სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყველამ საკუთარ დუმას მოუაროს ანუ რა აწუხებს რუსეთის სახელმწიფო დუმას

ჯერ რუსეთის პრემიერისა და, სავარაუდოდ, მომავალი პრეზიდენტის, შემდეგ კი რუსეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ ატეხილი კაკაფონია ევროკავშირის საპირწონე „ევრაზიული კავშირის“ შექმნის თაობაზე ისევ გრძელდება და, ძალაუნებურად გაგახსენდება კაცს საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ერთ-ერთ ყრილობაზე ერთი პოეტის მიერ წარმოთქმული ფრაზა: „არ ვიცი, რას მოიმოქმედებს რუსეთის სახელმწიფო დუმა, მაგრამ ყველამ საკუთარ დუმას მოუაროს..“

ახალ „კავშირთან“ დაკავშირებული ბოლო სიახლის მიხედვით, მისი შექმნის იდეა და პერსპექტივა რუსეთის სახელმწიფო დუმაში გამართული „მრგვალი მაგიდის“ დროს განიხილეს.

„სახელმწიფო დუმის კედლებში დიმიტრი მედვედევის მომხრეებისა და დეპუტატ-ედინოროსების მონაწილეობით მრგვალი მაგიდა ჩატარდა, სადაც ევრაზიის კავშირის შექმნასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს.

„ენტევეს“ კორესპონდენტი, ალექსანდრე კონდულუკოვი იტყობინება: ყველა გამომსვლელი ხაზს უსვამდა, რომ მსგავსი კავშირის შექმნა შეუძლებელია ქვეყნებისა და ხალხის მიზიდულობის ცენტრად რუსეთის გადაქცევის გარეშე.“

ყველაფერი უკვე გასაგებია და აქ წერტილის დასმაც შეგვეძლო, მაგრამ მაინც ბოლომდე ჩავყვეთ ამ, თითქოსდა უწყინარ ნიუსს:

„ბორის გრიზლოვი: სახდუმისა და „ედინოროსის“ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე:

„ვფიქრობ, ევრაზიის კავშირის შესაქმნელად უკვე შესაძლებელი და მიზანშეწონილია, განსახილველად გამოვიტანოთ და შემდგომი კორექტივები შევიტანოთ ზენაციონალური ორგანოების შექმნის იდეაში. მე სწორედ ამ სიტყვას - ზენაციონალური - ვიყენებ, რადგან ევრაზიის კავშირი სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირი უნდა იყოს. არავის მოსდის აზრად თვისობრივად ახალი, ერთიანი ქვეყნის შექმნა“.

ახლა კი ყველაზე მთავარს დავაკვირდეთ:

„ხაზი გაესვა, რომ საჭიროა ერთიანი ინფორმაციული სიტემის შემუშავება და ამოქმედება, კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირების გაღრმავება, სამოქალაქო საზოგადოების დონეზე შემდგომი დაახლოება. ამასთან, იმ პროცესის გავლა, რაშიც ევროპას ნახევარი საუკუნე დასჭირდა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს 10-15 წელიწადში მოუწევთ“.

როგორც იტყვიან, განვრცობა და კომენტარი საჭირო აღარაა, გამგები ისედაც გაიგებს, რომელი ქვეყნები მოიაზრება ახალ, მოდერნიზებულ სსრ კავშირში, ანუ „ევრაზიის კავშირში“. არც იმის შეხსენებაა საჭირო, რომ თავის დროზე იურიდიულად სსრკ-ც სწორედ დამოუკიდებელი ქვეყნების კავშირი იყო, რომლის წევრებსაც ნებისმიერ დროს შეეძლოთ სსრკ-დან გამოყოფა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100