სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დოდონა კიზირია: ჩემი პასუხი ირაკლი ალასანიას განცხადებაზე

ირაკლი ალასანიამ, ხელმოცარულმა პოლიტიკოსმა, რომელმაც ვერა და ვერ შექმნა რაიმე ასე თუ ისე მნიშვნელოვანი ხმის მქონე დაჯგუფება, რომელმაც უკვე მეასეჯერ მაინც შეიცვალა თავისი პოზიცია, როგორც იქნა მონახა მისთვის შესაფერი ადგილი საქართველოში, გახდა სხვისი პოლიტიკური ამბიციების მსახური.

სხვისი ბრძანებების შესრულება მას უკეთესად ეხერხება ვინაიდან თავად არავითარი პოლიტიკური ალღო არ გააჩნია. სასაცილო იყო, მაგალითად, მისი განცხადება პირველ არხზე იმის შესახებ, რომ მისი ექვსპროცენტიანი რეიტინგი, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დადგენილი, გაყალბებული იყო, ვინაიდან თურმე ექვსი თვის მერე ისევ ჩატარებულ გამოკითხვას სამასი პროცენტით მეტი, ანუ ექვსის მაგივრად თვრამენტი პროცენტი უჩვენებია.

მხოლოდ პოლიტიკაში სრულიად გაურკვეველმა ადამიანმა არ იცის, რომ რეიტინგი შეიძლება ერთ კვირაში, ზოგჯერ ერთ დღეშიც შეიცვალოს, მნიშვნელოვნად აიწიოს ან დაეცეს. ექვსი თვე კი ამგვარ საკითხებში მთელი უსასრულობაა. უბედურება იმაშია, რომ ბატონი ირაკლი ყოველთვის დგას მათთან ან ემსახურება მათ, ვისაც არა თუ საქართველო არაფრად ენაღვლება, არამედ მისი სრული გასრესა სურს. შესაძლოა ეს ერთგვარი გენეტიკური პოზოციაა მისთვის და გატკეპნილ გზას მიყვება. ეს მან უკეთ იცის.

სავსებით გასაგებია, როცა ესა თუ ის მთავრობის წევრი ყველაფერში არ დაეთანხმოს თავის პრეზიდენტს ან ყველა სამთავრობო გადაწყვეტილება არ მიიჩნიოს მართებულად და გადადგეს, მაგრამ ადამიანმა თავის ქვეყანას არ უნდა უღალატოს. ბატონმა ალასანიამ კი ყველაზე კრიტიკულ მომენტში, როდესაც საქართველოს ბედი ბეწვზე ეკიდა, უღალატა არა მხოლოდ თავის პრეზიდენტს, არამედ თავის ქვეყანასაც.

2008 წლის შემოდგომაზე, როდესაც თბილისში დამანგრეველი, ქვეყნის დამღუპველი აქციები ტარებდებოდა, როდესაც რუსეთის მთავრობამ ხუთ-ხუთი ათასი დამატებით ჯარისკაცი და მძიმე საომარი ტექნიკა შეიტანა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და მხოლოდ პატარა ნაპერწკალს ელოდა, რომ ტანკები ისევ შემოეგიალებინა „მოძმე ქართველი ხალხის დასაცავად,“ ბატონმა ალასანიამ მიატოვა ნიუ-იორკში თავისი სამთავრობო პოსტი და თბილისში გამოიქცა, სადაც ის ყველაზე ოდიოზურ, არაკონსტრუქციულ და ნგრევა-განადგურების ლოზუნგების მქონე ოპოზიციასთან დადგა.

