სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"და ხვალ იყო ომი..."

წინასაომარი სიტუაცია რუსეთთან 2008 წლამდე ადრეც არსებობდა

საინტერესო ფაქტი პირველი:

2008 წლის 17 თებერვალს კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ხუთი დღის შემდეგ პუტინი და სააკაშვილი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ დსთ-ის სამიტის ფარგლებში. საუბარი კოსოვოს ამ ნაბიჯსა და საქართველოსთვის მის მნიშვნელობას შეეხო. პუტინს სააკაშვილისთვის უთქვამს:

აუცილებელია რეაგირება იმაზე,რაც ევროპამ კოსოვოში მოიმოქმედა; ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ, როგორ მივუდგეთ ამ საკითხს და თქვენც გაითვალისწინეთ, რა წნეხს განვიცდით ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიების მხრიდან – როგორღაც ხომ უნდა გამოვეპასუხოთ მათ მხარდაჭერას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ… არ გვესმის,რატომ წამოიწყო ამერიკამ ევროპის ისლამიზაციის კამპანია – მას მერე, რაც ალბანელებმა თავიანთი გაიტანეს, მეტსაც მოინდომებენ და ახლა მაკედონიასაც მისდგებიან. ხომ გესმით, რომ კოსოვოს შემდეგ, დასავლეთს უპასუხოდ ვერ დავტოვებთ – მართალია ვწუხვარ, მაგრამ თქვენც ამ პასუხის ნაწილად მოიაზრებით…

სააკაშვილი შეეპასუხა: “მთელი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ვერ ვხვდები, რისი თქმა გინდათ… რა კავშირი აქვს საქართველოში არსებულ ვითარებას კოსოვოსთან?! არავითარი!” მან გააფრთხილა კიდეც პუტინი, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მოტივაციაზე ნურავითარი ილუზია ნუ გექნებათ, რადგან ისინი მხოლოდ იმიტომ უჭერენ მხარს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, რომ თვითონაც დამოუკიდებლობა სურთ, ოღონდ, რუსეთისგანო. ამაზე პუტინმა უპასუხა: “ეს ჩვენთვის პრობლემა არ არის, – მაგათ კი მოვუვლით როგორმე!” – და ცერა თითი გამოისვა ყელში…

სააკაშვილმა პუტინის დაყოლიება სცადა: “საქართველო თქვენთვის საუკეთესო მეზობლად შეიძლება იქცეს. დავსხდეთ და ერთად ვიფიქროთ ერთმანეთის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე, სასიცოცხლო სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებაზე, იმ საკითხთა ჩათვლით, რაც თქვენ ასე გაშფოთებთ”. აშკარად მიანიშნებდა, რომ ყველაფერზე შეიძლებოდა მორიგება – მათ შორის, თბილისის ნატო-სკენ სწრაფვაზეც, თუკი მოსკოვი ტერიტორიული მთლიანობის მოგვარების ნებას გამოიჩენდა.

მაგრამ პუტინმა შეთავაზებისგან თავი შორს დაიჭირა და არც სააკაშვილის მინიშნებებზე მოუხდენია რეაგირება – გადაწყვეტილება საბოლოოაო, დასვა წერტილი: “მე აქ რაღაც დათმობების სანაცვლოდ მიწებს ვერ ჩამოვარიგებ…”

შეხვედრის დასრულებამდე რუსეთის პრეზიდენტმა ქართულ დელეგაციას სიტყვა დაუგდო: “ამერიკელებს ენდობით და გგონიათ, რომ ისინი თავპირისმტვრევით გამოიქცევიან თქვენს დასახმარებლად? არავის ნდობა არ შეიძლება – ჩემს გარდა… მე სიტყვის კაცი ვარ!” – თქვა მძიმედ და დაამატა: “ასეა საქმე…” მერე იმასაც გაუსვა ხაზი, ამ საკითხების გადაწყვეტას ახლა უკვე მედვედევს გადავაბარებო. დსთ-ის სამიტის დასრულებისთანავე გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინმა საჯაროდ შეუთვალა დასავლეთს კოსოვოსთან მიმართებაში, მსგავსი გადაწყვეტილება ბუმერანგივით უკან მოგიბრუნდებათო.

