სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა. საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით 20:00 საათზე დაიხურა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს ამომრჩეველმა 12 მერის, 59 გამგებელისა და 71 საკრებულოს 2088 წევრის არჩევას მისცა ხმა. ხმის მიცემა ყველა საარჩევნო უბანზე 08:00 საათზე დაიწყო.

2014 წლის 15 ივნისის არჩევნები ყველა სხვა ადგილობრივი არჩევნებისგან განსხვავებული და გამორჩეული იყო იმით, რომ წინა არჩევნებთან შედარებით ასარჩევად გაცილებით მეტი მანდატი "თამაშდებოდა".

"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" რეფორმირების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მერები პირდაპირი წესით აირჩიეს 12 თვითმმართველ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, თელავში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ამბროლაურში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმში. ასევე პირდაპირი წესით, თვითმმართველი თემის 59 გამგებლის არჩევა მოხდა.

მერისა და გამგებლის პოსტს ის კანდიდატი დაიკავებს, რომელიც არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს.

რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს, თვითმმართველი თემის საკრებულო შედგება პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 15 წევრისგან, ასევე შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ყველა თემიდან და ქალაქიდან (რომლებიც ამ თვითმმართველი თემის შემადგენლობაში შედის) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული თითო წევრისგან.

თვითმმართველი ქალაქის საკრებულო (გარდა თბილისისა) შედგება: პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 15 წევრისა და მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისგან, თუ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 75 000-ს, ხოლო თუ ამომრჩეველთა რაოდენობა 75 000-ზე ნაკლებია, პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისა და მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე არჩეული 5 წევრისგან.

წევრების რაოდენობით ყველაზე დიდია თბილისის საკრებულო, რომელიც 50 დეპუტატისგან შედგება. ამათგან 25 წევრი აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე, ხოლო 25 წევრი – პროპორციული წესით თბილისის მთელ ტერიტორიაზე.

მერები, გამგებლები და საკრებულოს წარმომადგენლები ოთხი წლის ვადით აირჩევიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100