სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აშშ-ის დიდი შერიგება არაბულ სამყაროსთან?!

ბარაკ ობამას რეზონანსულმა გამოსვლამ პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით, პირველი რეაქციების მიხედვით, ორივე მხარის უკმაყოფილება გამოიწვია. ისრაელიც და პალესტინაც, ზესახელმწიფოს მეთაურის გამოსვლამ მეტ-ნაკლებად გაააღიზიანა.

ამ უკმაყოფილებას ისრაელი ჩუმად, დამოუკიდებელი მედიის საშუალებით გამოხატავს, ხოლო პალესტინური ორგანიზაციების მეთაურები, ჩვეულებისამებრ, მკაცრი კრიტიკით გამოდიან. „ჰამასის“ ხელმძღვანელის განცხადებით, მათ ამჯერად ახალი არაფერი მოუსმენიათ. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ისრაელს აშშ-ის წამოყენებული პირობები ხელს არ აძლევს.

როგორც ცნობილი გახდა, ობამას თქმით, ისრაელ-პალესტინის საზღვრების 1967 წლის ფარგლებში დაბრუნება კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების უმთავრესი პრინციპი უნდა გახდეს. მსოფლიოს ზესახელმწიფოს მეთაური იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები ორი სახელმწიფოს პრინციპის რეალიზაციით დასრულდება და მუდმივი პალესტინური საზღვრები ისრაელს, იორდანიასა და ეგვიპტეს შორის დადგინდება.

პალესტინელებს საკუთარი სახელმწიფოს და მთავრობის ყოლის სრული უფლება აქვთ, ასევე იმის, რომ დაიცვან საკუთარი სახელმწიფო და ტერიტორია - განაცხადა ობამამ, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში აშშ-ის ახალი პოლიტიკის შესახებ სიტყვით გამოსვლისას.

ამ წინადადებების გვერდით, ობამას არ დავიწყებია, რომ ტერორიზმის და დივერსიის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებისათვისაც გაესვა ხაზი. ექსპერტების აზრით, აშშ-ის პრეზიდენტის ეს განცხადება არაბული რევოლუციების ტალღასთან პირდაპირ კავშირშია. აშშ-ის პრეზიდენტს მათთვის საკუთარი კეთლგანწყობის დამტკიცება და „დიდი შერიგება“ სურს. თუმცა, ეს რამდენად მოეწონება ისრაელის სახელმწიფოს, ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ არსებობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100