ხუდონის მშენებლობა არანაირ ეკოლოგიურ კატასტროფას არ შეუქმნის სვანეთს!
ხუდონჰესის მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე დებატები კვლავაც დღის წესრიგშია. სოციალურ ქსელებში, ტელევიზიითა თუ ბეჭდვურ მედიაში საკმაოდ ხშირია სხვადასხვა ხასიათის კომენტარების გაკეთება. აღნიშნული კომენტარების ნაწილს კომპეტენტური პირები აკეთებენ, ნაწილი კი სოციალურ ქსელში აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში შემთხვევით მოხვედრილ ადამიანებს ეკუთვნით.
სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ მათი არგუმენტები უმრავლეს შემთხვევაში საკმაოდ არალოგიკურია. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ჯერ კიდევ არ გააჩნია მართებული ინფორმაცია ხუდონჰესის სარგებლიანობის შესახებ, არც იქნება გასაკვირი, როდესაც ‘’სვანეთი დაიტბორება!’’, ‘’სვანეთი წყლის ქვეშ მოექცევა!’’, ‘’ხუდონის მშენებლობა მიწისძვრას გამოიწვევს!’’ და მსგავსი კომენტარები საკმაოდ ბევრია. თუ რამდენად სახიფათოა სეისმოლოგიური თვალსაზრისით ხუდონის მშენებლობა, სეისმური საშიშროებისა და მრავლობითი ბუნებრივი კატასტროფების ცენტრის ხელმძღვანელი, დოქტორი ნინო წერეთელი გვესაუბრება:
- ხუდონჰესის პირველი ანგარიშის წარმოდგენა რომ მოხდა, რომელშიც სეისმური საშიშროება იყო შეფასებული, ის განხილული იყო საკმაოდ ლოიალურად. ჩვენ განსხვავებული მოსაზრებები წავუყენეთ ეკონომიკის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის სამინისტროსა და მშენებელ კომპანიას “ტრანსელექტრიკასაც”. ჩვენ დავასაბუთეთ, რომ სეისმური შეფასება ‘’ჟეებ’’–ში არის საკმაოდ დაბალი. შემდეგ ჩვენ ჩავატარეთ ახალი კვლევები და დავდეთ თანამედროვე სტანდარტების სრულიად ახალი შეფასება. დავდეთ დასკვნა, რომ თუ ჩვენი შეფასებები იქნება გათვალისწინებული, მშენებლობის თვალსაზრისით სეისმური პრობლემა არ არსებობს.
- სეისმურად რამდენად არამდგრად ზონაში მდებარეობს ის ტერიტორია, სადაც ხუდონი უნდა აშენდეს?
- სეისმური თვალსაზრისით ის არის აქტიური, მაგრამ თუ ის სეისმური პოტენციალი, რომელიც ჩვენ შევაფასეთ, იქნება გათვალისწინებული, ამ შემთხვევაში პრობლემა არ იქნება. მაგრამ თუ არ იქნება გათვალისწინებული, მაშინ პრობლემა შესაძლოა გაჩნდეს კიდევაც.
- რამდენბალიანი მიწისძვრა შეიძლება ვივარაუდოთ კაშხლის მშენებლობის ადგილას?
- ჩვენი შენიშვნები ცხრაბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი, მაგრამ ამ შემთხვევაში რამდენბალიანი მიწისძვრაა მოსალოდნელი, ეგ არ არის მნიშვნელოვანი. აქ მნიშვნელოვანია სწორედ ის პარამეტრი, რასაც მეცნიერულ ენაზე ეწოდება ‘’ჟე’’, რაც გულისხმობს ნიადაგის აჩქარებას. ეს კი ყველა პარამეტრით უაღრესად მნიშვნელოვანია და ყველაფერს წყვეტს. ჩვენ მივეცით ორჯერ უფრო მაღალი პარამეტრის რეკომენდაცია, ვიდრე გათვლილი იყო. გათვლილი იყო 0,38, ჩვენ კი მივეცით 0.8 ‘’ჟე’’.
- აღნიშნულ ტერიტორიაზე, ბოლოს რომელ წელს იყო მიწისძვრა?
- გასულ საუკუნეში ხაიშის ახლომახლო ტერიტორიებში იყო მიწისძვრები, თუმცა არა ძლიერი. მაგრამ ჩვენი ქვეყნის ისტორიის განმავლობაში დაფიქსირებულია მიწისძვრები. ეს ყველაფერი კი გათვალისწინებულია იმ დასკვნაში, რომელიც ჩვენ დავდეთ.
