სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საერთაშორისო საზოგადოებისა და მოსახლეობის რეაქცია ყირიმის რეფერენდუმზე

ყირიმში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმის ბიულეტენების 75 პროცენტი დათვლილია. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მოსახლეობის თითქმის 96-მა პროცენტმა მხარი ყირიმის რუსეთთან მიერთებას დაუჭირა.

ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს მთელი ღამის განმავლობაში აღნიშნავდნენ სევასტოპოლსა და სიმფეროპოლში. ქალაქებში ადმინისტრაციულ შენობებთან ათასობით ადამიანი გამოვიდა.

შედეგები მიულოცა სიმფეროპოლში გამართულ აქციაზე შეკრებილებს ყირიმის ე.წ. პრემიერმა. სერგეი აკსიონოვის გამოჩენისას ლენინის მოედანზე მოწყობილ სცენაზე რუსეთის ჰიმნი იმღერეს.

"ყირიმში რეფერენდუმისას არაერთი დარღვევა დაფიქსირდა", - ეს განცხადება უკრაინის საარჩევნო კომიტეტის ყირიმის განყოფილების უფროსმა გააკეთა.

მისი თქმით, ამომრჩეველი სიებში რეფერენდუმის დღესვე, უბნებში შეჰყავდათ. ხმის მიცემა მოსახლეობას რუსული პასპორტითაც შეეძლო, სიებში ე.წ. მკვდარი სულებიც იყო.

საწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებს ყირიმის საარჩევნო კომიტეტი. კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პროცესი დარღვევების გარეშე ჩატარდა და არცერთი საჩივარი ამ დრომდე არ შესულა.

რეფერენდუმს ყირიმში თვალყურს არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ ადევნებდა.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი და თეთრი სახლი ყირიმის რეფერენდუმს არალეგიტიმურად აცხადებს. საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ცნობს ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს, რომელიც რუსული შეიარაღებული ძალების მიერ წარმოებული ზეწოლის ფონზე და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და უკრაინის კანონმდებლობის სრული უგულვებელყოფით შედგა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საერთაშორისო საზოგადოების არაღიარებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის (ყირიმელი თათრების 99%-მა რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადა) პროტესტის მიუხედავად ყირიმის "ხელისუფლებამ" უკვე აპრილიდან რუსულ რუბლზე გადასვლის შესახებ განაცხადა, რუსეთ-უკრაინის საზღვარი კი პრაქტიკულად ჩაკეტილია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100