სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი თავდგირიძე: " ქვეყნის სიძლიერე ხუდონის მსგავს პროექტებზე დგას"

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით თევზაძის განცხადებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ "ხუდონჰესის მშენებლობა შეიძლება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შემდგომი რღვევის მაპროვოცირებელი ფაქტორი აღმოჩნდეს", კომენტარს აკეთებს:

"ქართველებს რეზერვაციაში გვინდა ყოფნა თუ საქართველო უნდა იყოს მუზეუმი ღია ცის ქვეშ? დღეს რომ ენგურჰესი არ გვქონდეს როგორ წარმოგიდგენიათ საქართველო რა დღეში იქნებოდა?
მოკლედ, საქართველოს სჭირდება მნიშვნელოვანი (მეგა) ეკონომიკური პროექტები, მათ შორის ხუდონი, ხოლო ამ პროექტის შედეგად წარმოქმნილი პრობლემები გონივრულად უნდა მოვაგვაროთ. ქვეყნის სიძლიერე ასეთ პროექტებზე დგას." _ აცხადებს გიორგი თავდგირიძე.

"ხუდონჰესის მშენებლობა შეიძლება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შემდგომი რღვევის მაპროვოცირებელი ფაქტორი აღმოჩნდეს", _ განაცხადა დავით თევზაძემ IB ევროკავკასიური უნივერსიტეტისა და პარტია "სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის" ერთობლივ კონფერენციაზე. სტატიას ამ სათაურით ინტერნეტგამოცემა "რეპორტიორი.გე" ავრცელებს.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თავისი მოსაზრება შემდეგნაირად განმარტა:

"მრავალი ფაქტორი ერთად იყრის თავს. ეს არის გარკვეული მოტივაციები და შესაძლებლობები, რომლებიც რუსეთს გააჩნია, გეოპოლიტიკური ვითარება, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით და უსაფრთხოების გარემოს ცვლილება 2008 წლის ომის შემდეგ."- აღნიშნა თევზაძემ.

დავით თევზაძის ამ განცხადებაზე კომენტარს აკეთებს სამხედრო ექსპერტი, მარშალის სკოლის კურსდამთავრებულთა ასოციაციის წარმომადგენელი, ნიკა ჩიტაძე:

"ბატონ დავით თევზაძეს ნამდვილად ვერ დავეთანხმები იმაში, რომ ხუდონის აშენებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა შეიძლება მოჰყვეს. ხუდონჰესის მშენებლობის ძირითადი ასპექტები ის უნდა იყოს, რამდენი ადამიანი დასაქმდება, რამდენო სოფელი დაიტბორება, რა მოგებას მოუტანს საქართველოს ეს პროექტი. თუ ჩატარდება შესაბამისი ახსნა-განმარტებითი სამუშაოები სვანეთის მოსახლეობასთან ამ თემაზე, ეს პირიქით ხელს შეუწყობს საკითხის ისე მოგვარებას, რომ ყველა მხარისთვის მისაღები იყოს. ნამდვილად არა მგონია, რომ ამან ტერიტორიული მთლიანობის რღვევა გამოიწვიოს."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100