სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველი ერი სამშობლოსთვის განწირული გმირებს იხსენებს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს

9 აპრილის ტრაგედიიდან დღეს 26 წელი გავიდა, ქართველი ერი სამშობლოსთვის განწირული გმირებს იხსენებს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს.

საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ჟურნალისტებთან კომენტარებიც გააკეთეს.

ირაკლი ღარიბაშვილი: 26 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიიდან. ეს არის ტრაგიკული თარიღი და ამავე დროს ეს დღე არის სიმბოლო დამოუკიდებლობის და ჩვენი სამშობლოს სიყვარულისთვის ბრძოლის. ამ ადამიანებმა გამოიჩინეს გმირობა და ჩვენ მოგვცეს მაგალითი, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ და დავიხარჯოთ ბოლომდე. მე ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. თავისუფლებისთვის ბრძლის იდეამ, ამ ერთიანობამ გამოიღო შედეგი და 1989 წლის 9 აპრილის 2 წლის თავზე, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

გიორგი მარგველაშვილი: 1989 წელს აქ დაღვრილი პატრიოტების უმანკო სისხლი, ორი წლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში გამოიხატა. ბუნებრივია, ჩვენ ყოველ წელს პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს და მათ ხსოვნას, ვინც აქ იცავდა ჩვენს მომავალ სახელმწიფოებრიობას და მადლობას ვუხდით მათ იმ ღვაწლისთვის, რამაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა. საქართველოს პირველმა პრეზიდეტმა მაშინ ეს აქტი სწორედაც ამ ტრაგიკულ მოვლენებს დაუკავშირა, რითაც ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ძალიან რთულ და მნიშვნელოვან გზას

დავით ნარმანია: 26 წელი გავიდა იმ დიდი ტრაგედიიდან, რაც დავკარგეთ ღირსეული მამულიშვილები, ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილები. რაც უფრო მეტი დრო გადის, იმ ადამიანების რიცხვი, ვინც პატივს მიაგებს მათ ხსოვნას, არ მცირდება. ყოველთვის ღირსეულად ვიხსენებთ ამ ადამიანებს. მათი ქვეყნისადმი სიყვარული შემდგომში იქცა მაგალითად და სიმბოლოდ იმისა, თუ როგორ შეიძლება დავიცვათ საკუთარი ქვეყანა ძალადობისგან, აგრესორისგან. თითოეული ჩვენგანის ვალია, რა დროც არ უნდა გავიდეს, გავიხსენოთ ისინი და გადავცეთ მომავალ თაობას, თუ რაოდენ ღირსეული ადამიანები იყვნენ ისინი, ვინც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას თავი შეწირა

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტი-საბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100