ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციის ჟურნალისტური დეტალები
ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციაზე საუბარს პოლიტიკისგან თითქოსდა დისტანცირებული თემით დავიწყებ:
მექსიკის 1970 წლის მუნდიალზე, ერთ–ერთი მატჩის დროს, საბჭოთა ნაკრების კარში გავიდა გოლი, რომელიც დიდხანს იყო დავის საგანი: ბურთი ზედა ძელს მოხვდა, კარის ხაზზე დაეშვა და მოედანს დაუბრუნდა. არბიტრმა მიიჩნია, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა და გოლი ჩათვალა. სსრკ–ს ნაკრებმა ის თამაში წააგო, მალე კი ჩემპიონატს ჯგუფური ტურნირიდან გამოეთიშა და იძულებული გახდა, ჩემოდნები ჩაელაგებინა.
ამ სადაო მატჩის დასრულების შემდეგ, ერთ–ერთმა რუსმა, ავტორიტეტულმა სპორტულმა ჟურნალისტმა საკავშირო სპორტულ პრესაში, თუ არ ვცდები, „სოვეტსკი სპორტში“ დაწერა: „ცუდია, რომ ჩვენი ნაკრების კარში ასეთი გოლი გავიდა. ახლა მთელ წარუმატებლობას ამ გოლს დააბრალებენ და განზე დარჩება ის პრობლემები, რომლებიც არსებობს და რომლებმაც, სინამდვილეში, განაპირობა ეს წარუმატებლობა“.
ამ ციტატის პათოსით გადავალ დღევანდელ პრესკონფერენციაზე და ვიტყვი: ცუდია, რომ ქართველი ჟურნალისტები დღეს ასე ყაყანებდნენ, ერთმანეთს არ აცლიდნენ კითხვის დასმას, რიგს არ იცავდნენ და მიკროფონს ეჭიდავებოდნენ: ახლა ეს იქცევა სალაპარაკო თემად და განზე დარჩება ბიძინა ივანიშვილის აშკარად სუსტი პასუხების ანალიზი.
კაცმა რომ თქვას, ეს პროცესი – ჟურნალისტების განქიქების – უკვე დაიწყო. „ფეისბუქზე“, სადაც მუდამ იგრძნობა ქართულ პოლიტიკაში დაწყებული ცვლილებების მაჯისცემა, მრავლად ნახავთ სტატუსად გამოტანილ ფრაზებს, დაახლოებით ასეთს: „რა ეშველება ქართულ ჟურნალისტიკას!“; „ჟურნალისტიკა საქართველოში მკვდარია!“; „დღეს ქართული ჟურნალისტიკის პანაშვიდი ვიხილეთ“.
კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ: ის, რაც ჟურნალისტებს შორის დარბაზში ხდებოდა, არ შეიძლება მოსწონდეს ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს, მაგრამ ასევე ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტთა ქცევა ვერ იქნება პრიორიტეტული (გარდა იმ შემთხვევისა, თუკი ვინმე მხოლოდ ჟურნალისტთა ქცევით არ დაინტერესდება) იმ ფრაზებთან და იმ პოზიციასთან შედარებით, რაც ბევრ საკითხში ბიძინა ივანიშვილისგან მოვისმინეთ.
რა თქმა უნდა, ამ ფრაზებთან და პოზიციასთან მიმართებაშიც განწყობა არაერთგვაროვანია და ანალიზს ყველა იმის მიხედვით აკეთებს, თუ როგორია მისი პოლიტიკური პოზიცია, ნათქვამის გაგების და გასიგრძეგანების უნარი. ზოგისთვის ბიძინა ივანიშვილი დღეიდან საბოლოოდ გაშიფრული და ნიღაბჩამოხსნილი კრემლის „ბოლო იმედია“, ზოგისთვის კი – არგუმენტირებულად მობაასე პოლიტიკოსი.
