სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსული ვებ-კამერები არჩევნებზე: ცეკვა, სუფრა, ძილი და შიშველი უკანალი უბნებზე (ვიდეო)

რუსული ინტერნეტსივრცისა და უცხოელი მედიის განსჯისა და ქილიკის საგნად დამსახურებულად იქცა რუსულ საარჩევნო უბნებზე განთავსებული ვებ-კამერების რჩეული ჩანაწერები, სადაც აღწერილია არამარტო ის, თუ როგორ მიმდინარეობდა ხმის მიცემის პროცესი, არამედ ისიც, თუ როგორ ცხოვრობდნენ ეს უბნები მთელი საარჩევნო დღის განმავლობაში. ვებ-კამერებიდან ჩაწერილი ვიდეომასალები უკვე იქცა ინტერნეტჰიტებად, ხოლო სქრინშოტებმა, ასევე, მთელი რუსული ინტერნეტსივრცე მოიარა.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნებზე ვებ-კამერების დამონტაჟების იდეა რუსეთის პრემიერ-მინისტრს, ვლადიმირ პუტინს ეკუთვნოდა და მან ეს იდეა 2011 წლის დეკემბერში გაახმიანა. სამუშაოების ჩატარების მიზნით ცენტრალური ბიუჯეტიდან 13 მილიარდი რუბლი გამოიყო და საბოლოოდ, კამერები 91 თასზე მეტ საარჩევნო უბანზე დამონტჟდა. სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც შესაძლებელი იყო ტრანსლაციის ნახვა და უბნების არჩევა, 3 თებერვალს ჩაიშვა ინტერნეტში და კვირის 14.00 საათის მონაცემებით, მასზე უკვე 2 მილიონ მომხმარებელზე მეტი იყო დარეგისტრირებული.

„გასული 48 საათის განმავლობაში ამ კამერებმა უჩვენეს რუსული პროვინციის გართობა. ვნახეთ მეეზოვეები, ეზოს ცოცხებით სპორტდარბაზებში, ტახტზე წამოწოლილი კომისიის წევრი და ცეკვებიც სადღაც, ციმბირის სიღრმეში“, - წერს ბრიტანული გარდიანი, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებს „კორონაცია“ უწოდა.

თუ კონკრეტულად, უბნების მიხედვით განვიხილავთ, სიტუაცია ასეთია: რუსი ბლოგერები აღწერენ და აღწერილობას ურთავენ სქრინშოტებსა და ვიდეოებს საარჩევნო უბნებიდან, სადაც კურიოზული ეპიზოდები კამერებზე ფიქსირდებოდა. მაგალითად, ტიუმენის 952-ე უბანში, ჯერ კიდევ ხმის მიცემის პროცესის დაწყებამდე ვებ-გვერდიდან ამ უბანში „მოხვედრილები“ მოწმე გახდნენ, როგორ ენერგიულად ცეკვავდა უამრავი ადამიანი გაშლილი სუფრის წინ. ამის შესახებ კომერსანტმა დაწერა.

კიროვში მდებარე 571-ე საარჩევნო უბანზე კი ონლაინ-რეჟიმში შეგეძლოთ, დისკოთეკისთვის გედევნებინათ თვალი. ამ შემთხვევის გამო ოლქის გუბერნატორს საგანგებო განცხადების გაკეთებაც მოუხდა: მან განაცხადა, რომ კულტურის სახლებში არსებულ საარჩევნო უბნებზე არჩევნების პარალელურად სხვა ღონისძიებებიც მინდინარეობდა, მაგრამ ამას საარჩევნო პროცესის ნორმალური მიმდინარეობისთვის ხელი არ შეუშლია.

კიდევ ერთი ჰიტი გახდა თითქოსდა ერთ-ერთი ამომრჩეველი ქალის შიშველი უკანალი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ლენინგრადის ოლქის ერთ-ერთ უბანზე იყო გადაღებული, მაგრამ მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ეს ფოტოსქრინი ყალბი იყო, სამაგიეროდ, სრულიად რეალური იყო კადრები, რომლებიც კიროვის 441-ე უბანზე ვებ-კამერამ გადაიღო: შეყვარებული წყვილი ვნებიანად კოცნის ერთმანეთს და ყურადღებასაც არ აქცევს სხვა ადამიანებს, რომლებიც იმ დროისთვის საარჩევნო უბანში არიან. სქრინშოტებისა და „გადაკეთებული“ ფოტოების ნაკრები ერთ-ერთმა ბლოგერმა შეკრიბა და გამოაქვეყნა.

კიდევ ერთი, უკვე „სახელოვანი“ ეპიზოდი საარჩევნო უბანში, რბილ ხალიჩაზე ტკბილად, როგორც ქართველები იტყვიან, თავადურად წამოგორებულ პოლიციელს ეხება: ვიდეო 49-ე საარჩევნო უბანშია გადაღებული, რომელიც ჩეჩნეთში, ერთ-ერთ კერძო სახლში იყო განთავსებული. სხვათა შორის, სწორედ ამ უბანში გადაღებული ვიდეო გახდა ლიდერი ინტერნეტში ნახვის მიხედვით - არჩევნების დღეს, შუადღისთვის ამ უბანზე ხმის მიცემის პროცესს 2,5 ათასი ინტერნეტმომხმარებელი ადევნებდა თვალს.

პოპულარობაში სხვებს არ ჩამოუვარდება ვიდეო, სადაც აღწერილია, როგორ ჩამოეძინა პოლიციელს საარჩევნო უბანში საკუთარ ქუდზე. ამას გარდა, ინტერესს იწვევს ე.წ. „ცეკვით მიღებული ხმებიც“ - რამზან კადიროვი ამომრჩევლებთან ერთად ლეკურს ცეკვავდა, ვლადივოსტოკში კი ლეკური არ იცოდნენ, მაგრამ მაინც იცეკვეს. „არჩვენები ცეკვით“ - კიდევ ერთმა რუსმა ბლოგერმა შეკრიბა.

ვიდეო: ჩაძინებული პოლიციელი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100