პოლიტიკური მოტივი გიორგი რურუას საქამეში - “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიში
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით ვრცელ მიმართვას ავრცელებს, რომელსაც ნიუპოსტი უცვლელად გთავაზობთ:
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ შეშფოთებას გამოხატავს გიორგი რურუას საქმის მოსამართლის, ვალერიან ბუგიანიშვილის მიერ ჩვენი ორგანიზაციის დისკრედიტაციის მცდელობის გამო. მოსამართლემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტული მოსაზრების (სასამართლოს მეგობრის მოსაზრების) განხილვაზე უარი მისი მიკერძოებულობის მოტივით თქვა. მოსამართლე თავისი ქმედებით აგრძლებს უკიდურესად სახიფათო ტენდენციას, როდესაც სასამართლო სისტემა იმეორებს მმართველი პარტიის გზავნილებს და უფლებადამცველი ორგანიზაციის ავტორიტეტის შელახვას ცდილობს.
სამწუხაროდ, სასამართლო აღნიშნულ გზავნილებს უკვე საკუთარ გადაწყვეტილებებში მიუთითებს. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ გიორგი რურუას საქმის მოსამართლე, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივებით ხელმძღვანელობდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ”, სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, რომელიც სისხლის სამართლის საქმის მასალების ანალიზს ეყრდნობოდა, 2020 წლის 24 იანვარს წარადგინა. ორგანიზაციის წარმომადგენელმა ღია სასამართლო სხდომაზე ზეპირად წარადგინა მოსაზრება, უპასუხა მხარეთა შეკითხვებს და დამატებითი ახსნა-განმარტებებიც გააკეთა. ორგანიზაციამ მოსაზრებების შემუშავების ეტაპზე იხელმძღვანელა როგორც ადგილობრივი კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო ნორმებითა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრეცედენტული საქმეებით.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ წარდგენილი მოსაზრება იყო მიკერძოებული, დაცვის მხარის მხარდამჭერი და კანონის მოთხოვნათა დარღვევით შედგენილი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს შეფასება არ შეესაბამება სინამდვილეს. მოსამართლე გადაწყვეტილებაში არ წარმოადგენს არავითარ დასაბუთებას ან მსჯელობას და მხოლოდ მადისკრეტირებელი და ზოგადი შეფასებებით შემოიფარგლება. მოსამართლეს სრულად იგნორირებული აქვს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განვითარებული მსჯელობა და შეფასებები.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია იყენებენ სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტს და სასამართლოს საქმეებთან დაკავშირებულ მოსაზრებებს წარუდგენენ. აღნიშნულის მიზანი სასამართლოსათვის სამართლებრივი საკითხების შეფასებასა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებაა. ეს პრაქტიკა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაშია გავრცელებული.
შემაშფოთებელია, მოსამართლის ზედაპირული დამოკიდებულება სასამართლოს მეგობრის ამ მნიშვნელოვანი ინსტიტუტის მიმართ. სათანადო დასაბუთების გარეშე, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში გამოთქმული არგუმენტაციის შეფასებაზე უარის თქმა წარმოადგენს სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის უპატივცემულობას, კანონის მოთხოვნათა თვითნებურ ინტერპრეტაციას, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმას და უკიდურესად დამაზიანებელ ქმედებას, პირველ რიგში, სასამართლოს სისტემის მიმართ. ცხადია, ამას არაფერი აქვს საერთო სამართლის სფეროში აღიარებულ სტანდარტებთან. სამწუხაროა, რომ მოსამართლემ პოლიტიკური პოზიცია გამოხატა და ამით კიდევ ერთხელ ჩრდილი მიაყენა სასამართლოს.
კომენტარი