მისი გადადგომის შემდეგ ძალიან მალე და საქართველოში დაბრუნებამდე რადმენიმე დღით ადრე მან მოხსენება გააკეთა კოლუმბიის უნივერსიტეტის შემადგენლობაში არსებულ ჰარიმანის ინსტიტუტში. მისი საკმაოდ ზედაპირული საუბრის შემდეგ მან რამდენიმე კითხვას უპასუხა და მათ შორის ჩემსასაც. მე შევეკითხე, ნიშნავდა თუ არა მისი გადადგომა იმას, რომ აპირებდა ოპოზიციას შეერთბოდა. ამაზე მან ნეგატიური პასუხი გამცა, მაგრამ ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ ოპოზიციის „ბარიკადებზე“ იყო ასული. დარწმუნებული ვარ, იგი ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დაცვის მიზნით არ ყოფილა მოტივირებული. ბატონი ალასანია დარწმუნებული იყო, რომ სააკაშვილს ძალადობით გადააყენებდნენ და ეშინოდა, ახალი არჩევნების პროცედურა არ გამორჩენოდა და პრეზიდენტობის შანსი არ დაეკარგა.

ეჭვი მეპარება, რომ მას თბილისში გაცუნცულებამდე ნიუ იორკში რუსები დაჰპირდნენ, შენ გაგხდით პრეზიდენტადო. მხოლოდ მიამიტი ადამიანი დაიჯერებს რუსეთის დაპირებას; რომელი დაპირება ან ხელშეკრულება შეუსრულებია მას?! საბედნიეროდ, იყო ეს ქართველებში თვით შენარჩუნების ინსტიქტი, თუ უკანასკნელ წუთებში კარს მომდგარი კატასტროფის შეგრძნება, მაგრამ მოხდა ისე, რომ რუსეთს მოლოდინი არ გაუმართლდა და საქართველოს გადათელვის საბაბი ჯერჯერობით არ მიეცა.

დღეს ირაკლი ალასანია კიდევ უფრო საშიში და კიდევ უფრო კატასტროფული გეგმის განხორციელებას უწყობს ხელს, თუმცა არა ვარ დარწმუნებული, რომ თვით მას გააზრებული აქვს ამ გეგმის მთელი სივერაგე. ის, როგორც ყოველთვის, სხვისი მსახურია, სხვის დავალებებს ასრულებს. არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ რუსეთისთვის ერთერთი უმთავრესი მიზანია, საქართველოს კვლავ მიერთება და მერე მისი დაშლა-დაქუცმაცება, რის მისაღწევადაც ერთი დღითაც არ შეუწყვეტია ათასნაირი ხერხების გამოყენება და არაერთი ავანტიურისტის ამბიციებიზე თამაში.

თავად ცნობილ დუგინს, ამჟამად, თუ არ ვცდები, პუტინის უახლოეს მრჩეველს საგარეო საკითხებში, არაერთხელ განუცხადებია, ჩვენ საქართველოს დავიბრუნებთ, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მხოლოდ დასაწყისი იყო, ამას მალე მოყვება სამეგრელო, აჭარა და თანდათანობით ყველა რაიონებიო. თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, შემიძლია საბუთად ათობით საინტერნეტო მისამართი გამოვუგზავნო.

დღევანდელ დღეს რუსეთი კიდევ უფრო მეტი ვერაგობით აგრძელებს საქართველოს დაღუპვის მცდელობას. ვინაიდან წელს მრავალი, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკური ცვლილებები უნდა მოხდეს როგორც საქართველოში, ასევე მის გარეთაც.

რუსეთის გეგმების გრძელი ჯაჭვის პირველი რგოლი არის სამეგრელო. თავისი ადგილმდებარეობით ხელსაყრელი და შავ ზღვაზე თავისი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რაიონი უაღრესად სასურველი ლუკმა და მოსახერხებელი ადგილია რუსეთისათვის მისი მიზნების ასრულების დასაწყებად. ამიტომ აქ უნდა შეიქმნას განსაკუთრებული დაძაბულობა, დაპისრისპირება და უნდობლობა საქართველოს მთავრობის მიმართ.

