სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გადასახადები არ დაიწევს, უმუშევრობის კომპენსაცია არ იქნება, გიორგაძის საქმე გადაიხედება...

ოცნების დევალვაციისთვის თვალყურის მისადევნებლად დიდი გარჯა სულაც არაა საჭირო: უნდა გქონდეს ინტერნეტი, კომპიუტერი, სკამი და, როგორც დიდი გურამ დოჩანაშვილი იტყვის – ის, რითაც სკამზე უნდა დაჯდე. დამიჯერეთ, დანარჩენი მარტივად ხდება: როცა თქვენ ვერ მიდიხართ შესაბამის ბმულებთან, დევალვაციისა და ინფლაციის დამადასტურებელი ბმულები თავად მოვლენ თქვენთან. დღე ისე არ გავა, ახალი სიურპრიზები არ შევიტყოთ. ჯერ იყო და, ასლან აბაშიძეს აღმოაჩნდა პრეტენზია და „ქაღთული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა (რაღა კანდიდატმა, მაგრამ მაინც) შალვა შავგულიძემ მგზნებარე სურვილი გამოთქვა, რომ „ჩაგრული“ „ბაბუ“ დაიცვას.

მერე იყო და, ბენზინი გაიაფდა ათი თეთრით, მაგრამ ბენზინგასამართი სადგურიდან წამოსულებმა მარკეტთან გააჩერეს მანქანა და იქ პური დახვდათ 10 თეთრით გაძვირებული – გახარებაც ვერ მოასწრეს წესიერად. მერე კიდევ, ყველას რომ ეგონა, პენსიონერები დაფასდებიან და მეტ სარგებ... უკაცრავად, ფულად ანაზღაურებას მიიღებენო, აღმოჩნდა, რომ ამ ეტაპზე პენსიის გაზრდა უტოპიაა.

ამის შემდეგ უკვე გაწბილების ტალღა იმათ დაატყდა თავს, ვინც ბანკიდან გამოტანილი კრედიტების ჩამოწერის იმედით გახდა მეოცნებე. მათ უთხრეს – კი გვახსოვს, ამ პრობლემის მოგვარებას რომ დაგპირდით, მაგრამ ჯერ ვერაფერს გავაკეთებთ, ცოტა უნდა გვაცალოთო.

შემდეგ გაოცებულებმა წავიკითხეთ მეოცნებე ადვოკატების მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ ქურდული სამყაროს მხოლოდ წევრობა იდეური მიმდევრობაა და იდეის ერთგულება დასჯადი არ უნდა იყოს, რამაც ბევრი აალაპარაკა იმაზე, რომ ე.წ. კანონიერი ქურდობა, რომელიც ახლა 7–დან 10 წლამდე პატიმრობით ისჯება და ქურდული სამყაროს წევრობა, რომლისთვისაც 4–დან 7 წლამდე სასჯელია გათვალისწინებული, გადაიხედება.

შემდეგი ბმული ის იყო, სადაც შავით თეთრზე ეწერა, რომ იგორ გიორგაძის საქმე, შესაძლოა, გადაიხედოს. უკვე ვერც გავოცდით იმის გამო რომ ტერორისტი, უცებ, მხოლოდ იმიტომ ხდება მისაღები, რომ სააკაშვილის ხელისუფლებისთვის იყო მიუღებელი...

შემდეგი შოკი „პოლიტპატიმართა“ სიაა. შესაძლოა, წინა ხელისუფლება ამ მხრივ, მართლაც, სცოდავდა, მაგრამ სიაში იმდენი პოლიტპატიმარია, რომელსაც არანაირი შეხება პოლიტიკასთან არ ჰქონია, რომ ზღვაში ქვიშას უფრო ადვილად დათვლი, ვიდრე მაგ სიაში ასეთ პატიმრებს...

