სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფული იყოს და ქურდი ბაღდადშიც მივა, ანუ სკანდალი აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში

სტატია, რომელიც გუშინ The Los Angeles Times-მა გამოაქვეყნა, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით გაისმა და მთელ აშშ-ს დიდი სამხედრო-საბიუჯეტო სკანდალით დაემუქრა.

რედაქციის მიერ დამოუკიდებელი წყაროებით მოპოვებული ინფორმაციის შეჯერების, სხვადასხვა კომპეტენტურ პირებთან ფაქტის გადამოწმებისა და ანალიზის საფუძველზე სტატიის ავტორი ასკვნის, რომ აშშ-ს მიერ ერაყის განვითარების ფონდისთვის საერთო ჯამში გამოყოფილი 61 მილიარდი დოლარიდან, არც მეტი, არც ნაკლები - 6,6 მილიარდი დოლარი გამქრალია. „ეს თანხა ერაყში ჩატანის შემდეგ აორთქლდა, თუმცა, ფაქტია, რომ მასზე მხოლოდ ამერიკელებს მიუწვდებოდათ ხელი“, - წერს გამოცემა.

ერაყის კამპანია აშშ-მ 2003 წელს დაიწყო და თითქმის მაშინვე ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ კონგრესისგან მიიღო ნებართვა 61 მილიარდი დოლარის გამოყოფისთვის, რომელიც ერაყის განვითარების ფონდისთვის ეტაპობრივად უნდა გადაეცათ. აუდიტის დასკვნის მიხედვით, ამ თანხიდან 6, 6 მილიარდი დოლარი, უბრალოდ, მოპარულია.

„ეს არის დოტაციის ქურდობის ყველაზე დიდი შემთხვევა აშშ-ის მთელი არსებობის მანძილზე“, - გაოგნებულია ერაყისთვის გამოყოფილი სახსრების კონტროლის გენერალური ინსპექტორი, სტიუარტ ბოუენი.

როგორც ჩანს, ცნობილი ქართული გამოთქმა, თაფლი იყოს და ბუზი ბაღდადიდან მოვაო, ერაყთან მიმართებაში პირიქით ახდა: ფული იყოს და ქურდი ბაღდადშიც მივა. წესით, იმ გაგანია ომის დროს არავის უნდა მოეცალა ქურდობისთვის, მაგრამ როგორც მაშინ არსებული ვითარების შესწავლამ ცხადყო, ფული იმდენად ღიად და მაცდურად მიმოდიოდა აშშ-სა და ერაყს შორის, რომ ეტყობა, ზოგიერთებმა ცდუნებას ვერ გაუძლეს:

როგორც გაირკვა, ერაყისთვის ფინანსური დახმარების გაწევის ფარგლებში ქეშ-გადაზიდვებში ამერიკკული სამხედრო ავიაცია იყო ჩართული. მაგალითად, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის, С-130 Hercules-ის ბორტზე 2, 4 მილიარდი დოლარი იყო განთავსებული.

ეს რეკორდული თანხა, რომელიც ოდესმე გადაზიდულა თვითმფრინავით, საჰაერო სამხედრო ხომალდში ასე გადაანაწილეს: სალონში და სატვირთო განყოფილებაში კონტეინერები მოათავსეს, რომელთაგან თითოეულში ათასი შეკვრა ასდოლარიანი კუპიურა იყო ჩატვირთული. მხოლოდ 2004 წლის მაისში 20 ასეთი რეისი შესრულდა და ფინანსური დახმარების სახით წაღებულმა თანხამ 12 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. როგორც სტატიიდან ჩანს, ეს თანხა არა ამერიკელებს, არამედ ერაყელ ხალხს ეკუთვნოდა და აშშ-მ მისი ქვეყანაში დაბრუნება გადაწყვიტა. რასაკვირველია, ამავე თანხაში შედიოდა კონგრესის თანხმობით გამოყოფილი რესურსიც.

ფული ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ისტ-რუტერფორდში მდებარე ქეშ-თანხის საცავიდან მერილენდში მდებარე ავიაბაზა Andrews-ში გადაიტანეს, საიდანაც იგი საჰაერო ტრანსპორტირების გზით ბაღდადში მოხვდა. ყველაზე საინტერესო ამ ფულის ბაღდადური „თავგადასავალია“: The Los Angeles Times წერს, რომ იქ ფულს სადამ ჰუსეინის ერთ-ერთი სასახლის სარდაფებში, ასევე ამერიკულ ბაზებზე ინახავდნენ, საიდანაც ერაყის შესაბამის სამინსტროებსა და ორგანიზაციებში ანაწილებდნენ.

გამოცემა იმასაც მიანიშნებს, რომ იმ დროს სრულყოფილი საფინანსო აღრიცხვიანობის ჩასატარებლად ამერიკელებს არც დრო ჰქონდათ და არც სპეციალისტები ჰყავდათ. მილიონობით დოლარი, უბრალოდ, ზურგჩანთებითა და „პიკაპების“ მეშვეობით მიჰქონდათ ერაყელ ადრესატებამდე...

პენტაგონის თანამშრომლებმა ბოლო თვეების განმავლობაში ეს თემა რამდენჯერმე წამოსწიეს წინ და თამამად განაცხადეს, რომ შეუძლიათ ამ თანხის ბრუნვის შესწავლა, თუკი მათ სათანადო დრო და საარქივო მასალების გაცნობის შესაძლებლობა მიეცემათ, მაგრამ მათი მცდელობა, მოეძებნათ და შესწავლათ დოკუმენტაცია, ასევე - ეპოვათ გამქრალი თანხა, მცდელობად დარჩა - ჯერჯერობით ამ მხრივ მოკვლევის წარმოების უფლებას ოფიციალურად არ აძლევენ, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ შესაძლოა, ექვსი მილიარდის ქურდობაში არამხოლოდ ბუში-უმცროსის ადმინისტრაციის დროინდელი, არამედ მოქმედი სამხედრო ხელმძღვანელობაც იყოს ჩარეული.

ერაყის განვითარების ფონდი, რომელსაც პენტაგონი აფინანსებდა, მუშაობას უკვე მიმდინარე თვეს დაასრულებს. სწორედ ამიტომ, ძალიან მალე დადგება დრო, როცა ფონდის საქმიანობის დეტალური ანგარიშის წარდგენა გახდება საჭირო.

ოფიციალური ბაღდადი აშშ-ს ახსენებს, რომ 2004 წელს ხელმოწერილი შეთანხმება ამერიკას ავალდებულებს, დაიცვას ფინანსური ტრანზაქციების უსაფრთხოება. სწორედ აქედან გამომდინარე, ვაშინგტონი აგებს პასუხს უგზო-უკვლოდ გამქრალ მილიარდებზე.

ერაყის მთავარი აუდიტორი, აბდულ-ბასიდ თურქინ საიდი იმასაც კი აცხადებს, რომ ერაყი ოფიციალურად მიმართავს სასამართლოს ამ თანხის დაბრუნების მოთხოვნით, თუკი ყველანაირი საფუძველი ექნება თამამად განაცხადოს, რომ თანხა მოპარულია. არადა, ყველაფერი იქეთკენ მიდის, რომ ამის დადასტურებას და აშშ-ის საერთაშორისო იმიჯის შელახვას წინ აღარაფერი უდგას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100