სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლევან ჯღარკავა: საზოგადოება არის დეზინფორმაციის ქვეშ თითქოს მერია სახლებს უნგრევს და ქუჩაში ყრის მოქალაქეებს

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი, ლევან ჯღარკავა უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო დღეებია, აქტიურად მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია თბილისის მერიის დისკრედიტაციის მიზნით, რასაც ხელს უწყობს ზოგიერთი მედიასაშუალება.

„საზოგადოება არის დეზინფორმაციის ქვეშ და უწყვეტ ნაკადად მიეწოდება ინფორმაცია, თითქოს მერია სახლებს უნგრევს და ქუჩაში ყრის მოქალაქეებს.

არაერთი განმარტების მიუხედავად, ვრცელდება ცილისმწამებლური ინფორმაციები, მათ შორის, 8 წლის გიგის შესახებ, რომლის ოჯახსაც აფრიკის დასახლებაში, მიტაცებულ მიწაზე აქვს განთავსებული უკანონო ნაგებობა. ვინაიდან ამ ოჯახის ინტერესთა დამცველების მიერ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოჯახის წევრები სარგებლობენ დევნილის სტატუსით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა სააგენტომ მოიკვლია დამატებითი ინფორმაცია, რის შედეგადაც გაირკვა, რომ სულ ახლახან, სახელმწიფომ მათ საკუთრებაში გადასცა სამოთახიანი ბინა ზუგდიდში. ამ ფაქტის შესახებ სრულ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს უფროსი ბესარიონ სიმონიშვილი მოგვაწვდის.კიდევ ერთხელ ვაცხადებთ: თბილისის მერიას არავინ დაუტოვებია ღია ცის ქვეშ, თუმცა, ამავე დროს, არავის მივცემთ უფლებას, მიიტაცოს სახელმწიფო მიწები და უკანონო ნაგებობები განათავსოს მასზე. ძირითად შემთხვევაში, ამ უკანონობის უკან დგანან მოქალაქეები, რომლებსაც ნამდვილად აქვთ თავზე ჭერი დედაქალაქსა თუ რეგიონებში და ისინი არ არიან უსახლკაროები.

თქვენ იცით, რომ წინა კვირას გავაკეთეთ განცხადება სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ აღმოჩენილ უკანონო მშენებლობებზე და მოვუწოდეთ სამართალდამრღვევ პირებს 4 დღის ვადაში განახორციელონ დემონტაჟი. უკვე გამოგვეხმაურა რამდენიმე პირი, რომელთაც გამოთქვეს მზაობა, თავად მოახდინონ დემონტაჟი.
ჩვენი მხრივ, რასაკვირველია, დაწყებულია მოკვლევა კანონდარღვევის ფაქტებზე და გამოვლენილია რამდენიმე ადამიანი, რომლებიც სარგებლობენ დევნილის სტატუსით, შესაბამისად მათ აქვთ სახელმწიფოსგან მიღებული ქონება საკუთრებაში.

მოქალაქე ე.ფ-ს 2012 წლიდან დაკანონებული აქვს საცხოვრებელი ფართი ფონიჭალაში, ასევე ფლობს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს წალენჯიხის რაიონის სოფელ ჩქვალერში. მისი მეუღლე ფლობს 568 კვ. მეტრი მოცულობის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს თბილისში, იგოეთის ქუჩაზე.

მოქალაქე ე.პ-მ საკუთრებაში არსებული ბინა ვარკეთილის მესამე მასივში გადასცა მამას. იგი 2019 წელს, სახელმწიფოსგან, „სოფლად სახლის“ პროგრამით, დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით სამგორში, ვარკეთილის დასახლებაში, შუამთის ქუჩაზე. ასევე მის მეუღლეს რეგისტრირებული აქვს სამგორის რაიონში შუამთის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინა.

მოქალაქე გ.გ. ასევე სარგებლობს დევნილის სტატუსით, მას 2009 წელს სახელმწიფოსგან დაუკანონდა 60 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი ქ.თბილისში, შუამთის ქუჩაზე.

დევნილის სტატუსის მატარებელი პირების გარდა, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ აღმოჩენილ უკანონო მშენებლობებთან კავშირი დაუდასტურდათ სხვა მოქალაქეებს:

მოქალაქე ტ.წ. პირადად არ ფლობს არანაირ საკუთრებას, თუმცა მისი მეუღლის სახელზე დარეგისტირირებულია ბინა ჭიათურაში, აღმაშენებელის ქუჩაზე, 1148კვ.მ მიწის ნაკვეთი ჭიათურის სოფელ მღვიმევში, 852კვ.მ მიწის ნაკვეთი ჭიათურის სოფელ მღვიმევში, 684 კვ.მ მიწის ნაკვეთი ჭიათურის სოფელ მღვიმევში.

მოქალაქე ზ.ტ რეგისტრირებული თბილისში, სოფელ შინდისში, უფიქსირდება გასულ წელს შინდისში 600 კვ. მეტრი მიწის გაყიდვა. ასევე მამას აქვს გაკეთებული მიმართვა საჯარო რეესტრში, წავკისში 3000 კვ მეტრი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით.

რასაკვირველია, ეს მხოლოდ მცირე ინფორმაციაა იმ კანონდამრღვევთა შესახებ, რომლებიც იტაცებენ სახელმწიფო მიწებს და უკანონო მშენებლობებს აწარმოებენ.

თბილისის მუნიციპალური ინსპექცია გაამკაცრებს რეიდებს და ყოველ მსგავს სამართალდარღვევაზე გვექნება მკაცრი რეაგირება“,- ნათქვამია განცხადებაში.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100