ავსტრიის პოლიციის შეფი ადასტურებს, რომ 2009 წელს ქართულ ოპოზიციას მაფია აფინანსებდა
ავსტრიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებული დანაშაულის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ერნსტ გაიგერი „ტაბულასთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 2009 წლის ქუჩის აქციების დროს ქართულ ოპოზიციას ავსტრიაში მოქმედი ქართველი მაფიოზები აფინანსებდნენ:
„ჩვენ ხელთ ჩაგვივარდა დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება, რომ ქართული მაფია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგი იყო და სურდა, ოპოზიციას დახმარებოდა, ვინაიდან ოპოზიციონერებს შორის მეგობრები ჰყავდა. ისინი ოპოზიციას ფულს უგზავნიდნენ, მათი პოლიტიკური მიზისთვის აძლევდნენ ფულს“, - თქვა გაიგერმა და „ტაბულას“ შეკითხვაზე, როგორ აგზავნიდნენ ფულს თბილისში და ჰყავდათ თუ არა მაფიოზებს რუსი შუამავლები, უპასუხა:
„შუამავლების შესახებ ვერაფერს გეტყვით, მე სახელები არ მაქვს. არც ის ვიცი, იყვნენ თუ არა ჩართული ამ ყველაფერში რუსები, თუმცა, ვიცი, რომ ოპოზიცია რუსეთისადმი მეგობრულად იყო განწყობილი“.
შეგახსენებთ, რომ ქართული მაფიის წინააღმდეგ 2010 წელს ავსტრიის პოლიციამ სპეციალური ოპერაცია „იავა“ ჩაატარა და ოცზე მეტი ადამიანი აიყვანა. ისინი ქართული მაფიოზური კლანის წევრები იყვნენ. როგორც ავსტრიის პოლიციის შეფი აცხადებს, ქართული მაფია ავსტრიაში ჩაკეტილი ეთნიკური ჯგუფი იყო, რომელიც არ თანამშრომლობდა სხვა ეროვნების ჯგუფებთან და ძირითადად, ბინებში უკანონო შესვლითა და მანქანების გატაცებით, ასევე მოპარული ნივთებით ვაჭრობით იყო დაკავებული.
კომენტარი