აქ უნდა მოხდეს რაიმე ისეთი, რასაც რუსეთი სამოქალაქო ომის ნიშნებად ჩათვლის და იარაღით ჩაერევა „მშვიდობის დასამყარებლად.“ ეს იქნება დასაწყისი იმისა, რაც საქართველოს დასასრულით დამთავრდება. აი რა მიზნებს ემსახურება ბატონი ალასანიას სრულიად უსაფუძვლო, სრულიად უპასუხისმგებლო და პოლიტიკურად უაღრესად საშიში შედეგებოს მქონე განცხადებები სამეგრელოსთან დაკავშირებით. მას უკან დგანან ის მილიონერები, როგორც რუსი, ისე ქართველი, რომლებმაც კოლოსალური ბანკის ანგარიშები გაინაღდეს განსაკუთრებულად ქაოსურ და უკანონოობით გაშავბნელებულ დროს, ანუ საბჭოთა კავშირის მოახლოვებული დაშლისა და მის შემდგომ წლებში.

მაშინ იყო, რომ ათასნაირი საქმოსანი, კაგებესთან და პარტიულ ბობოლებთან კავშირის მქონე (და არა ბიზნესის ალღოიანი, როგორც ბატონი ალასანია აცხადებს) ამღვრეულ წყალში ურევდა ხელს თავის სასარგებლოდ. რუსეთის კონტროლი მთელ სამხრეთ კავკასიაში ამ ახალ ქართველებსა და მათ მეგობარ ახალ რუსებს ანგარიშებს კიდევ უფრო გაუზრდის. ეს ხომ ძალზე მნიშვნელოვანი გზაჯვარედიანია მრავალგვარი, როგორც კანონიერი, ასევე უკანონო ბიზნესისა, პოლიტიკურ და სტრატეგიულ მნიშვნელობაზე რომ არ ვილაპარაკოთ.

საინტერესო არ არის, რომ სწორედ ახალ მილიარდერებს - პატარკაციშვილს, ბერეზოვსკის, ხოდოროვსკის და ჩვენს ადგილობრივ კრეზს, ბატონ ივანიშვილს ან საქართველოს პრეზიდენტობაზე უჭირავს თვალი, ან ამართლებს რუსეთის მიერ საქართველოსთან ომის დაწყებას? პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ბერეზოვსკიმ პირობა დადო, რომ მის საქმეს, ანუ საქართველოში სამოქალაქო ომის პროვოცირებას მე გავაგრძელებო.

რა საქმე უნდა ჰქონოდა მას ჩვენს ქვეყანასთან? რა გრძნობებმა ათქმევინა ეს სიტყვები, განსაკუთრებულმა მეგობრობამ გარდაცვალებული მილიარის მიმართ? არა მგონია. აქ სულ სხვა ძალასთან გვაქვს საქმე.

არავის ეგონოს, რომ როდისმე, რომელიმე ადამიანისთვის უზარმაზარი თანხის ფლობა საკმარისი ყოფილიყოს. როგორც ერთმა დასავლელმა ბიზნესმენმა სთქვა, როცა საქმე ფულზე მიდგება, საკმარისი არასოდეს არ არის საკმარისიო. ჰოდა, პაწაწინა საქართველოში, სადაც კიდევ უფრო გამდიდრების დიდი შანსები აღარ არსებობს, მილიონერებისა და თუნდაც მხოლოდ ასობით ათასების მქონებელთათვის გზა დიდი რუსეთისკენ მიდის და მათ ამ გზის გაყვანა სურთ, რადაც არ უნდა დაუჯდეთ ეს. საქართველო? დიდი ამბავი. გინდ ყოფილა, გინდ არა.

მე არც ერთ მთავრობას და არც ერთი პოლიტიკურ პარტიას არ ვუჭერ მხარს. არავისგან არავითარი პრივილეგიები არ მიმიღია და არავითარი პირადი ინტერესი არ მამოძრავებს გარდა ფიქრები ჩემი ქვეყნისა და ჩემი ხალხის ბედზე. იმედი მაქვს, ჩემი სიტყვები, როგორც არ უნდა მლანძღონ და მაგინონ, მკითხველს სულ ცოტათი მაინც დააფიქრებს, სანამ საბედისწერო ნაბიჯს გადადგამდნენ და წამოეგებოდნენ პროვოკაციას ან მხარს დაუჭერდნენ იმ ძალებს, რომლებსაც საკუთარი ამბიციური მიზნების გარდა არაფერი აინტერესებთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100