ვინ არიან ქართველი გოგონები, რომლებმაც სიმღერით ინტერნეტ სივრცე დაიპყრეს?
სამ დღეში 300000 ნახვა და ჯგუფი მანდილის შესრულებული ხალხური სიმღერა, რომელმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრო.
"სამი გოგონას მიერ შესრულებული ქართული ფოლკლორული სიმღერა თქვენ სხვა დროში გადაგიყვანთ". - წერდა ამერიკული გამოცემა huffingtonpost.com
დრონი.ჯი-მ სცადა გაერკვია ვინ არიან არაჩვეულებრივი ხმის მქონე გოგონები, რომელთა ხმაც საქართველოს გასცდა. ამ მიზნით ჩვენ ჯგუფ "მანდილის" ერთ-ერთ წევრს თათული მგელაძეს გავესაუბრეთ.
-ვინ ხართ, როგორ გაიცანით ერთმანეთი და რამდენი ხანია რაც მღერით?
-ანი ჭინჭარაული, შორენა ცისკარაული და მე თათული მგელაძე - აი ესაა ჩვენი ტრიო „მანდილის“ შემადგენლობა. მე 3 წლიდან ვმღერი, ხალხურებს კი სამივე 4 წლიდან ოღონდ ცალ-ცალკე ვმღეროდით. მერე ერთმანეთი გავიცანით, გადავწყვიტეთ ერთად გვემღერა, თან დავმეგობრით, საქველმოქმედო საღამოებზე ერთად გავედით, სხვა კონცერტებზეც და მას მერე აი ასე ერთად მოვდივართ.
-ვინ ატვირთა ეს ვიდეო იუთუბზე და ელოდით თუ არა ასეთ გამოხმაურებას?
-ეს სიმღერა როგორც ვიდეოში ვთქვი ცხვარიჭამიაში გადავიღეთ შორენას აგარაკზე ჩავედით სიურპრიზი გავუკეთეთ მე და ანიმ და სასეირნოდ რომ გავედით ჩვენთვის სიმღერა დავიწყეთ თან ფანდურიც გვქონდა youtube-ზე იმიტომ დავდე რომ მეგობარს უნდოდა გადაწერა ტელეფონში და არც მიმიქცევია ყურადღება. 3 დღის შემდეგ აღმოვაჩინე რომ 300000ზე მეტი ნახვა ჰქონდა და უამრავი მოწონება ნამდვილად არ ველოდით, იმიტომ რომ ბევრი უკეთესი ნამღერი გვქონდა, მაგრამ ეს ბუნებრივი ყველას მოეწონა, თან უცხოელებისგან ასეთ გამოხმაურებას არ მოველოდით განსაკუთრებით რუსები აქტიურობდნენ თავიდან და წერდნენ ნეტავ ქართველები ვიყოთო
-მცირე დროში ასეთი პოპულარობის შემდეგ, შეიცვალა თუ არა რამე თქვენს ცხოვრებაში?
-დიახ შეიცვალა, ჯერ ერთი, რომ ხალხსი უსაზღვრო სიყვარულს ვგრძნობდით და ეს ძალიან სასიხარულოა, მერე კიდე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დაინტერესდნენ ჩვენით. დაგვპირდნენ, რომ შეგვეძლება საკუთარი სიმღერების ჩაწერა, მოკლედ გვეხმარებიან და ჩვენც ვეცდებით გავამართლოთ იმედები და ეს ამდენი სიყვარული, რაც ბოლო რამდენიმე დღეა ვიგრძენით საზოგადოების მხრიდან.
-სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?
-ჩვენი ერთერთი და შეიძლება ითქვას ერთადერთი ძირითადი მიზანია, რომ ქართველებს შევაყვაროთ ქართული სიმღერა ისე, როგორც უცხოელებს შევაყვარეთ და ამისთვის ძალ-ღონეს არ დავიშურებთ.
P.S მინდა სამივეს სახელით მადლობა ვუთხრა ყველას ვისაც ვუყვარვართ ან არ ვუყვარვართ. ჩვენ ყველას სიმღერით და დიდი სიყვარულით ვუპასუხებთ. ძალიან მიყვარხართ და ყველა თითოეული მსმენელი დიდი სტიმულია ჩვენთვის.
კომენტარი