ჩინეთში ახალი ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი იზრდება - გარდაიცვალა კიდევ ერთი ადამიანი
ჩინეთში კორონავირუსით უკვე მეოთხე ადამიანი გარდაიცვალა. BBC-ს ინფორმაციით, დაავადების ახალი შტამის ბოლო მსხვერპლი 89 წლის მამაკაცია. ის უჰანში ცხოვრობდა - ქალაქში, სადაც ვირუსი თავდაპირველად გავრცელდა.
ამ დროისთვის დაავადების 200-ზე მეტი შემთხვევაა ცნობილი, ინფიცირებულები არიან პეკინსა და შანხაიშიც.
ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ გუშინ დაადასტურა, რომ გუანგდონგის პროვინციაში ვირუსი ადამიანს მეორე ადამიანისგან გადაედო. მანამდე ვარაუდობდნენ, რომ დაავადება ჰაერწვეთოვანი გზით არ გადაიცემოდა.
ამას გარდა, უჰანის ჯანდაცვის მუნიციპალურმა კომისიამ გაავრცელა განცხადება, რომ ქალაქში სულ მცირე 15 სამედიცინო პერსონალია ვირუსით დაავადებული, ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.
ვირუსით ინფიცირებულები გამოვლინდნენ სხვა ქვეყნებშიც - ორი ტაილანდში, ერთი იაპონიაში, ერთიც - სამხრეთ კორეაში. ყველა მათგანი უჰანიდან ახალი დაბრუნებულია.
კომენტარი