სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„რომელიმეს გვითქვამს - „მეც მასთან ერთად გამაკარით ჯვარზე, მეც მირტყით, მეც მაწამეთ?..“

„დრონი.ჯი“ აგრძელებს ამონარიდების გამოქვეყნებას სუროჟელი მიტროპოლიტის - ანტონის ზეპირი ქადაგებებიდან. ეს ქადაგებები და ანტონ სუროჟელის სხვა გამოსვლები გადაიცემოდა 70 – 90 - იან წლებში BBC - ის მაუწყებლობით, იბეჭდებოდა ფრანგულ, ინგლისურ, ბერძნულ გამოცემებში და ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა. ბევრმა თეოლოგმა ანტონ სუროჟელს „მარტივი თეოლოგიის ფუძემდებელი“ უწოდა და იგი დღემდე მიჩნეულია თანამედროვეთაგან ერთ-ერთ უდიდეს ჰუმანისტ მართლმადიდებელ მოძღვრად. „დრონი.ჯი“ შეგახსენებთ, რომ სულ ახლახან ანტონ სუროჟელის „შეხვედრა ცოცხალ ღმერთთან“ ქართულ ენაზეც გამოიცა:

"...ქრისტეს ირგვლივ შემოკრებილ მოწაფეებს - რა ესმით მათ? კიდევ ერთხელ წაიკითხეთ საიდუმლო სერობის აღწერა და თქვენ დაინახავთ, რომ ისინი გაოცებულნი არიან, მათ თითქოს მუდმივად ავიწყდებათ, თუ რა ხდებოდა თავდაპირველად, - ყველაფერი ავიწყდებათ! ისიც ავიწყდებათ, რაც ქრისტემ მათ თავის მომავალ ბედზე უთხრა: მათ არაფერი ესმით...

მოწაფეები გარს ეხვევიან ქრისტეს თავისი გაოცებით, შეკითხვებით; ისინი გაუთავებლად კამათობენ, ვინ სად დაჯდეს. მათ ავიწყდებათ, რა უთხრა ქრისტემ იაკობს და იოანეს - მზად ხართ ჩემი სასმისი ბოლომდე შესვათ? მხოლოდ მაშინ იქნებით ჩემთან ერთად...მთელი ნაამბობი ასე ჟღერს, თითქოს მათ ქრისტეს ნათქვამი ასე აღიქვეს: "მე მოვკვდები, თქვენ კი იცოცხლებთ". და საშინელებაა ამ ამბის კითხვა, ის მართლაც ისე ჟღერს, თითქოს ისინი ამბობენ: რას იზამ, რადგან ასეა - მოკვდი, ჩვენ კი ვიცოცხლებთ...

განა ქრისტეს, სახარების ჩვენეული აღქმისთვის ეს ასე უცხოა? განა ღმერთში, ეკლესიაში ჩვენც თავშესაფარს არ ვეძებთ?

შემდეგ - იუდა: იუდა სასიკვდილოდ იმეტებს და გასცემს ქრისტეს. როგორი შეძრწუნებით ვფიქრობთ იუდას ღალატზე. მაგრამ განა ჩვენ არასდროს ვღალატობთ ქრისტეს? მით უმეტეს, ქრისტეს შესახებ ჩვენ ვიცით ის, რაც იუდამ არ იცოდა!

უფრო მოგვიანებით - პეტრე: მან ქრისტე სამჯერ უარყო; მან, ვინც საიდუმლო სერობაზე თქვა, რომ ქრისტეს მაშინაც კი არ უარყოფს, მასთან ერთად სიკვდილზე წასვლაც რომ მოუხდეს, - სამჯერ უარყო.

ჩვენ კი? ხშირად გვყოფნის გამბედაობა იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც დასცინიან სახარებას, ქრისტეს, ღმერთს, ეკლესიას, სიმართლეს, - ხშირად ხდება, რომ ვდგებით და მათ ხმამაღლა ვეუბნებით: თუ თქვენ მისი ჯვარზე გაკვრა გსურთ - მეც მასთან ერთად გამაკარით! თუ თქვენ მისი უარყოფა გსურთ, გინდათ დასცინოთ, სახეში ურტყათ - მეც დამარტყით! მე მისი მოწაფე ვარ! მე მას არ ვუღალატებ!