ქართული დელეგაცია სანკტ-პეტერბურგიდან უაღრესად შეშფოთებული გამობრუნდა. დავით ბაქრაძეს, რომელიც მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, სააკაშვილმა ჰკითხა, რა შთაბეჭდილება დაგრჩაო. ომის სუნი მცემსო, მიუგო ბაქრაძემ.

რუსეთის პასუხმა კოსოვოს მოვლენებზე მართლაც არ დააყოვნა. იმავე წლის 4 მარტს სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა თხოვნით მიმართა რუსეთს, ეცნო მისი დამოუკიდებლობა. სამი დღის შემდეგ იგივე გააკეთა აფხაზეთმაც. 6 მარტს რუსეთმა ჯერ კიდევ 1996 წელს აფხაზეთის მიმართ შემოღებული ყველა სანქცია გააუქმა და უფლება დაიტოვა ამ რეგიონში დე-ფაქტო ხელისუფლებასთან თავისუფალი კავშირები დაემყარებინა.

13 მარტს რუსეთის დუმამ დახურულ სესიაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის თხოვნა განიხილა, 21 მარტს კი საგანგებო რეზოლუცია მიიღო, რაც ამ თხოვნისთვის მსვლელობის მიცემას ითვალისწინებდა.

14 აპრილს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს გამოცემაში, “ნეზავისიმაია გაზეტაში” ციტირებული იყო მავანი რუსი დიპლომატის სიტყვები – მოსკოვმა ორ შემთხვევაში უნდა სცნოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეღის დამოუკიდებლობა: თუკი საქართველო მართლა შეეცდება ნატო-ში გაწევრიანებას და მეორე – ომის შემთხვევაშიო(მარინა პერევოზკინა: “მოსკოვი ნატო-ს აფხაზეთით უპასუხებს”, “ნ.გ.”, 14 აპრილი, 2008.)

საინტერესო ფაქტი მეორე: ნატო-რუსეთის კონსულტაციები, 2008 წლის მაისი

ამ შეხვედრაზე რუსეთის თავდაცვის შეფმა, არმიის გენერალმა იური ბალუევსკიმ სახტად დატოვა ნატოელი კოლეგები, როცა გააფრთხილა – ამ ზაფხულს საქართველოში შეიძლება ომი ატყდეს, თუ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაიდგმებაო – და ნატო-ს წევრ ქვეყნებს მოსთხოვა საქართველოში დაგეგმილი ერთობლივი წვრთნები გადაედოთ, თუ არ სურდათ, ამ კონფლიქტში მათდაუნებურად აღმოჩენილიყვნენ ჩათრეულები. მაშინ ნატო-ში მიიჩნიეს, რომეს ჩვეულებრივი რუსული ავყიობა და თბილისის პოლიტიკური შანტაჟირების გამოვლინება იყო, მაგრამ ახლანდელი გადასახედიდან ყველაფერი შეიძლება იმ გაფრთხილებად აღვიქვათ, რასაც, სამწუხაროდ, მაშინ არავინ ათხოვა ყური.

საინტერესო ფაქტი მესამე: გერმანელი ევროპარლამენტარის მოგონება, ივლისი, 2008.

ივლისის ბოლოს, იალტაში ჩატარებულ კონფერენციაზე ერთმანეთს რონალდ ასმუსი და გერმანელი ევროპარლამენტარი, ელმარ ბროკი სადილზე შეხვდნენ. ბროკმა ასმუსს უთხრა – ამასწინათ ევროკავშირში რუსეთის ელჩს, ვლადიმერ ჩიჟოვს შევხვდი ბრიუსელში და ვუთხარი – სექტემბერში საქართველოში ჩასვლას ვგეგმავ-მეთქი. რუს დიპლომატს კი ჩაუღიმია და უთქვამს – იქნებ უფრო ადრე ჩასულიყავით, ვაითუ სექტემბრის ბოლოს გვიან იყოსო…