მაგრამ ამჯერად გვერდი ავუაროთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პოზიციებს და ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, თუ როგორ დაიწყო და აგრძელებს ბიზნესმენი მასმედიასთან და მასმედიელებთან ურთიერთობას.
პირველი და უმთავრესი: ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს არ ენდობა. გასაგებია, რომ თუ ყველა შეხვედრაზე არა, მსგავსი შეხვედრების უმრავლესობაზე (მით უმეტეს, როცა საკითხი მილიარდერს ეხება) ჟურნალისტები დაცვის მხრიდან შემოწმებას ექვემდებარებიან, მაგრამ ის, რაც ხდებოდა დღეს ბიძინა ივანიშვილის სასახლეში, აშკარად მარაზმი გახლდათ: ოთხბარიერიანი ჩხრეკა, სადაც ისინჯებოდა ყველაფერი, თვით ჟურნალისტის უბის წიგნაკიც კი (და ამის კადრები არსებობს), დაცინვას უფრო ჰგავდა, ვიდრე შემოწმებას. ამას ბოლოს ირაკლი ტრიპოლსკიც მიხვდა, როცა პკ–ს დასასრულს, დაცვის მხრიდან შემოწმების დროს განცდილი დისკომფორტის გამო ჟურნალისტებს ბოდიში მოუხადა.
უშუალოდ პკ–ს მსვლელობის დროს აშკარად ჩანდა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის იმ მედიასაშუალების დასახელება იყო მთავარი, რომელსაც ჟურნალისტი წარმოადგენდა. ამაში არაფერი იქნებოდა მიუღებელი, რომ არა ერთი ფაქტორი: ბიზნესმენი ჟურნალისტისადმი, მის მიერ დასმული კითხვისადმი დამოკიდებულებას სწორედ იმის შემდეგ ამჟღავნებდა, რაც ის მედიასაშუალებას დაასახელებდა. „შავ სიაში“ შესულმა „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“, „რუსთავი–2“–მა და „იმედმა“ დასმულ მწვავე კითხვებზე პასუხად მიიღეს, რომ ეს კითხვები იყო წინასწარ მომზადებული, რომ ისინი არ აინტერესებდა საზოგადოებას და რომ უმჯობესი იქნებოდა, არა ვიღაცის მომზადებული, არამედ იმ კითხვებით მოსულიყვნენ, რაც პირადად აინტერესებდათ.
საერთოდ, ბიძინა ივანიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაამკვიდრა უხერხული, მწვავე კითხვების პასუხზე თავის ასარიდებელი ახალი მეთოდი: „ეს კითხვა საზოგადოებას არ აინტერესებს“. საინტერესო იქნებოდა მისი პასუხი კითხვაზე: რამდენად ფართოა მისთვის ეს ცნება და ვის გულისხმობს "საზოგადოებაში"? რამდენადაც ვიცით, საზოგადოებრივი აზრის ფართომასშტაბიანი გამოკითხვა მას ან მის ჯგუფს არ ჩაუტარებია; მას, როგორც პოლიტიკურ ლიდერს, ჯერ არ ჰქონია შეხვედრები ამომრჩევლებთან, არ ჩაუტარებია შეხვედრები საქართველოს რეგიონებში მცხოვრებლებთან. მაშ, ვინ არის ეს "საზოგადოება"? ის ხალხი, ვინც მის გარემოცვაშია? საიდან იცის ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ამდენი ხანია ჩრდილშია, რა აინტერესებს საზოგადოებას და რა არა?
სამწუხაროდ, ეს კითხვა ჟურნალისტებს არ გასჩენიათ. ან, შესაძლოა, გაუჩნდათ კიდეც, მაგრამ ვერ დასვეს. სამაგიეროდ, ერთმა ის იკითხა, მეგობრობას რა როლს ანიჭებთ ურთიერთობაშიო...