ახალი ხელისუფლების ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის განცხადებამ დღეს ყველაზე პოპულარულ დავასაც დაუსვა წერტილი: არავითარი უმუშევრობის კომპენსაცია არ იქნება. „ეს ტყუილი აჟიოტაჟია“, – განაცხადა გამყრელიძემ, ხოლო ბატონმა ონოფრიშვილმა დააგვირგვინა, როცა განაცხადა: „გადასახადები არ დაიწევს“.

მოკლედ, ახალი მთავრობის სავარაუდო მინისტრები ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, თითქოს მაღალი შენობის აივანზე იყვნენ გადმომდგარნი და მის ქვეშ შეკრებილ მეოცნებე, „ჯოს! ჯოს!“ ძახილისგან გახურებულ მასას თითო ვედრით ზემოდან ასხამდნენ ცივ წყალს... თუ გაირინდებით, შეიძლება შიშინის ხმაც გაიგონოთ...

რაც შეეხება „ციხის სკანდალის“ მთავარ შემოქმედსა და მამოძრავებელ ძალას, ვლადიმერ (ლადო) ბედუკაძეს, როგორც იტყვიან, „რამსები“ მასაც აერია: გადაგდებული ბედუკაძე, რომელიც რიგითი მოქალაქეებისგან შურისძიების საფრთხის გამო ბელგიის ქუჩებშიც ვერ ჩნდება (ამ საფრთხის არსებობას მისივე მეგობარი, ვიქტორ ჭელიძე ადასტურებს), ჯერ იყო და, მერაბ ბლადაძემ („ობიექტივის“ ყოფილი წარმომადგენელი) სცემა, მერე ნუგზარ ფოფხაძესა და ნინო ჯღარკავასაც დაუპირისპირდა: „ობიექტივის“ ვერსიას, კადრები შსს–ს მაღალჩინოსანმა მოგვაწოდაო, აბსურდული უწოდა და პოლიციის მაღალჩინოსნების მიერ მის გადაცილებას საზღვარზე "სისულელე" უწოდა, მერე კი იმაზე ალაპარაკდა, რომ არასდროს უთქვამს, „ცოცხის კადრები“ გაუპატიურება იყოო...

ალბათ, ღირს ამ სკანდალური ციტატის გამოქვეყნება:

ვლადიმირ ბედუკაძე: „მე არასდროს არც ერთ ინტერვიუში არ მითქვამს, რომ იმ სცენაში, სადაც ცოცხი ფიგურირებს, ეს არის გაუპატიურება ცოცხით. ეს იყო დაცინვა პატიმრის, ეს იყო ფსიქიურად დაავადებული პატიმარი და მას დასცინოდნენ. ჩემს ვერცერთ ინტერვიუს ვერ ნახავთ, სადაც მე ვამბობ, რომ ცოცხით იმ ვიდეოში მოხდა გაუპატიურება, ცოცხი ფართოდ გავცელებული საგანი იყო პატიმრების შეურაცხყოფის, აშიშვლებდნენ ნაცემ პატიმრებს, ვინც თანამშრომლობაზე ხელწერილს არ წერდა ადმინისტრაციაში შეჰყავდათ და უნიტაზში ამოვლებული ცოცხით „ქურდად ნათლავდნენ“.

როგორც იტყვიან, ოცნების ინფლაცია, ჯერ კიდევ იმ დროს, როცა რეალურად, ხელისუფლება არც კი გადაუბარებიათ, უკვე სახეზეა. ამას ისიც დაუმატეთ, რომ გია ხუხაშვილის აღიარებით, ბიძინა ივანიშვილს, კადრების სიმწირის გამო, ეკონომიკური პროფილის მინისტრების შერჩევა გაუჭირდა და ფაქტი სახეზეა – რა იყო სინამდვილეში ოცნება, ძნელი გამოსაცნობი არცაა: ყველაფერი, ხელისუფლებაში ასე უმტკივნეულოდ მოსვლის გარდა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100