ადვილი სათქმელია, რომ პეტრემ საშინელი ცოდვა ჩაიდინა, ჩვენ - უფრო დიდი. მოწმობა ღმერთის შესახებ ჩვენი ცხოვრებით უნდა მოგვქონდეს, ჩვენი ცხოვრების ნათებით. რამდენჯერაც უარს ვამბობთ სახარების მიხედვით ცხოვრებაზე, იმდენჯერ - ხილულად, უხილავად - უარვყოფთ ქრისტეს... იუდაც ცოცხლობს ჩვენში და პეტრეც... და კიდევ:

გახსოვთ გეთსამანიის ბაღი? ქრისტე სიკვდილისთვის ემზადებოდა, მან თან წაიყვანა თავისი ყველაზე ახლობელი სამი მოწაფე, რომ ისინი, უბრალოდ, იქ ყოფილიყვნენ, არ დაეტოვებინათ მარტო - მომავალი და გაუსაძლისი, მაგრამ ნებით მიღებული სიკვდილის წინაშე. მათ დაიძინეს. სახარება სევდიანი სიტყვებით გვამცნობს: "ჰპოვა ისინი მძინარენი."

სამჯერ მივიდა მათთან ქრისტე - და მათ ეძინათ. არა იმიტომ, რომ გვიანი იყო, არამედ, ალბათ, იმიტომ, რომ სული დაიღალა იმ საშინელების მოლოდინში, რაც მოდიოდა... რამდენჯერ გვძინებია სულიერი ძილით, მიუხედავად იმისა, რომ მეგობარს, ნაცნობს, ადამიანთა ჯგუფს უჭირდა? რამდენჯერ წავსულვართ დასაძინებლად ან გასართობად? როგორ ვეხმაურებით ქრისტეს ვნებებს, ქრისტეს ჯვარცმას?

ჩვენს ნაცნობ, ახლობელ ადამიანს, ჩვენს გადასარჩენად თავისი ნებით სიკვდილის გზა რომ აერჩია, ჩვენს გამო დაეხვრიტათ, ჩამოეხრჩოთ ან ჯვარზე გაეკრათ - როგორი დამოკიდებულება გვექნებოდა მისდამი? განა არ ვიფიქრებდით, რომ ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ჩვენი ცხოვრებით გავამართლოთ მისი სიკვდილი? ვართ კი ასეთი მადლიერების და ვალდებულების გრძნობით განმსჭვალული ქრისტეს მიმართ?

...ჩვენ ადვილად შევდივართ ტაძარში, ჩვენ ადვილად ვდგებით ლოცვისთვის, ჩვენ ვითხოვთ ღმერთისგან: იმიტომ, რომ მის წინაშე დავდექით, ის უნდა დადგეს ჩვენს წინაშე და გამოგვეხმაუროს! ჩვენ ვჩივით, ჩვენ ლოცვისთვის დავდექით და ჩვენ არ შეგვეხო არც მადლი და არც განათლება - სად იყო ღმერთი? როგორ გაბედა, მე მას ვუხმობდი, ის კი არ გამომხმაურებია? ან: განა ის არ დაგვპირდა შეესრულებინა მორწმუნეთა ლოცვები? - მე მას დავუჯერე, მან კი არ შეასრულა, ეს რა ღმერთია?... განა ჩვენ ასე არ ვლაპარაკობთ? შეიძლება სულ ასე თავხედურად - არა, მაგრამ განა ასეთი არ არის ჩვენი გრძნობები?

და ჩვენ ფარისეველზე უარესი ვართ, იმიტომ, რომ ფარისეველი დაუნდობელი იყო საკუთარი თავის მიმართ; ის იმ სიმართლეს ქმნიდა, რომელიც მან იცოდა და რომელსაც ის ხედავდა. მეზვერე კი არ თვლიდა თავს ღირსად, შესულიყო უფლის სახლში და ელოცა, ამიტომ იდგა გარეთ. ჩვენ? - ჩვენ სიმართლეს არ ვქმნით, ჩვენ შევდივართ ტაძარში: უყურადღებოდ ვიწერთ პირჯვარს, აქეთ-იქით ვიხედებით, ვერც კი ვგრძნობთ, რომ ღმერთის სახლში ვართ, რომ ეს ის ადგილია, სადაც ანგელოზები მოწიწებით წარდგებიან ღმერთის წინაშე, სადაც ისინი ჭვრეტითი დუმილით არიან შეპყრობილნი, სადაც თრთოლვითა და ძრწოლით ჭვრეტენ ღმერთის თანადასწრებას.

