სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ს/ს ,,საქართველოს რკინიგზა“ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სპონსორი გახდა

ს/ს ,,საქართველოს რკინიგზა“ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სპონსორი გახდა. კომპანია საქართველოს ეროვნულსა და ასაკობრივ ნაკრებებთან ერთად სუპერლიგას ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს. ,,საქართველოს რკინიგზა“ კალათბურთის ფედერაციას 500 000 ლარით დააფინანსებს. ხელშეკრულების თანახმად, რომელიც რკინიგზასა და ფედერაციას შორის გაფორმდა, თანხა საქართველოს ნაკრების მონაწილეობით დაგეგმილი ღონისძიებების უზრუნველსაყოფას უნდა მოხმარდეს. ამასთან, მხარდაჭერა სამ ასაკობრივ ჯგუფზე - 16, 18 და 20 წლამდელთა ნაკრებებზე გავრცელდება.

ს/ს ,,საქართველოს რკინიგზასა“ და კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელშეკრულებასრკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ და ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ მოაწერეს ხელი. საზეიმო ცერემონიას, რომელიც სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ესწრებოდა. მინისტრმა სპორტის მხარდაჭერისათვის ,,საქართველოს რკინიგზას“ მადლობა გადაუხადა.

,,ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ,,საქართველოს რკინიგზა“ ქართულ სპორტს გვერდში უდგას და ეს დასაფასებელია. ასევე, ბოლო დროს გახშირდა და მისასალმებელია, რომ სპონსორები უბრუნდებიან ქართულ სპორტს. რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია შენარჩუნებული იქნება. ჩვენ ამ მიმართულებით სერიოზულად ვმუშაობთ. თითოეული სპონსორის შემოსვლა ქართულ სპორტში ხელს შეუწყობს ეროვნული ნაკრებების მომზადებას,“ - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

შეხვედრაზე ს/ს ,,საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ეროვნული საკალათბურთო ნაკრების სპონსორობა დიდი პასუხისმგებლობაა და იმედი გამოთქვა, რომ ნაკრები წარმატებით გაართმევს თავს მის წინაშე მდგარ გამოწვევებს.

,,დღეს ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან, რომლის თანახმადაც ,,საქართველოს რკინიგზა“ გახდა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების სპონსორი. ეს მართლაც დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ და გავახარებთ ქართველ გულშემატკივრებს,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

,,საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კოკა გუნცაძემ კი აღნიშნა, რომ კომპანიამ ქართველი კალათბურთელების წინაშე მდგარი გამოწვევები გაითვალისწინა და ეროვნული ნაკრების სპონსორობა სწორედ ამიტომ გადაწყვიტა.

,,ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა ის ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი კალათბურთის განვითარებისათვის - დღევანდელი წარმატებები, ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია გუნდს, ამოცანები და მივიღეთ გადაწყვეტიელბა, მხარი დაგვეჭირა ეროვნული ფედერაციისათვის და გავმხდარიყავით საქართველოს ეროვნული გუნდის გენერალური სპონსორი. ჩვენს გუნდში წარმატებული თაობაა. მათ აქვთ სერიოზული გეგმები და ალბათ, დამეთანხმებით, რომ ქართველი კალათბურთელების გამარჯვება, ჩვენი გამარჯვებაა. სწორედ ამაში შევიტანეთ წვლილი და კვლავაც გავაგრძელებთ ქართული სპორტის მხარდაჭერას,“ - განაცხადა კოკა გუნცაძემ.

,,თანამშრომლობა ალბათ, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ რეზულტატებს აჩვენებს ეროვნული ნაკრები. თანხა არის ნახევარი მილიონი ლარი, რაც საკმაოდ დიდი თანხაა და ასეთი დიდი სპონსორი საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას ჯერ არ ჰყოლია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ,,საქართველოს რკინიგზას“, - აღნიშნა მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ.

,,მახრდამხარ გამარჯვებისთვის“ - ეს არის დევიზი, რომლითაც ,,საქართველოს რკინიგზა“ მხარს უჭერს კალათბურთის ფედერაციას და გულშემატკივრებს მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებს. კომპანიასმიაჩნია, რომ კალათბურთის, როგორც სპორტის სახეობას ქვეყანაში მეტი პოპულარიზაცია სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ს/ს ,,საქართველოს რკინიგზას“ სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარებაში უკვე დიდი ხანია საკუთარი წვლილი შეაქვს. სწორედ ,,საქართველოს რკინიგზა“ არის ერთერთი ყველაზე ტიტულოვანი სარაგბო კლუბ ,,ლოკომოტივისა“ და წყალბურთის კლუბ ,,ლოკომოტივის“ გენერალური სპონსორი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100