ახლა, რაც შეეხება იმას, რა ეშველება ქართულ ჟურნალისტიკას. არავის გამართლებას არ ვცდილობ, მაგრამ ერთის აღნიშვნა არ იქნებოდა ზედმეტი: უკლებლივ ყველა განვითარებული ქვეყნის ჟურნალისტიკამ სწორედ ეს გზა გაიარა: ერთობლივი თავშეყრის დროს ყაყანის, ერთმანეთის არდაცლის, არმოსმენისა და მიკროფონის ხელში ჩასაგდებად ჭიდილის გზა. ასეთ სიტუაციაში, პრესკონფერენციის ორგანიზატორებს მხოლოდ დარბაზის გამოყოფა და იქ შესაბამისი აპარატურის დამონტაჟება კი არა, ისიც ევალებათ, რომ კითხვების დასმის რიგითობა წინასწარ იყოს გათვლილი.
რა თქმა უნდა, ივანიშვილის პრესსამდივნოში ეცოდინებათ, რომ არსებობენ ასეთი პროფესიის ადამიანები – ფასილიტატორები. ფასილიტაცია არის ნებისმიერი აქტივობა, რომელიც გულისხმობს რაიმე პროცესების ხელშეწყობას, ან სხვისი დავალებების გაადვილებას, ხოლო ადამიანს, რომელიც კისრულობს ამ როლს, ეწოდება ფასილიტატორი. ასე რომ, „ცისფერი მთებისა“ არ იყოს, ერთი–ორი ფასილიტატორი ამ ღონისძიებას ნამდვილად სჭირდებოდა...
ახლა გადავხედოთ, უნდა ღიზანდებოდეს თუ არა პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე პერსონა იმაზე, რომ ჟურნალისტი ბრიფინგზე წინასწარ მომზადებული კითხვებით მიდის. წესით – არა, რადგან საყოველთაოდ მიღებულია, რომ თუ ჟურნალისტი ბრიფინგზე წინასწარ მომზადებული შეკითხვით მიდის, ეს მისი პლიუსია და არა მინუსი. უფრო სწორად, პლიუსიც არაა: ეს ისაა, რაც ასეც უნდა იყოს. არსებობს ძირითადი (რომელსაც ჟურნალისტი წინასწარ ამზადებს) და სამუშაო (რომელიც უშუალოდ, ურთიერთობის დროს ჩნდება) შეკითხვები და თუკი პოლიტიკოსს არ მოსწონს რომელიმე შეკითხვის შინაარსი და მას არ პასუხობს იმ მოტივით, რომ ეს არაა ჟურნალისტის შეკითხვა, რომ ეს შეკითხვა მას სხვამ დაუწერა, დაავალა და ასე შემდეგ, ეს, ჯერ ერთი, ჟურნალისტის შეურაცხყოფაა და მეორეც, პოლიტიკოსის სისუსტეზე მიანიშნებს: პოლიტიკოსი არგუმენტირებულად ვერანაირად ვერ დაადასტურებს, რომ ერთი რომელიმე შეკითხვა ჟურნალისტის მიერ მოფიქრებულია და სხვა ნებისმიერი შეკითხვა კი – დავალებული. სამაგიეროდ, არასასურველი შეკითხვის თავიდან არიდების დამატებითი, უკვე ორი ფაქტორი ჩნდება: „ეს საზოგადოებას არ აინტერესებს“ და „ეს შეკითხვა თქვენი მომზადებული არ არის, დაგავალეს“...
საბოლოო ჯამში, ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ჯერჯერობით ვერ ირგებს სერიოზული, ანგარიშგასაწევი პოლიტიკოსის იმიჯს. ამასთან, ქართულ ჟურნალისტიკას, რომელსაც ზოგიერთებმა უკვე გადაუხადეს „პანაშვიდი“ ზრდა–განვითარების პერსპექტივა უფრო აქვს, ვიდრე უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბებულ, საკუთარ პოლიტიკურ ორიენტაციასა და მანერებში კარგად გარკვეულ ბიძინა ივანიშვილს...
კომენტარი