მოსკოვის რეალური მიზნები 2008 წლის აგვისტოს ომში და რუსეთის არმიის დანაკარგები

კონდოლიზა რაისი და მისი ევროპელი კოლეგები თითქმის მთელი 8-9 აგვისტოს განმავლობაში ესაუბრებოდნენ როგორც ქართულ, ასევე რუსულ მხარეს და შუამავლობას ცდილობდნენ საომარი ოპერაციების შესაჩერებლად. სააკაშვილი თანახმა იყო ცეცხლის შეწყვეტაზე და 6 აგვისტოს დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებაზე. როცა რაისი სერგეი ლავროვს ესაუბრა, თავდაპირველად ის მიესალმა კიდეც ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობას და რაისს უთხრა, თუკი ქართველები ბრძოლას შეწყვეტენ, რუსეთიც საპასუხო ნაბიჯებს გადადგამსო, მაგრამ იქვე დაამატა – ამას მე მარტო ვერ გადავწყვეტო. ლავროვი ცალსახა პირობას არ იძლეოდა, რომ რუსები ცეცხლს შეწყვეტდნენ.

ამის შემდეგ ვლადიკავკაზში პუტინი ჩავიდა და პირადად აიღო ხელში ოპერაციის ხელმძღვანელობა. როგორც ამბობენ, გაცოფდა, როცა შეიტყო, თავდაპირველად როგორ გაუჭირდათ რუსებს ცხინვალის აღება, როგორ განადგურდა როკის გვირაბიდან გამოსული რუსული ტანკები და სხვა აღჭურვილობა. განსაკუთრებით კი 9 აგვისტოს დილით, 58-ე არმიის მეთაურზე, გენერალ ანატოლი ხრულიოვზე განხორციელებულმა თავდასხმამ და მისმა დაჭრამ გაამწარა: ქართული ძალები ხრულიოვის კოლონას ჩაუსაფრდნენ, პირველი კოლონა (რომელშიც ჟურნალისტებიც იმყოფებოდნენ) მაშინ, როცა ის კვერნეთის გზით ცხინვალის “სამხრეთ ქალაქისკენ” მიემართებოდა, მოულოდნელად გადააწყდა ქართულ სამხედრო მობილურ დაჯგუფებას. ეს იყო მე-2 ბრიგადის სადაზვერვო ასეული. რუსულმა მხარემ ალბათ არ იცოდა ზემოთ ხსენებული გადაჯგუფების შესახებ (შსს-ს ძალებისა და 42-ე ბატალიონის გაყვანის შემდეგ ხეთაგუროვო-ზემო ნიქოზის ფრონტზე სენაკის მე-2 ბრიგადის შენაერთები ღამით შეიყვანეს). სწორედ ამიტომ რუსი გენერლისათვის, რომელიც ავტომანქანა “უაზით” მშვიდად მიემართებოდა, მოულოდნელი აღმოჩნდა თურქული “ლენდროვერებით” ქართული სპეცნაწილების გამოჩენა.

მათ შორის ბრძოლა სავარაუდოდ 11:00 საათისთვის გაიმართა. ეს მოხდა “შანხაის” დასახლებაში, რუსული სამშვიდობო ბაზიდან ჩრდილოეთით, 300-500 მეტრის დაშორებით. ქართულმა სადაზვერვო ასეულმა ყუმბარმტყორცნებიდან და ტყვიამფრქვევებიდან ცეცხლი გაუხსნა რუსულ სამხედრო კოლონას, რომელიც ორი ასეულისგან შედგებოდა. როგორც ტელეარხ “როსიას” კორესპონდენტი აღწერს: “ეს იყო კონტაქტი 5, შესაძლოა 10 ან 20 მეტრის სიახლოვეში. მიდიოდა ხელჩართული ბრძოლა, რომელიც სავარაუდოდ, საათ-ნახევარი გაგრძელდა. მანქანაშივე დაიჭრა თავად 58-ე არმიის სარდალი გენერალი ხრულოვი. ამ ბრძოლაში 22 რუსული სამხედრო მანქანიდან 5 დაიწვა (3 ბე-ტე-ერი და 2 ტანკი), დაიღუპა 6 რუსი სამხედრო მოსამსახურე, დიდი რაოდენობით იყვნენ დაჭრილებიც. მოულოდნელობისგან რუსი ჯარისკაცები გაქცევით ცდილობდნენ თავის დაღწევას. დანაკარგების გამო კოლონა იძულებული გახდა, უკან დაბრუნებულიყო ზემო ქალაქისაკენ. დანაკარგი იყო ქართულ მხარესაც”.

