ამერიკელი პატრიოტებით",გზავნიდა ფოტოსურათებს სადაც თავის თავს წარმოაჩემდა "შემსრულებელ" კილერად, უგზავნიდა ფონდს გაყინული ქათმების სურათებს- ვითომდა მუქარას -გაგანადგურებთო“, - წერს გიორგი უძილაური ჩანაწერში „პატრიკ დაუნის ნამდვილი სახე“ (ფრაგმენტშიავტორის სტილი დაცულია).

ერთ-ერთი კომენტარის სახით დასმულ შეკითხვაზე - აღიძრა თუ არა ზემოთხსენებულ მუქარებზე სისხლის სამართლის საქმე, ანუ, მიმართა თუ არა პატრიკ დაუნის განცხადებების შემდეგ „ქართუ ჯგუფმა“ სამართალდამცველ ორგანოებს 2009-2011 წლის განმავლობაში, ჩანაწერის ავტორს არ უპასუხია.

ამასთან, საყურადღებოა, რომ გიორგი უძილაურის ჩანაწერში მოყვანილი მიზეზი, რომელიც მას პატრიკ დაუნის დათხოვნის საფუძვლად აქვს მითითებული, კარდინალურად განსხვავდება იმ კომენტარისგან, რომელიც დაუნთან დაკავშირებით თვითონ ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილმა, პრესსპიკერად მაია ფანჯიკიძის წარდგენის დღეს, შეკითხვაზე, ვისი რეკომენდაციით მოხვდა ფსიქიკური პრობლემების მქონე მასწავლებელი (მანამდე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პატრიკ დაუნს ფსიქიკური პრობლემები აქვს) ივანიშვილების ოჯახში, ამგვარად უპასუხა:

„იმ ფუნქციის შესრულებას, რაც მას ჰქონდა დაკისრებული - ინგლისურის შესწავლას ის ახერხებდა“. ამასთან, ცნობილია, რომ პატრიკ დაუნი ინგლისურს არამარტო ბიძინა ივანიშვილის შვილებს, თავად მილიარდერსა და მის მეუღლესაც ასწავლიდა.

გიორგი უძილაურის ჩანაწერის ზემოთმოყვანილ ფრაგმენტში კი ვკითხულობთ:

„ის იქნა დაქირავებული ბიძინა ივანიშვილის მიერ ინგლისურის მასწავლებლად 2007-2008 წლების შუალედში. მაგრამ როგორც შემდეგ გამოჩნდა დაუნი არ გამოდგა მასწავლებლად, ის უსაქმურობდა. მიღებული იქნა გადაწყვეტილება - დაუნდთან დამთავრებულიყო კონტრაქტი.“

შენიშვნა: სტატიას თანდართული ორივე ფოტო აღებულია გიორგი უძილაურის ჩანაწერიდან და ამავე ჩანაწერის მიხედვით, სწორედ ის ფოტოებია, რომლებსაც მუქარის ნიშნად პატრიკ დაუნი "ქართუ ჯგუფს" უგზავნიდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100