სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სისხლმდინარი ღვთისმშობლის ხატი და ცარიელი ჭურჭლიდან მდინარი წყალი ბაისუბანში

რამდენიმე დღის წინ, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბაისუბნის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში ადგილობრივები სასწაულის მომსწრენი გახდნენ.

ეკლესიაში, რომელიც მოქმედი ტაძარი 22 მაისიდან გახდება, ღვთისმშობლის ხატს თვალებიდან სისხლი სდის.

ხილული სასწაული 9 აპრილს მოხდა. იმის გამო, რომ ტაძარი ჯერ არ არის ნაკურთხი და იქ წირვა-ლოცვა არ ტარდება, ეკლესიას ფაქტობრივად, მრევლი არ ჰყავს. თუმცა 9 აპრილის შემდეგ, ტაძარში უამრავი ადამიანი ყოველდღიურად მიდის სასწაულის სანახავად.

„პრესა.ჯი“ სწორედ ამ სასწაულის მომსწრე გახდა. 9 აპრილს საღამოს, რამდენიმე ადამიანმა შენიშნა, რომ ღვთისმშობლის ხატს თვალებიდან სისხლი სდიოდა.

თავდაპირველად ეს ფაქტი არავინ დაიჯერა და სოფლის მაცხოვრებლებმაც ტაძარი ისე დატოვეს, რომ ამის შესახებ არავისთვის არაფერი უთქვამთ.

მეორე დღეს სასწაული უფრო მეტმა ადამიანმა ნახა. ღვთისმშობლის ხატს სისხლი კვლავ სდიოდა და მოქალაქეები ამჩნევდნენ, როგორ იფარებოდა ხატი სისხლით.

პრესა.ჯი“- ტაძარში მომხდარი სასწაული სოფლის გამგებელმა, ვახტანგ დევიძემაც დაუდასტურა. მისი თქმით, ტაძრის მშენებლობა ჯერ არ არის დასრულებული, დასასრულებელია ეკლესიის მოხატვაც.

ღვთისმშობლის ხატს სისხლი დაახლოებით 5 დღის განმავლობაში სდიოდა. აღდგომის შემდეგ კი ღვთისმშობლის ხატს სისხლი აღარ წამოსვლია, თუმცა ხატი ახლაც სისხლითაა დაფარული და ამის ნახვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

9 აპრილს მომხდარი სასწაულის შემდეგ, კიდევ ერთი სასწაული მოხდა - 11 აპრილს. ამ დღეს ტაძრის მშენებელმა სთხოვა სასულიერო პირებს მისულიყვნენ და ენახათ იქ მომხდარი სასწაული, თუმცა მღვდლებმა განაცხადეს, რომ 11 აპრილს მშენებარე ტაძარში მისვლას ვერ შეძლებდნენ (რადგან რაიონის ტაძარში წირვა აღესრულებოდა) და ტაძარში მეორე დღეს მივიდოდნენ.

ამის შემდეგ, ხატის წინ დადგმული თიხის ცარიელი ჭურჭელი შუაზე გასკდა და იქიდან წყალმა დაიწყო ამოსვლა. ეს სასწაული რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ნახა.

პრესა.ჯი კიდევ ერთხელ მოინახულებს სოფელ ბაისუბნის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარს და ვრცელ ფოტორეპორტაჟს დღის ბოლოს შემოგთავაზებთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100