9 აგვისტოს, ხრულოვის მეორე კოლონიდანაც, რომელიც ძარის გზით მიემართებოდა ცხინვალისკენ, ქართველთა საარტილერიო ცეცხლით განადგურდა 135-ე პოლკის 4 ერთეული საბრძოლო ტექნიკა და ნაღმმტყორცნთა ბატარეის 2 “გაზ-66″.

რუსმა ჟურნალისტმა ისიც კი აღწერა, გვამებით გარშემორტყმული გენერალი როგორ ფხოჭნის თითებით მიწას და ღრიალებს – ამათი დედაც, თითქმის მთელი ბატალიონი გამიწყვიტესო… ცხადია, ასეთი ხატის შექმნა კრემლს დიდად არ ეამებოდა.

პუტინის ჩასვლამ უფრო აგრესიული გახადა რუსეთის სამხედრო კამპანია. რუსეთის პრემიერმა 58-ე არმიის ნაცვლად ოპერაციაში წამყვანი როლი ფსკოვის 78-ე სადესანტო დივიზიას დააკისრა და რუსეთის არმიის ელიტური ნაწილების მობილიზაცია გამოაცხადა. მან ასევე ბრძანა საქართველოს წინააღმდეგ საჰაერო კამპანიის გაძლიერებაც.

რუსეთის თვითმფრინავებმა 5 დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 400-ზე მეტი საჰაერო იერიში მიიტანეს 36 სამიზნეზე, ხოლო მარტო 9 აგვისტოს 120 გაფრენა განხორციელდა. ზოგიერთი სამიზნე ცხინვალიდან 300 კმ-ს დაშორებით მდებარეობდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს რუსეთის რეალურ ზრახვებზე.

10 აგვისტოს თბილისმა დაზვერვის ცნობა მიიღო, რომ მოსკოვი მეორე ფრონტის გახსნასაც აპირებდა აფხაზეთში, სადაც დიდი სამხედრო ძალა იყო თავმოყრილი. ამავდროულად, რუსული საზღვაო დესანტი ოჩამჩირეში იქნა გადმოსხმული. ახლაგარემონტებული რკინიგზით ვოლგოგრადიდან სოხუმში 22-ე მოტომსროლელი დივიზიაც შევიდა, ხოლო მე-7 საჰაერო-სადესანტო სივიზიის ნაწილები კი სოხუმის აეროპორტში გადმოსხეს. რუსეთმა, საბოლოო ჯამში, დაახლოებით 20 ათას ჯარისკაცს მოუყარა თავი აფხაზეთში. 10 აგვისტოს რუსულმა ჯავშანკოლონამ ენგურის ხიდი გადმოიარა და დასავლეთ საქართველოში შემოვიდა. ქართველებმა უბრძოლველად დაიხიეს უკან. რუსებმა ზუგდიდი, ფოთის პორტი და სენაკის ბაზა დაიკავეს.

ქართულმა ჯარმა რუსებს დიდი დანაკარგი მიაყენა

58-ე არმიის ბატალიონის განადგურების გარდა, ისრაელის წარმოების “რაფაელ სპაიდერის” და უკრაინული SA-11 ტიპის სისტემებით აღჭურვილი ქართული ჰაერსაწინააღმდეგო ქვედანაყოფებმა ომის დროს 17 რუსული საფრენი აპარატი ჩამოაგდეს: 14 ავიაგამანადგურებელი, 1 ტუპოლევ22M3 სტრატეგიული ბომბდამშენი და ორიც – შვეულმფრენი. მაგრამ 9 აგვისტოს დილით ქართულ პოზიციებს ერთდროულად 28 რუსული მოიერიშე ავიაგამანადგურებელი უტევდა.