ჩვენ ყველაფრის უფლება გვაქვს, რასაც ეკლესია გვთავაზობს, ჩვენ უფლება გვაქვს შეგვენდოს ცოდვები, რომელთაც არ ვასწორებთ, ჩვენ უფლება გვაქვს ვეზიაროთ, მხოლოდ იმიტომ, რომ გამოვთქვით სინანული, სრულყოფილნი არ ვართო... რა სირცხვილია - ფარისეველი ჩვენ მსჯავრს დაგვდებს!

შემდეგ: მრავლისმეტყველი იგავი უძღები შვილის შესახებ, მამის უარყოფის შესახებ. მან მამას უთხრა: ბერიკაცო, შენ ძალიან გაგიტკბა ცხოვრება! მე არ შემიძლია იმ დროს ველოდო, როცა მოკვდები, რომ ვისარგებლო იმ ქონებით, რომელიც შენი შრომით დააგროვე და რომელსაც მემკვიდრეობით მე მივიღებ! შევთანხმდეთ: შენ ჩემთვის აღარ არსებობ, მოკვდი - და მომეცი შენი შრომის ნაყოფი... ადგა და, აიღო, მერე კი წავიდა, ყველაფერი გაფლანგა ისეთივე ადამიანებთან, როგორიც თვითონ იყო, და როცა აღარაფერი დარჩა, მათ უთხრეს: შენ აღარ არსებობ! შენ მოკვდი, შენ აღარ ხარ...- და მიატოვეს. დარჩა მარტოდმარტო მშიერ-მწყურვალი და ყველასგან მიტოვებული; მაშინ გაახსენდა, რომ მამა ჰყავს.

განა ჩვენ იმ ახალგაზრდას არ ვგავართ? განა ჩვენ ასევე არ ვიქცევით? განა ჩვენ ღმერთს მუდმივად არ ვეუბნებით: მომე, მომე! მე შენგან ვითხოვ... და მაშინ ღმერთი გვპასუხობს: მე შენ მოგეცი, მე შენ მოგეცი ჩემი სიცოცხლის და ჯვარცმის, ჯოჯოხეთში ჩასვლის ფასად... ჩვენ ვეუბნებით: კეთილი! მაშ ახლა მე ყველაფრის აღება შემიძლია... ჩვენ ასე თავხედურად არ ვლაპარაკობთ, არა! მაგრამ ჩვენ ასე თავხედურად ვცხოვრობთ, ჩვენ ასე თავხედურად ვფიქრობთ. ჩვენ მოთაფლული სიტყვებით იგივე მწარე ტყუილს ვლაპარაკობთ.

უძღებმა შვილმა მოინანია და დაბრუნდა მამასთან. მან იცოდა, რომ არ იყო ღირსი, კვლავ შვილის სახელი ეტარებინა - იქნებ მამამ ის მიწის მუშად, მონად აიყვანოს... როცა ვინანიებთ, ჩვენ ასე არ მივდივართ; ჩვენ მივდივართ დარწმუნებულნი, რომ გვაპატიებენ, რომ ჩვენ ისევ შვილები ვართ, რომ ჩვენ მხოლოდ სინანული უნდა გამოვთქვათ და ღმერთი გვაპატიებს... სიცრუეა! ტყუილუბრალოდ პატიებას ვერავინ მიიღებს; ღმერთი გვაპატიებს - დიახ, მაგრამ რა ხეირია, თუ ჩვენი ცხოვრება ამით არანაირად არ შეიცვალა? გახსოვთ, რა უთხრა წმინდა სერაფიმე საროველმა ერთ-ერთ თავის მოწაფეს: "თუ შენ ილოცებ, ღმერთი გაპატიებს; მაგრამ გახსოვდეს, რის ფასად მოიპოვა მან უფლება, გაპატიოს! ყოველთვის, როცა შენ სცოდავ და პატიებას ითხოვ, ეს მისი ახალი ჯვარცმაა შენთვის, მხოლოდ შენთვის..."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100