- რამდენად პოტენციურია და რამდენად ენერგოდამოუკიდებლობის მომტანი იქნება ქვეყნისათვის ხუდონის მშენებლობა?
- მე სეისმოლოგი ვარ, მაგრამ როგორც მოქალაქე, ვთვლი, რომ თუ სახელმწიფო ენერგორესურსებით არის დამოუკიდებელი, მას დიდი შანსი აქვს რომ პოლიტიკურადაც დამოუკიდებელი იყოს. მაგრამ ფინანსურ თვალსაზრისს რაც შეეხება, ამისათვის ეკონომისტის მოსაზრება უფრო იქნება კომპეტენტური. მე ეკონომიკური გათვლები არ მაქვს, ამიტომ როგორც სეისმოლოგმა უნდა ვთქვა, ის, რაც ნამდვილად ვიცი: თუ ჩვენი შენიშვნები გათვალისწინებული იქნება, სეისმური რისკები საგრძნობლად შემცირდება. სეისმური რისკების საშიშროება დღესდღეობით არ არსებობს. რაც შეეხება პროექტიდან მიღებულ მოგებას ეს რიცხვები უნდა დადონ ეკონომისტებმა, რომლებიც გათვლიან სამშენებლო ღირებულებასა და მიღებულ მოგებას. თუმცა ის რომ ენერგოდამოუკიდებლობა ეს არის გზა ქვეყნის დამოუკიდებლობისკენ ეს ცალსახად მესმის.
- არსებული მონაცემებით საქართველოს გამოყენებული აქვს საკუთარი ჰიდრორესურსების მხოლოდ 11 პროცენტი, მაშინ როდესაც შვეიცარიასა და ავსტრიაში ეს მაჩვენებლი 90 პროცენტს შეადგენს. ასევე ოფიციალური მონაცემებით ევროპის მასშტაბით საქართველო არის მეორე ადგილზე ჰიდრორესურსების სიდიდით. საქართველოში 26 ათასი მდინარეა. ამის გათვალისწინებით, თქვენი აზრით რამდენად მართებულად იქცევა თუნდაც ხელისუფლება, თუნდაც საზოგადოება, რომ არ არის მოთხოვნა იმაზე რომ ეს რესურსები მაქსიმალურად იქნას გამოყენებული. მაშინ როდესაც ჩვენ არ გვაქვს არც გაზი, არც ნავთობი.
- მე როგორც მოქალაქე, ვთვლი, რომ თუ ქვეყანა უნდა გადავიდეს ევროსტანდარტებზე, ენერგორესურსები მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული. იმისათვის რათა ევროსტანდარტებზე გადავიდეთ, უნდა განვითარდეს მთელი რიგი დარგები, რისთვისაც ჩვენ დაგვჭირდება უფრო და უფრო მეტი ელექტროენერგია. ამიტომ აუცილებელია, რომ ჩვენი ენერგორესურსები მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული. ეს აუცილებლად სჭირდება სახელმწიფოს და ეს არის ძალიან ჯანსაღი და ჯანმრთელი იდეა. თუმცა პროექტის განხორციელება უნდა მოხდეს მისი ყოველმხრივი შესწავლითა და პროფესიონალების ჩართულობით.
- საზოგადოებაში საკმაოდ აქტუალურია საკითხი, რომ ჰესის მშენებლობის შემთხვევაში სვანეთი დაიტბორება, შექმნილია რეგიონის განადგურების ფონი. რამდენად სახიფათოა აღნიშნული კაშხლის მშენებლობა?
- თუ მშენებლობა განხორციელდება კვალიფიციურად და გათვალისწინებული იქნება ყველა ის გათვლები, როგორებიცაა სეისმური, ეკოლოგიური თუ გეოლოგიური მიმართულებებით, ხუდონის მშენებლობა არანაირ ეკოლოგიურ კატასტროფას არ შეუქმნის სვანეთს. ერთი სოფელი, სადაც თავად კაშხალი განთავსდება, უდავოდ დაიძირება, მაგრამ აქ საკითხი დგას ერთი სოფლის ინტერესებსა და ქვეყნის ინტერესებს შორის. მე როგორც მოქალაქე, ვთვლი, რომ ქვეყნის ინტერესი ერთი სოფლის ინტერსზე მნიშვნელოვანია.
კომენტარი