მოსკოვი უკვე ss-21 “ტოჩკა” და ss-26 “ისკანდერის” რაკეტებსაც იყენებდა

9 აგვისტოს საღამოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პენტაგონიდან ტელეფონით აცნობეს, რომ მოსკოვიდან 6 რუსული ბომდამშენი აფრინდა და საქართველოს მიმართულებით აიღო გეზი. ასევე გააფრთხილეს, რომ ეს ბომბდამშენები დაახლოებით 22 წუთში უნდა გამოჩენილიყვნენ საქართველოს საჰაერო სივრცეში. როცა ქართველებმა მონაცემები გადაამოწმეს, მიხვდნენ, რომ სამიზნე – თბილისი იყო.

ამასობაში დენის ფრიდმა მიმდინარე მოვლენების ბოლო შეფასებებიც მიიღო საქართველოში ამერიკის ელჩ ტეფტისგან. უკვე შაბათ დილით ტეფტი მიხვდა, რომ რუსეთის მიზანი სამხრეთ ოსეთის წაგლეჯა და დაღუპული რუსი სამშვიდობოების გამო შურისძიება არ იყო. როცა რუსეთმა ქართული პორტებისა და მთელ ქვეყანაში სხვადასხვა სამიზნეების დაბომბვა დაიწყო, ტეფტმა იაზრა, რომ ეს ყველაფერი სააკაშვილის რეჟიმის დასამხობად კეთდებოდა. როკის გვირაბიდან შემოსული და აფხაზეთში თავმოყრილი რუსული ძალები კიდევ უფრო აძლიერებდნენ ამ ვარაუდის მართებულობას. როცა ელჩი თავის თანამშრომლებთან ერთად ამ ინფორმაციის დამუშავებას შეუდგა, ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ ეს სრულფასოვანი ომი იყო.

მოსკოვს საერთოდ საქართველოს წაშლა სურდა რუკიდან!

ტეფტმა ვაშინგტონში შეტყობინება აფრინა იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი დასავლეთი ხელს არ გამოიღებდა და თანაც – დაუყოვნებლივ, ყოველივე, რაც კი აშშ-ს საქართველოში სასწორზე ედო, წყალში იქნებოდა გადაყრილი.

10 აგვისტოს ქართულ შენაერთებს უკანდახევა და ცხინვალის სამხრეთ მისადგომებთან გამაგრება ებრძანათ. ისინი აქაც განუწყვეტელი თავდასხმების ობიექტები იყვნენ – შვეულმფრენებით, ავიაგამანადგურებლებით და ზემოთხსენებული ბალისტიკური რაკეტებით. სწორედ ამ დროს გახდა ვაშინგტონისთვის ცხადი, რომ რუსეთი მხოლოდ სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას კი არ ლამობდა, არამედ საქართველოს ინფრასტრუქტურის სრული მოშლით, ქვეყნის დანგრევას აპირებდა. იმავე დილით სახელმწიფო მდივანს, კონდოლიზა რაისს მისმა თანაშემწემ, ბრაიზამ აცნობა – რუსული სამხედრო თავდასხმა საქართველოს სრული განადგურებით ემუქრებაო.

რაისისა და ლავროვის სკანდალური საუბარი, რომელმაც რუსეთის მიზნებს ფარდა ახადა

ბრაიზას ცნობის შემდეგ კონდოლიზა რაისი საწრაფოდ დაუკავშირდა რუსეთის სგარეო საქმეთა მინისტრს და სწორედ ეს საუბარი იქცა შემობრუნების წერტილად ვაშინგტონისეულ შეფასებებში.

ლავროვმა არა მარტო საქართველოს შეარაღებული ძალების ყაზარმებში დაბრუნება და თბილისის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის განცხადების გაკეთება მოითხოვა, არამედ ომის დამთავრების წინაპირობად სააკაშვილის გადადგომაც პირველად დააყენა. ანუ, მოსკოვის მიზანი რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით საჯაროდ გაცხადდა. რაისმა ამასთან დაკავშირებით კატეგორიულად უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა, ხოლო როცა ლავროვმა ამ საუბრის კონფიდენციალურობაზე გადაუკრა სიტყვა, რაისმა უპასუხა: “აშშ-ს სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის არ შეიძლება იმართებოდეს კონფიდენციალური საუბრები რომელიმე ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობაზე. ვაპირებ ყველას ვუთხრა, რომ რუსეთის მიერ წარმოებული ომი საქართველოს ხელისუფლების დამხობას ისახავს მიზნად!”

ლავროვი ამ სიტყვებმა ლამის იყო წყობიდან გამოიყვანა. რაისმა კი მართლაც გადაურეკა თავის რამდენიმე ევროპელ კოლეგას და ლავროვთან ლაპარაკის შინაარსი გააცნო. ცოტა მოგვიანებით, აშშ-ს თხოვნით გაეროს უსაფრთხოების საბჭო იქნა მოწვეული, სადაც რუსეთის ელჩის პროტესტის მიუხედავად, აშშ-ის ელჩმა გაეროში ზალმაი ჰალილზადმა საჯაროდ განაცხადა – რუსული მხარე დამოუკიდებელ ქვეყანაში რეჟიმის შეცვლას ლამობსო.

ნიღაბჩამოხსნილისამშვიდობოები

ბოლოს კი, კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ სამშვიდობოების დაღუპვის გამო რუსეთის ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ უსუსური გამონაგონია:

8 აგვისტოს ერთ-ერთ ბატალიონს მე-4 ქართული ბრიგადიდან ებრძანა გადაეკეტა ცხინვალიდან ჩრდილოეთისკენ მიმავალი,უაღრესად მნიშვნელოვანი, ძარას შემოვლითი გზა და ქალაქში რუსების შემოსვლა არ დაეშვა. როდესაც ყურაშვილის დაქვემდებარებაში მყოფი საგანგებო დანიშნულების ძალების მეტი წილი ცხინვალში გასაჭირში ჩავარდა, მე-4 ბრიგადის რამდენიმე დანაყოფი მის მისახმარებლად გადაისროლეს. როცა ერთი მათგანი, 41-ე ბატალიონი ჩრდილოეთიდან ცხინვალში მობრუნდა, რუსი სამშვიდობოებისა ჯავშანმანქანებსა და ქვეით ჯარს გადააწყდა. ქართველებს ნაბრძანები ჰქონდათ, სამშვიდობოებისთვის ცეცხლი არასდიდებით არ გაეხსნათ, თუ ისინი არ გახსნიდნენ ცეცხლს. 41-ე ბატალიონის მეთაურმა, მაიორმა შალვა დოლიძემ ბრძანება შეასრულა და რუსი სამშვიდობოების გატარების ბრძანება გასცა. სამწუხაროდ, ეს მისი უკანასკნელი ბრძანება გამოდგა – ქართულ შენაერთებთან მოახლოებულმა რუსებმა უეცრად ცეცხლი გახსნეს, დოლიძეც გამოასალმეს სიცოცხლეს და მისი რამდენიმე ოფიცერიც.

ამასთან, მოგვიანებით ისიც გახდა ცნობილი, რომ არცერთი რუსი სამშვიდობო 7 აგვისტოს, ცხინვალზე საარტილერიო იერიშის დროს არ დაღუპულა, როგორც ამას რუსები ავრცელებდნენ. ქართული საარტილერიო დანადგარებიდან ცეცხლის კორექტირება არ ხდებოდა სამშვიდობო ძალების შტაბზე, არადა, ამ შტაბების სახურავებზე(როგოეც “ნიჟნი”, ასევე “ვერხნი გოროდოკში”) რუსი სამშვიდობოების არტილერისტები ქართული მხარის პოზიციების მიმართულებით საარტილერიო ცეცხლის კორექტირებას ახდენდნენ, პირველი რუსი სამშვიდობო კი 8 აგვისტოს დილით დაიღუპა, ორმხრივი სროლის დროს, ცხინვალის სამხრეთით, როცა სამშვიდობოების შტაბიდან ქართულ შსს-ს დანაყოფებს მოულოდნელად გაუხსნეს ცეცხლი.

მომზადებულია რონალდ ასმუსის წიგნის: „მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა“ – მიხედვით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100